მიჰყევი შენს ოცნებას !

0

“თუ ოცნება გამოგდის, ესე იგი გაკეთებაც შეგიძლია!” – უოლტ დისნეი

მაჩვენე შენი თვალები და გეტყვი ოცნებობ თუ არა… :)))))

როგორ მიყვარს, ადამიანს რომ ვუყურებ თვალებში და მასში ვხედავ ბავშვს, თითქოს ასაკმა ვერაფერი დააკლო, ეს თვალები ისევ ისეთი სუფთა და ციმციმაა, ისე შემოგანათებს, გულს გაგითბობს და უნებლიედ გაგაღიმებს… :)))))))…

ვიცი, არ ხარ პირველი, ვინც მეტყვის, რომ მე-მეოცნებე (არაპოლიტიკურად) “დავეშვა მიწაზე”, მაგრამ ფაქტია, რომ მე ბედნიერი ვარ, ე.ი. ამაში არის “რაღაც” … :))) თანაც, მე დღეს მოგიმზადე საჩუქარი, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანს მოუტანა სიმშვიდე და სიხარული… ესაა მოტივაციის რამდენიმე წუთი, რომელიც შევქმენი მაშინ, როდესაც თავად (2009 წლის მაისში) კატასტროფული დეპრესია მქონდა… არ ვიცი, რამხელა სიყვარული მოვიძიე საკუთარ თავში, რომ დღეს, წლების მერე ეს ვიდეორგოლი გულს უხარებს ადამიანებს და კვლავაც შთააგონებს… (იხილე ვიდეო პოსტის ბოლოში…)…

რატომღაც, “დიდებს” არ უყვართ ოცნებებზე საუბარი… როდესაც ვეკითხები: “ – რაზე ოცნებობ ახლა?!” – ისინი შეურაცხყოფილი თოვლივით შეიშმუშნებიან და “დიდურად მიხსნიან”, რომ:“-ოცნება ილუზიაა! გამოვედი მაგ ასაკიდან! რეალობას უნდა გაუსწორო თვალი!”

რატომ არ ოცნებობენ დიდები?!

დაკვირვებიხარ სევდიან, უიმედო სახეებს, ჩამქრალ თვალებს, რომელთა ოცნებისგან “განიარაღება” უკვე მოასწრო საზოგადოებამ თავისი შეზღუდული და მახინჯი სტერეოტიპებით, დოგმებით და ოდესღაც მებრძოლი ენთუზიასტი ნაცრისფერ პრაგმატულ არსებად გადააქცია, ჩამოკიდა პასუხისმგებლობისა და დანაშაულის გრძნობის მძიმე ჯაჭვი და მკაცრად გააფრთხილა: “ – მოიშორე ვარდისფერი სათვალე, დროა გაიზარდოო?!!!”

დიდები არ ოცნებობენ, რადგან მათ ეშინიათ! ეშინიათ იმედგაცრუების!
ზოგჯერ მგონია, რომ დიდებს ეშინიათ ყველაფრის, ჯერ ეშინია, როცა გაიზრდება, არ შეცდეს პროფესიის, საყვარელი ადამიანის, მეგობრების, პარტნიორების არჩევაში…

თუკი შენ შიშში ცხოვრობ, თუკი გულისკანკალით ხვდები ყოველ დილას (ვაჭარბებ ცხადია, მაგრამ იქნებ, არც ვარჭარბებდე…), თუკი ცდილობ ე.წ.“რეალობას გაუსწორო თვალი” და იქონიო კონტროლი ყველა მოვლენაზე შენს ცხოვრებაში, თუკი თავად ხარ ნაცრისფერი მოსიარულე გულშეკუმშული აჩრდილი, სახეწაშლილი, ცხოვრებისგან დაღლილი, განაწამები, გარშემომყოფებისგან დაუცველი მსხვერპლი, რა მაგალითს აძლევ ამით საკუთარ შვილს?!

ბავშვები, უსაყვარლესები, უფუმფულესები, უღუნღულესები, მომღიმარები, მოცინარები, გემრიელები, ტიტინები იბადებიან და გვჩუქნიან იმედს, სიყვარულს და აქეთ გვაძლევენ მეოცნებე ბუნების, იმედიანობის, გამბედაობის მაგალითს და თუ დაფიქრდები, ჩვენ სწორედ ეს გვიყვარს მათში – შინაგანი თავისუფლება, სილაღე, თავისუფალი ტიტინი!

და რას ვაკეთებთ ჩვენ?!

ოოო, ჩვენ, უძვირფასესები! ადამიანები, ვინც ყველაზე სწორ გზას უნდა ვაჩვენებდეთ, უნდა ვიყოთ სამაგალითო, უნდა გავამართლოთ მათი იმედები, რომ დიახ – ცხოვრება უმაგრესია! ცხოვრება უმშვენიერესია! რომ გაიზრდები ეს გექნება, ის გექნება, ბედნიერი იქნები, მაგრად იქნები! – და ამ დროს?! ამ დროს თავად ცხვირპირი ჩამოგვტირის, გაუბედაობისგან მუხლები გვიკანკალებს, არ შეგვიძლია ავირჩიოთ ის გზა, რომლისკენაც მიგვიწევს გული, რომელიც ნამდვილად უნდა გულს, ვეგუებით არსებულ რეალობას და ვამბობთ, რომ არ შეგვიძლია მისი შეცვლა, ველოდებით რაღაც გარდამტეხ სასწაულს, ვშეშდებით ადგილზე, ვირჩევთ იმ საქმიანობას, რომელსაც მოაქვს შემოსავალი და არა რომელიც ნამდვილად გვინდა ჩვენ, ვცხოვრობთ გულისტივილში, ნიღაბმორგებული, ვცდილობთ მოვეწონოთ საზოგადოებას, დავაკმაყოფილოთ შ-ტერეოტიპების სტანდარტები, ვერ ვბედავთ რადიკალური ნაბიჯების გადადგმას, რომ საახლობლოს, სანათესაოს, გარემოცვის კრიტიკისა და განსჯის საგანი არ გავხდეთ, თავადაც მუდმივად ვაკრიტიკებთ და ვადანაშაულებთ საკუთარ თავს, რომ ხელმოცარულები და უიღბლოები ვართ და ვერც კი ვამჩნევთ, რომ…………..

ჩვენი პატარა, ხალისიანი, ღიმილიანი, ტიტინა, ჩასაჯუჯგნი, თბილი, ტკბილი, ბავშვი თანდათან “იცვლის ფორმას”, მისი თვალებიდან თანდათან გადადის “ოცნების ციმციმები”, მას ეუბნებიან, რომ “ცხოვრება ძნელია და მტანჯველი”, ან თუ არ ეუბნებიან, ის ამჩნევს მშობლის დაღლილ, ნატანჯ სახეს… ის ხედავს, რომ შენ მიერ ნათქვამი “დამაიმედებელი” სიტყვები შენს რეალურ ყოფას არ ემთხვევა… ის ხედავს, როგორ მოდიხარ სამსახურიდან გამოწურული ლიმონივით და არ გაქვს მასთან თამაშის თავი, ხედავს, როგორი გაუცხოებული და უცნაური დადიხარ, გულზეშემოყრილი, ის გრძნობს, რომ თამაშობ, ის გრძნობს, რომ შენ შენ არ ხარ (და აქ “სნიკერსი” ვერაფერს გიშველის :))))) ), ის გრძნობს, რომ რაღაც რიგზე ვერ გაქვს…

თავიდან გებრძვის, ცდილობს გაიგოს, რა გჭირს, ცდილობს შეგავსოს, შეგცვალოს, რადგან მას, როგორც “ნამდვილს” აქვს ამის მოთხოვნილება… ბავშვები იბადებიან “ნამდვილები”, ბავშვობიდან იციან თავიანთი მისია, რისთვისაც მოევლინენ ამ ქვეყანას, მათ არ აქვთ არანაირი შეზღუდვა, სტერეოტიპი ან მიღებული დოგმა და ვერაფრით ვერ გებულობენ, რა გვეტაკა ჩვენ – დიდებს!!!

რა ხდება შემდეგ?!

შემდეგ ჩვენ – მათი დასაყრდენები, მათი აღმზრდელები – დიდები ვწამლავთ საკუთარი მცდარი მოსაზრებებით (მომედავე, თუ გინდა… :))) ), STEREOტიპებით, მიღებული ნორმებით, “ტრადიციებით”, საზოგადოებრივი აზრით (“რას იტყვის ხალხი?!”) და ყველაზე უარესი – საკუთარი მაგალითით! ბავშვი ისე არაფერს ითვისებს, როგორც მშობლის მაგალითს… უცნაურია, მაგრამ ის თვლის, რომ შენ სწორად ცხოვრობ და თუკი უბედურად გრძნობ თავს, უარს ამბობ საკუთარ ოცნებაზე და ვალდებულებებსა და სხვადასხვა ფსიქოლოგიურ მარწუხებში ხარ გამომწყვდეული, ის სწორედ ამას აითვისებს შენგან!!!

აი, რა ხდება, როდესაც შენ უარყოფ საკუთარ თავს და საკუთარ ოცნებას, გულს, მისწრაფებას…

შენ გაქვს მისია – იყო შენ!!!

თუ შენ არ შეგიძლია იყო ის, ვინც ხარ სინამდვილეში…

თუ შენ უარს ამბობ შენს ოცნებებზე ათასნაირი “რაციონალური” მიზეზით (“არარეალურია”, “ახლა ამისთვის არ მცალია”, “ოდესმე”, “არ შემიძლია, ვერ შევძლებ”, “ეს/ის მიშლის ხელს”, “არასოდეს”…), ვერასოდეს მოიპოვებ ბედნიერებას და სხვებსაც ხელს შეუშლი მის ძიებაში…

მიჰყევი შენს ოცნებებს!!! მიჰყევი მაშინაც, როდესაც ისინი არარეალურად გეჩვენება! ნუ შეგეშინდება სიძნელეების, დიდი მწვერვალები ყოველთვის დიდი უფსკრულების გადავლით შეიძლება დაიპყრო! მიჰყევი ოცნებებს მაშინაც კი, როდესაც გგონია, რომ ყველაფერი დამთავრდა, როდესაც აღარავის სჯერა შენი, როდესაც ყველა ტალახს გესვრის, როდესაც გგონია, რომ ახლა დაეცემი, როდესაც ტკივილისგან სული გიკივის…

შეიძლება ვიღაცისთვის ეს ილუზიაა, სიტყვების თამაში ან უბრალო მონაჩმახი, მაგრამ არაფერია ახდენილ ოცნებაზე უფრო რეალური! მე ზუსტად ვიცი, რა ბრწყინვალე ჯილდო ერგება გამარჯვებულს! უდიდესი სიმშვიდეა, როდესაც მწვერვალზე ასული გადმოხედავ ამოვლილ ქარაფებს, მრავალჯერ დაცემული გაიხსნებ ყველა ჭრილობას, ყველა წამოდგომას და ღიმილი მოგეფინება სახეზე, რადგან შენ შენი მისია შეასრულე და ამით უამრავ სხვა ადამიანს ასწავლე – მიჰყვნენ თავიანთ ოცნებებს!!!

მე შენს გვერდით ვარ ისე, როგორც არასდროს და მხარს გიჭერ ისე, როგორც არავინ! მე მჯერა შენი მიუხედავად ყველაფრისა და გამხნევებ: მიჰყევი, მიჰყევი, მიჰყევი შენს ოცნებებს!!!

P.S. მითხარი, მიჰყვები შენს ოცნებებს თუ ჯერ კიდევ მიჯაჭვული ხარ “უძლეველ რეალობას” და გგონია, რომ ვერ შეცვლი მას?! ან იქნებ, ეს ესაა წმინდა წყლის იდიოტობა წაიკითხე? მოკლედ, მინდა ვიცოდე შენი აზრი ;)…

P.P.S. ოდესმე გაგიბედავს გაგეკეთებინა ის, რაც ნამდვილად გულით გინდა? როგორი ემოცია ახლდა მიღებულ წარმატებას?! გჯერა ოცნებების ახდენის? 🙂 გამოხატე შენი აზრი, ის ნამდვილად არის ყურადღების ღირსი

სიყვარულით, შენი მეოცნებე,

თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply