“მიწაზე იარე” ლადო ასათიანის წერილი ძმას

1

გიორგი! შენ, კაცო, ჭკუაზე მეგონე და რას მწერ, რას ლაპარაკობ?! თუ ძმა ხარ, თავი დაანებე სისულელეებს! რა სულიერი დაღონება, რის სევდა, ანდა რა საქმეები გაქვს შენ აწეწილი?! ერთხელ და სამუდამოდ გეუბნები, ამისთანა სისულელეებს თავი დაანებე, თორემ დაგღუპავს.

ბიჭო, ლექსების წერა ხომ არ დაგიწყია?! არ გამომჭრა ყელი! რაღაც ისე კაკანებ შენ, რომ ვერ არის კარგად შენი საქმე. ზევით-ზევით ნუ დაფრინავ, მიწაზე იარე, მიწაზე-ქუთაისის მიწაზე!

რომ მწერ, აქ გაჩერება არ შემიძლიაო, რატომ არ შეგიძლია?! ასეთ სისულელე-ებსაც, თუ კაცი ხარ, თავი დაანებე.

ბევრს ვკითხულობო, იკითხე მერე, კითხვამ ვის აწყინა, შენ რომ გაწყინოს, მაგრამ არ ვაგრა: ვინც ბევრს კითხულობს, ის არასოდეს ლაპარაკობს, ბევრს ვკითხულობო.

ის იკითხე, რაც ახლა გესაჭიროება, ძველი ქართული მწერლობა ისწავლე, ის სჯობია ყველაფერს…

თუ ძმა ხარ, სიტყვების კორიანტელი, გატყლარჭული სტილი და ათასნაირი უცხოური ამბები ნუ გაგიტაცებს, მაგ ყველაფერი სისულელეა; ჩვეულებრივი ადამიანური ენით დაწერილი (ილია, აკაკი, ვაჟა) წაიკითხე და იყავი ჩვეულებრივად უბრალო.

ასეთი წერილი მეორედ არ მომწერო, თორემ შევწუხდები.

მე მგონია, მანდ რომ ჩააბარო გამოცდები, ის სჯობია, ყველა დაგეხმარება, ჩემი ამხანაგები, მიშა, შოთა და სხვები. შენ უთხარი, მეც მივწერე, ანდა რად უნდა მიწერა, ისედაც კარგად იციან შენი ამბავი.

ასე, მომიკითხე ბიძია, ბიცოლა, ნარგიზა, შოთა ქურიძე და სხვანი და სხვანი.

შენი ძმა ლადო ასათიანი.

19.6.1939.

თბილისი.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Discussion1 კომენტარი

Leave A Reply