მოგონებები

0

სახლის ბნელ სხვენში, ერთი მოხუცი, მაღალი და წელში ოდნავ მოხრილი კაცი ხელით იკვლევდა გზას. ძლივსძლიობით მიაგნო შუქის ასანთებ ადგილს.მტვრით დაფარულმა, ძველმა ეკონომიურმა ნათურამ სხვენის სიბნელე გაფანტა და თვალი მოსჭრა მოხუცს. კაცმა პატარა სკამს მოჰკიდა ხელი, სხვენის ბოლოში მდგარი ძველი სკივრის გვერდით მიიტანა და ჩამოჯდა. ცოტა სული მოითქვა, ცხვირსახოცით შუბლზე და თმაზე მიკრული ოფლი და სხვენის ჭუჭყი მოიწმინდა და სკივრის გახსნას შეუდგა.

გვერდზე მოისროლა დაობებული ჟურნალ–გაზეთები, მტვერმოდებული ნივთები და გამჭირვალე პარკში გახვეულ,სათუთად შენახულ, ძველ ფოტოალბომს დაავლო ხელი.

ალბომში მისი განვლილი ცხოვრების სამახსოვრო წუთები იყო ასახული. მოხუცი მოგონებებში გადაეშვა და საამო ღიმილმა გაუნათა სახე. ცხოვრებას მაშინაც კი არ შეუწყვეტია ფეთქვა,როდესაც მეუღლე და ერთადერთი შვილი ავტოავარიაში დაეღუპა, თუმცაღა მისი წარსული მოგონებები ბევრად უფრო სიცოცხლისუნარიანი და შინაარსიანი იყო, ვიდრე ახლანდელი მარტოსული ცხოვრება.

ძველ, მტვრიან ალბომებთან ერთად, შვილის ბავშვობისდროინდელ წიგნაკს წააწყდა.ხშირად ათვალიერებდა სკივრს, მაგრამ აქამდე არასოდეს შეუმჩნევია. “ნეტავ რატომ ინახავდა ჩემი ცოლი ბავშვის ძველ ნაჯღაბნებს?” – სინანულით გააქნია თეთრი თავი მოხუცმა და სევდანარევი ღიმილი მოეფინა სახეზე. ახლა წიგნაკს დაუწყო თვალიერება და ხმადაბლა კითხულობდა შვილის ჩანაწერებს. გულში რაღაც ზეციური სითბო ჩაეღვარა, თვალებში კი არაამქვეყნიური და უცნაურად საამო სხივი ჩაუდგა,როდესაც პირველი სტრიქონები ჩაიკითხა.

ეს მისი პატარა ბიჭის ხმა იყო. დროის მანქანით შორეული წარსულიდან გადმოტყორცილი,სივრცეში ათქვეფილი და სულამდე ჩაღწეული. სხვენის სიჩუმეში გაცოცხლდა მისი 6 წლის შვილის მიერ გადმოცემული, სრულიად გადავიწყებული წამები და მოგონებები.ფურცლიდან ფურცლამდე, გრძნობიდან გრძნობამდე, ცრემლიდან ცრემლამდე შეუჩერებლად კითხულობდა მოხუცი სანუკვარ წიგნაკს.

უეცრად მწარედ გაეღიმა. შეამჩნია,რომ მისი შვილის აღწერილი წამები მკვეთრად განსხვავდებოდა მის მიერ თავის ძველ დღიურში გადმოცემული იგივე მომენტებისა და ფრაგმენტებისაგან.უეცრად მოუნდა შეედარებინა. სწრაფად დახურა შვილის წიგნაკი და სხვენიდან ჩამოვიდა. ფრთხილად შეაღო ხის მძიმე კარი და თავის კაბინეტში შეაბიჯა. გააღო შუშის კარადა, ნივთები მაგიდაზე გადმოაწყო და საბოლოოდ, თავის ძველი დღიურიც იპოვნა. გულისფანცქალით გადაშალა დღიური სასურველ გვერდზე და როდესაც თავის ჩანაწერი წაიკითხა თვალზე ცრემლი მოადგა.

“სამწუხაროა,არ უნდა წავსულიყავი შვილთან ერთად სათევზაოდ. ვერაფერი დავიჭირეთ და დროც უაზროდ გაფლანგულია”.

შემდეგ თითქოსდა საკუთარ თვალს არ უჯერებსო, ხელისკანკალით გადაშალა შვილის დღიური…იგივე წელი, თვე და დღე…დიდი ასოებითა და ბავშვური ხელით გაკეთებული ჩანაწერი:

“მამასთან ერთად სათევზაოდ წავედი. ერთერთი ყველაზე თბილი და ბედნიერი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში”.

დააფასეთ საყვარელი ადამიანები, ვიდრე თქვენთან ერთად არიან!

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

ჟურნალი "ოთხი მოტივის" პროექტის ავტორი, დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.

Leave A Reply