მფრინავი ზედა კიდურების გარეშე – ერთი ქალის რეალური ისტორია

1

არიზონაში, 1983 წელს დაბადებულმა ჯესიკამ ისწავლა, როგორ ეცხოვრა მხოლოდ ფეხებით. შეკითხვაზე, თუ რატომ დაიბადა იგი ხელების გარეშე, ექიმებს პასუხი არ ჰქონდათ.

არავინ იცოდა, შეძლებდა თუ არა ჯესიკა ,,ნორმალურად’’ ცხოვრებას. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, მამამისს არასდროს დაუღვრია ცრემლი შვილის მდგომარეობაზე და გოგონას შესაძლებლობებში ღრმად იყო დარწმუნებული. მშობლებისა და ოჯახის წევრების თანადგომით, ჯესიკა თავდაჯერებული გახდა.

ბავშვობაში, გოგონა ცეკვის გაკვეთილებზე დადიოდა. როდესაც პირველი წარმოდგენა გაიმართა, მან უკანა რიგებში დადგომა ითხოვა, თუმცა მასწავლებელმა უთხრა, რომ იქ უკანა რიგი არ იყო. მაშინ, ჯესიკა სხვა ბავშვებს შეერია და ცეკვა შეასრულა. გამოსვლის დასასრულს, აპლოდისმენტებმა მას მხნეობა და თავდაჯერებულობა შემატა და ცეკვა 14 წლის განმავლობაში განაგრძო.

შემდგომ, ჯესიკას მშობლები ტაეკვანდოს ინსტრუქტორს, ჯიმ კუნინგემს შეხვდნენ. როდესაც ბავშვის მდგომარებაზე უთხრეს, ჯიმი დაპირდა, რომ იმაზე მეტს გააკეთებდა, რაც ფიზიკურად იყო შესაძლებელი. 14 წლის ასაკში, ჯესიკამ პირველი შავი ქამარი ტაეკვანდოს საერთაშორისო ფედერაციისგან მიიღო.

საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, ჯესიკამ არიზონას უნივერსიტეტში განაგრძო სწავლა, სადაც მიიღო ბაკალავრის ხარისხი ფსიქოლოგიაში. ის ხშირად განმარტავს, რომ ფსიქოლოგიას უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე, იმაზე მეტიც კი, ვიდრე ფიზიკურ შეზღუდვებს.

ჯესიკას ყველაზე ცნობილი წარმატება ფრენის შესწავლა იყო. იგი შევიდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც პირველი ადამიანი, რომელიც თვითმფრინავს მხოლოდ ფეხებით მართავს.

ამჟამად, ჯესიკა მოტივაციურ სპიკერად მუშაობს, მოგზაურობს მსოფლიოში, უზიარებს თავის ისტორიას ხალხს და შთააგონებს, იყვნენ მეტად კრეატიულები და მოტივირებულნი.

ჯესიკა კოქსი

ასე რომ, სანამ გადაწყვეტთ, რომ რაიმეს გაკეთება ,,არ შეგიძლიათ’’, ეს საოცარი ახალგაზრდა ქალი გაიხსენეთ.

მოამზადა – სალომე ლეკიშვილმა

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

  1. Pingback: მფრინავი ზედა კიდურების გარეშე – ერთი ქალის რეალური ისტორია - POST

Leave A Reply