მშვენიერია ცხოვრება?!

0
…ორი გოგონა იყო, ორივე მაღალი, გამხდარი. მახსოვს ვიფიქრე ნამდვილად მოდელები იქნებიან მეთქი. გემოვნებით ეცვათ. ერთ-ერთს ხელზე საათი ეკეთა, 1000 დოლარი ჰქონდა ალბათ გადახდილი, მეორეს შანელ-ის ჩანთა ეჭირა, ფეხსაცმელებიც ბრწყინვალე ეცვათ და ზოგადად ისე გამოიყურებოდნენ, ისე რა, რომ იტყვიან უტვინო ლამაზმანებიო. აქაც იმ დახლთან იდგნენ, სადაც მხოლოდ ერთეულები მიდიან და ყიდულობენ რაიმეს (დამავიწყდა მეთქვა რომ მაღაზია გათვლილია როგორც საშუალო და დაბალი ფენებისთვის, ასევე მდიდრებისთვის და ძალიან მდიდრებისთვის). როგორც გავიგე ერთს ნინი ერქვა, მეორეს კი ანი.
ნინი: – აუ ეს მიხდება?
ანი: რავი, ისე რა. მოიცა ვნახო, მგონი მე უფრო მომიხდება, არა?
ნინი:- კაი რა, მე ავიღე და ეხა ჩემნაირი არ იყიდო, რა პონტია?!
აი, ასეთი დიალოგი გაიმართა ამ ორ დაქალს შორის. როგორც კი ერთი რაიმეს აიღებდა, მეორე აუცილებლად შეედავებოდა და ეტყოდა არ გიხდებაო, უკეთესი რომ არ ცმოდა მასზე. ო, ღმერთო ჩემო, ჩავილაპარაკე ჩემთვის…
სწორედ ამ დროს გაიღო კარი და დავინახე ქალი ამოდიოდა, მაგრამ რატომღაც უჭირდა ამოსვლა და უკან ვიღაცას თუ რაღაცას ეჯაჯგურებოდა. მივედი და დავინახე ბავშვი იჯდა სავარძელში. არ უთქვამს დამეხმარეო და რატომღაც მეც არ შევთავაზე. ქალმა დიდი წვალებით ამოატარა ბორბლები კიბეებზე, მეორე შვილი კარებს იჭერდა უფრო ადვილად რომ ამოსულიყო.
შემოვიდნენ და რაღაც უცებ დამძიმდა ჰაერი.
როგორც გაირკვა ტყუპები იყვნენ, მაგრამ ერთი ჯანმრთელი იყო მეორეს კი დამბლა ჰქონდა (თუ რაღაც მაგდაგვარი), ამიტომ სავარძელს იყო მიჯაჭვული, ნამდვილად მიჯაჭვული იყო, თანაც თოკებით. ეტყობა რომ არ ჩამოსრიალებულიყო თოკები მოეშველებინა დედას.
შემოვიდნენ და ქალმა გვთხოვა მაისური აგვერჩია ჯანმრთელი ბიჭისთვის , თურმე თამაშობდა და გახევია, სულ დაგლეჯილი იყო, თუმცა სავარძელში მყოფი ბავშვის მაისურს რომ შევხედე ის უფრო დაგლეჯილი და გაუბედურებული მომეჩვენა. Dდაბალ ფასიანებს უყურებდნენ. დედა აზომებდა ბიჭს, ურჩევდა ფერს, მაგრამ ამ დროს რაღაც საშინლად აკივლდა სავარძელზე მიჯაჭვული, ტიროდა, ბღაოდა, პირიდან ნერწყვი სდიოდა. ქალი კი არ აქცევდა ყურადღებას. ბოლოს ტყუპისცალს ვთხოვე –ძალიან გთხოვ რაღაცით პირი მაინც მოწმინდე-მეთქი. მან მიპასუხა თავი დამანებეო და ძმას დაუღრიალა:
–მოკეტე ვირო!
ხანდახან მთელი ტექსტის თქმა ჯობია ორი სიტყვის თქმას. ეს იყო საშინელი ორი სიტყვა… ღვარძლით და სიბოროტით სავსე, უფრო მტკივნეული ვიდრე ათასი ჯოხი წელზე გადატეხილი.
სავარძელზე მიჯაჭვული არ გაჩერებულა, ვერ ლაპარაკობდა და ამიტომ აზრის გამოთქმაც არ შეეძლო, მხოლოდ ტიროდა. ბოლოს იმდენი იწრიალა სავარძლიდანაც დაცურდა, მაშინ კი შეხედა დედამ, მივიდა, სავარძელს ზურგზე მოკიდა ხელები, უკან გადასწია და ასე ჩააცურა ბავშვი. ის კი ისევ ტიროდა და ბოლოს, რომ არ გაჩერდა ტყუპისცალი მიუბრუნდა დედამისს და ეუბნება :
-ერთი დე, ამას ჩასცხე თორემ ისე არ მშვიდდება!
დედამისი კი პასუხობს:
-როგორ, მე ბავშვს ხელი დავარტყა?!
არ ვიცი ჰაერი ასე როგორ შემცირდა, მაგრამ უკვე სუნთქვაც კი ჭირდა. იყიდეს მაისური და გავიდნენ. კარს ისევ ძმა იჭერდა, სავარძელი ისევ ძლივს ჩაიტანეს. წავიდნენ, მე კი არ ვიცი რატომ, მაგრამ გავედი და თვალი გავაყოლე. ქუჩის კუთხეში იყვნენ მისულები, როცა დედამ სავარძელი გააჩერა, ავადმყოფს შემოუტრიალდა და მთელი ძალით გაარტყა სახეში. შემდეგ კი ისე გააგრძელა გზა, თითქოს ეს ჩვეულებრივი რამ ყოფილიყოს, არაფერი მნიშვნელოვანი…
მე ცუდად გავხდი… შევბრუნდი მაღაზაში.
გოგოები ისევ იმ დახლთან იდგნენ, ალბათ ისევ იმაზე კამათობდნენ.
მე კი ჩემთვის დავჯექი და ვფიქრობდი: როგორია უმაძრაოდ ცხოვრება? რა ახარებს ნეტავი იმ ბავშს, ან რა სტკივა? ჰყავს კი მეგობრები, ან საერთოდ იცის რა არის სიყვარული?
ამ ყველაფრის შემდეგ მებადება კითხვა:
– მშვენიერია ცხოვრება?
– არ ვიცი, არ ვიცი… ეტყობა ცხოვრებასაც გააჩნია..

გამომგზავნი/ავტორი: თამუნა დანელია

შეთავაზებები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply