მოტივაციის როლი ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაში (თამარ მეფარიშვილი)

0

მოტივაცია ეს არის მოქმედებისაკენ გამოღვიძება /ჯიმ რონი

სათაური, თავის თავში მოიცავს კითხვას _ რა როლი უჭირავს მოტივაციას ადამიანის ცხოვრებაში? Kარგი კითხვაა! მაგრამ ვიცით კი რა არის მოტივაცია? ხშირად გსმენიათ დაღლილი მეგობრებისაგან სიტყვები “სტიმული მჭირდება”? მოტივაცია ეს არის ჩვენს ორგანიზმში “ჩადგმული” ახალი ძრავი, რომელიც მთელი სიმძლავრით ღუღუნებს და სისხლს გვიჩუხჩუხებს, ესაა მუხტი, რომელიც (სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეული) ჩნდება ჩვენში და არ გვასვენებს, სანამ არ ავმოქმედდებით. მოტივაცია _ ესაა ენთუზიაზმი, ხალისი, რაც გვაძლევს ენერგიას ვიმოქმედოთ ენერგიულად და ანთებულად.

რა იგულისხმება “სხვადასხვა ფაქტორებით გამოწვეულში”? მოტივაციას ადამიანი იღებს ან გარედან (მეგობრისგან, უფროსისგან, მასწავლებლისგან, საქმისგან თუ სხვა გარემოებებისგან) ან ახორციელებს თვითმოტივაციას. პირველი სახის მოტივაცია, თავის მხრივ, კარგია (ძალიან კარგიც კი), მაგრამ ის ვერ იქნება მუდმივი (ეს ფიზიკურად შეუძლებელია), ხოლო ადამიანი გამუდმებით მის ინსტინქტურ მოთხოვნასა და ძიებაშია, ამიტომ აქვს თვითმოტივაციას დიდი უპირატესობა _ ადამიანი თავად ანთებს ცეცხლს საკუთარ თავში, რაც მას სრულიად გარდაქმნის, მას ეცვლება ხასიათი, გამომეტყველება, სიარულის მანერა, იცვლება ურთიერთობაში და აქედან გამომდინარე ახდენს პოზიტიურზე მოქმედებას იმ გარემოზე, სადაც ის იმყოფება ანუ ავტომატურად ხდება მისი გარშემომყოფების მოტივატორი _  მოტივირებული ადამიანი მზესავით ასხივებს დადებით განწყობას და ეს გადამდებია.

ადვილია უმოტივაციო ადამიანის ცნობა _ ის მომაკვდავს ჰგავს. დააკვირდით ადამიანებს, რომლებსაც ხედავთ ქუჩაში, ისინი სრულიად უცხოები არიან, მაგრამ მათ სახეებზე ადვილია განწყობის ამოკითხვა, ხშირად მინახავს ტრანსპორტში ისეთი დათრგუნული  სახეები, რომელთაც ერთი უბრალო მზერით ბევრი მოუყოლიათ თავიანთი ცხოვრების სტილზე _ ისინი დგებიან ადრე (ან გვიან, რა მნიშვნელობა აქვს), მიდიან იქ, სადაც არ სიამოვნებთ წასვლა, აკეთებენ იმას, რაც მათ არ სიამოვნებთ, ეს გაღიზიანებამ ოქმედებს მათ ურთიერთობაზე სხვა ადამიანებთან _ მათ უჭირთ კომუნიკაცია ან ურთიერთობენ აგრესიულად, ეს უსიამოვნო შეგრძნებები გროვდება დროთა განმავლობაში და ადამიანი ვერც კი ამჩნევს, როგორშეიცვალა _ მას დაავიწყდა, რომ შეუძლია ოცნება, ხოლო თუ ჯერ არ დავიწყნია, ის იმდენად “გაიტაცა” თუ “ჩაითრია” ყოველდღიურმა რუტინამ, რომელშიც ნება-უნებლიედ თვითონ გაეხვია, რომ სრულიად დაივიწყა საკუთარი თავი და შეეგუა იმას, რომ “არ შეუძლია მისცეს საკუთარ თავს უფლება” იმისა, რომ გააკეთოს ის, რაც უყვარს, შეიძინოს ის, რაც ესიამოვნებოდა, იბრძოლოს იმისთვის,  რაც ოდესღაც ძალიან სურდა. Aრ მინდა მდგომარეობა უფრო დავამძიმო, რადგან ვფიქრობ ესეც საკმარისია უმოტივაციო ადამიანის მდგომარეობის აღსაწერად, ეს ტრაგედიაა, რადგანად ამიანი წყვეტს ცხოვრებას და ეგუება იმ აზრს, რომ, უბრალოდ, უნდა იარსებოს!

არადა დაფიქრებად ღირს, როგორმე “მივჩანჩალდეთ” სამარემდე, თუ განვვლოთ ცხოვრება ღირსეულად, სრულყოფილად?! თუკი გაშფოთებთ ის, რომ ცხოვრობთ უმოტივაციო გარემოში, ანუ “არ გაგიმართლათ”, იქნებ გეცადათ თქვენს ცხოვრებაში დადებითი მოვლენების მოძებნა? ეს თქვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია! ეძებეთ მოტივაცია _ ეძებეთ ყველაფერში, ყველგან! მოუსმინეთ საყვარელ მუსიკას, იმღერეთ _ იღიღინეთ, დილიდანვე და მთელი დღე ასევე ჩაივლის. გამოყავით დრო საკუთარი საყვარელი საქმისათვის (წიგნის კითხვა, ფილმის ყურება, სხვადასხვა ხელსაქმე თუ სპორტი) და ნუ იტყვით, რომ დრო არ გყოფნით, რადგან ჩვენც იგივე 24 საათი გვაქვს დღეში, რამდენიც ჰქონდა უამრავ გამოჩენილ (თუ ჯერაც უცნობ) გენიალურ ადამიანს, რომლებმაც დაგვიტოვეს დიდი სოციალურ_ინტელექტუალური მემკვიდრეობა!
მოტივაციას უნდა ჰქონდეს თავისიმიზანი. Uმიზნო მოტივაცია იგივეა, რაც მიდიოდე მანქანით (ხარჯავდე დროს, ენერგიასა და სხვა რესურსებს), მაგრამ არ იცოდე საით მიემართები ან რატომ! მიზანი თავისთავად ქმნის მოტივაციას, რადგან ესაა “სინათლე გვირაბის ბოლოს”, ესაა, რაც გვსურს, გვიზიდავს და ჩვენს ცხოვრებას და ჩვენს ყოველ მოქმედებას აზრს სძენს. მოტივირებული ადამიანს არც წინიდან სჭირდება დაჭიდება, რომ დაიძრას და არც უკნიდან _ მიწოლა, ის გიზგიზებს, ანთია და იწვის, მას განვითარებული აქვს ფანტაზია. მოტივაცია ათავისუფლებს ადამიანის გონებას პარაზიტებისაგან და რაც უფრო ძლიერია მიზნის მიღწევის სურვილი, მით უფრო ძლიერია მოტივაციაც და ის ცეცხლის მფრქვეველი ჯავარდენივითაა _ მუსრს ავლებს ყოველგვარ ეჭვსა და შიშს.

რა არის ადამიანის ცხოვრება თუ არა სწრაფვა სრულყოფილებისკენ?

სრულყოფილებისკენ სწრაფვა კი არასრულყოფილი იქნება, თუკი ადამიანი მხოლოდ პირად ინტერესებსა და სარგებელზე იქნება ორიენტირებული. ყველაზე დიდი მოტივაცია ადამიანისთვის, ჩემი აზრით, არის როდესაც ის ქმნის სხვა ადამიანებისათვის ღირებულებას, მის საქმიანობას სხვებისთვის მოაქვს კეთილდღეობა და სწორედ ესაა კვალი, რასაც ის დატოვებს მას შემდეგ, რაც გარდაიცვლება.ყველაზე დიდი მოტივატორი _ იმაზე ფიქრი, რომ ადამიანი ემახსოვრებათ კიდევ ძალიან დიდხანს გვაძლევს დიდ სულისკვეთებას და გვიბიძგებს ჩვენიშესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებისაკენ.
არჩევანი ჩვენზეა, ჩვენ შეგვიძლია ილუზია დავარქვათ ან უარვყოთ მოტივაციის რეალური ზეგავლენა ჩვენს ცხოვრებაზე, მაგრამ ფაქტი ერთია, სწორედ მისი არსებობა განაპირობებს ჩვენს წინსვლას, ჩვენ შეგვიძლია დავიჯეროთ ეს, ვირწმუნოთ დადებითი ენერგიის და ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ იგი ან გავფლანგოთ ეს ჯადოსნური ძალა უმოქმედობითა და პესიმიზმით, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ყოველი ჩვენი მოქმედება _ არჩევანი აირეკლება ჩვენს მთელს მომავალ ცხოვრებაზე.

გაზიარება:

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply