მწამს, თუკი მოინდომებ ყველაფერს შეძლებ!

2

ახლა 02:49 წუთია, მე ბილი ჯოელის New York state of mind-ს ვუსმენ და ადამიანის განუსაზღვრელ შესაძლებლობებზე მეფიქრება… მე-13 სართულზე ვცხოვრობ და მართალია ჩემი ფანჯარა მანჰეტენზე არ გადის, მაგრამ ვაჟა-ფშაველას გაშლილი ქუჩაც სასიამოვნოდ საყურებელია. მიყვარს გვიან ღამით სარკმელთან ჯდომა და გამვლელის მოლოდინში მარტოდ მოციმციმე შუქნიშნების ცქერა.მწვანეს ყვითელი ცვლის,ყვითელს წითელი და ასე დაუსრულებლად.. ქუჩა ცარიელია, სიმყუდროვეს მხოლოდ ფოთლების შრიალი ან ტოტების ტკაცუნი თუ დაარღვევს,ეს ხომ იდეალური სიჩუმეა.სიჩუმე,რომელიც არ გზარავს სიჩუმე, რომელიც არ ყვირის. ასეთ მომენტებში უამრავი ფიქრი მიფორიაქებს გულსა და გონებას. ოდესმე მაინც დაფიქრებულხართ თუ რამდენი რამის გაკეთება შეგიძლიათ ამქვეყნად? ბავშვობაში ყოველთვის მინდოდა, რომ ფრთები მქონოდა, შემდეგ გეგმებს ვაწყობდი თუ როგორ წავიდოდი დიდი, ყვითელი საჰაერო ბუშტით სამოგზაუროდ მსოფლიოს გარშემო.

ახლა 19 წლის ვარ,ოცნება ფრთებზე ზმანებასავით თუ გამიელვებს ხოლმე იშვიათად, მაგრამ მოგზაურობის დაუოკებელი სურვილი არ განელებულა. ალბათ რა დიდი სიამოვნებაა საათობით იდგე და სიქსტეს კაპელას უცქერდე, გრძნობდე გენიას და სიტყვები არ გყოფნიდეს მის გამოსახატავად. წარმომიდგენია რა შეგრძნებაა, როდესაც მონმარტზე ჩაივლი, სწორედ იმ მონმარტზე, რომელიც 1876 წელს ჩემმა საყვარელმა მხატვარმა, რენუარმა დახატა. გაბრწინებული თვალებით შემოვივლიდი მთელ La Boqueria-ს ბარსელონაში, რათა ჩემი საყვარელი ტროპიკული ხილი მეყიდა ან უბრალოდ მოფუსფუსე ესპანელების ყურებით დავტკბებოდი. ეს მცირედი ჩამონათვალია ყველა იმ ადგილისა, რომელსაც აუცილებლად მოვინახულებ. ყველაზე მეტად ამქვეყნად სურვილის ძალის მწამს. მჯერა, რომ თუკი მოინდომებ, ყველაფერს შეძლებ. მწამს, რომ რაც გულით გინდა მთელი სამყარო მისი ასრულებისკენაა მომართული.

მწამს ენერგიის, გადამდები ღიმილის, პოზიტივის. მწამს, რომ ყველა დაღმართს აღმართი მოსდევს და მგონია, რომ ხანდახან არაუშავს თუკი თავს ცუდად გრძნობ. საბოლოო ჯამში ჩვენი ცხოვრებაც შუქნიშანს ჰგავს. ცხოვრებისეული გზა კი გზაჯვარედინებითაა სავსე. ბევრჯერ შეფერხდები, ბევრჯერ წაიქცევი და შეიძლება ადგომაც გაგიძნელდეს, მაგრამ აუცილებლად წამოდგები, რადგან არსებობს ის გარდამავალი ყვითელი იმედის სხივი, რომელიც გეხმარება აღიდგინო ძალები და კვლავ შეძლო გზის გაგრძელება. მე აუცილებლად წავალ სამოგზაუროდ და აუცილებლად მოვუყვები კატალონიელ მუჩაჩოს, თუ როგორ წერდა 19 წლის ანა თავის მიზნებსა და ოცნებებზე, რომელიც აიხდინა.

ანა ქასრაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი