მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი: მე ინვალიდი არ ვარ, მე ვარ ეტლით მოსარგებლე!

0

უნგრეთში მიმდინარე ეტლით მოსარგებლე მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა სპორტსმენმა, ირმა ხეცურიანმა მეორე ადგილი, ვერცხლის მედალი მოიპოვა.

ირმა ხეცურიანმა ფარიკაობაში ვარჯიში სულ რაღაც 2 წელია დაიწყო. თუმცა 2 წლის განმავლობაში 4 მედლის მოპოვება მოახერხა. მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი კანადის გრანპრიზე ბრინჯაოსა და მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული ვერცხლის მედლებია. ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა ასევე პოლონეთის ღია ჩემპიონატზე.

მსოფლიო ჩემპიონატზე ჯგუფურ ეტაპზე მან ყველა მეტოქე დაამარცხა და ფინალამდე წაგების გარეშე მივიდა. თუმცა ფინალში ფიზიკურად ძლიერ უკრაინელ ტატიანა პოზდნიაკთან უთანასწორო და მძიმე ბრძოლაში ანგარიშით 13:15 დამარცხდა.

“აიპრესი” ვიცე მსოფლიო ჩემპიონს მის წარმატებებზე, კარიერასა და არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

“მე არ მაქვს პრობლემა, რომ ვიღაცამ განსხვავებულად აღმიქვას. მე განსხვავებული მდგომარეობა მაქვს. თუმცა ფსიქოლოგიურად არაფერი მჭირს. ერთადერთი, რაც ხელს მიშლის, არის ხელოვნური ბარიერები, ხელოვნური ბარიერი ხალხთან. უხილავი თუ ხილული კედელი მაინც არსებობს”, – განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

მსოფლიოს ვიცე ჩემპიონმა სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობაზეც ისაუბრა:

“ვფიქრობ, რომ სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი უნდა იყოს შშმ პირები. იმიტომ რომ თუ მცირერიცხოვანი ნაწილი ძლიერი გყავს, კარგად უვლი, აფასებ, მათ უფლებებს იცავ, გაქვს ძლიერი ქვეყანა, ეს არის სწორი მიდგომა. ყველა ადამიანის უფლებაა, იყოს დაცული ისე, როგორც მას სჭირდება. სახელმწიფომ მოაწერა ხელი გაეროს კონვენციას ოქმის გარეშე. ოქმის გარეშე კი მას არანაირი ძალა არ აქვს.

ჩვენ ვითხოვთ, რომ ხელოვნური ბარიერები არ გვქონდეს, სახლიდან გასვლა არ მიჭირდეს, ტროტუარზე გადასვლა არ მიჭირდეს, არ მჭირდებოდეს ყოველ წუთას ტაქსით გადაადგილება და საზოგადო ტრანსპორტი იყოს, იყოს შენობებში პანდუსები. ეს ნიუანსებია გამოსასწორებელი და აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ ჩვენც სახელმწიფოსთან ერთად. მთავარია, სახელმწიფომდე მივიდეს ის, რომ შშმ პირები არ არის ასე ხელმოსასმელი და გადასაყრელი. ასეთი ხალხი არის დიდი რესურსი, თუნდაც ის, რომ მე რაღაც შედეგს დავდებ, საქართველოს სახელია და ვიღაც გაგიცნობს. დღემდე ვასწორებთ, რომ რუსეთი არ ვართ საქართველო. იქ რომ ჩავდივართ, გვეკითხებიან: „საქართველო რომელია, ამერიკის შტატი?“, ვეუბნებით, რომ არა და მოსდევს მეორე კითხვა – „აბა, რუსეთის?“. ჩვენ ვპასუხობთ: საქართველოს საქართველოა და არა ვიღაცის. ბავშვები, რომლებსაც შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ, ყველაზე მაგარი ბავშვები არიან, დააბანდე რაღაც და აუცილებლად მოგცემს შედეგს. ამაზე უნდა ვიფიქროთ ყველამ”.

ირმა ხეცურიანმა ჩვენთან საუბრისას ასევე აღნიშნა, რომ გარემო პირობები არ იძლევა საშუალებას, რათა შშმ პირები ადაპტირდნენ. მისი თქმით, “რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა”.

“უნდა მივცეთ ხალხს საშუალება, რომ საფიქრალი არ ჰქონდეთ, როგორ გავიდნენ სახლიდან და არ ჰქონდეთ ასეთი ფიქრები: იქ პანდუსი არ არის, ტროტუარი ჩემთვის რომ არ არის, მოდი დღეს დავრჩები სახლში. ჩვენ კიდევ ვახერხებთ, მაგრამ რეგიონებში კატასტროფული მდგომარეობაა. წარმომიდგენია, ეხლა რომ სახლში დავსხდეთ, ვინც გარეთ გავედით მეტნაკლებად და ვეღარსად წავიდე… მე იქვე დავასრულებ სიცოცხლეს. ეს არის ჩემი სიცოცხლე, მე არ ვფიქრობ, რომ სახლში უნდა ვიჯდე და ვიღაცამ მოგვაძახოს: „თუ ინვალიდი ხარ, სახლში დარჩი”.

ირმა ხეცურიანი გარკვეულწილად პრობლემას თავად შშმ პირებშიც ხედავს. მისივე თქმით, “შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები უწოდებენ თავიანთ თავს ინვალიდს”.

“მე ინვალიდი არ ვარ, მე ვარ ეტლით მოსარგებლე. ბევრის პრობლემაა ეს, თავად შეზღუდული შესაძლებლობების მქონდე პირები უწოდებენ თავიანთ თავს ინვალიდს. არ შეიძლება, თუკი შენ საზოგადოებას მიაწვდი, რაღაცნაირად დაგიბრუნდება უკან. თუკი შენ ერთხელ მაინც იტყვი, ინვალიდი ვარო, მაშინ შენ სხვაც არ აღგიქვამს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირად. თუმცა ეს საკითხი აღმოფხვრადია და შეგვიძლია მივხედოთ ამას. სახელმწიფოს ერთადერთს ვთხოვ, რომ ნუ დაგვივიწყებს და მიხედოს გაეროს კონვენციას”, – განაცხადა ირმა ხეცურიანმა.

წყარო

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება


სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი