მიუნხენში დაწერილი დღიურები – ჟურნალ “4 მოტივისთვის “

0

 2.ოქტომბერი

მიუნხენშიც  მზიანი ამინდია დღეს. ოქროსფერი სხივები შემოდიან სულში და ფიქრობ, სწორედ ეს არის სამოთხე..ბედნიერი ხარ და თავს კარგად გრძნობ,ცხოვრება გიხარია.მეტროდან ამოვდივარ და ფრანგულ კაფეში შევდივარ,რომ კარგად მოვკალათდე დილის ფინჯან ყავასთან ერთად ფანჯარასთან და დავწერო ყველაფერი – ეს ძალიან მერთულება.. ახლა,მხოლოდ გარგარის ნამცხვარი “ტატენის”დაგემოვნებაა სასიამოვნო..ადამიანები ბედნიერი სახეებით მიიჩქარიან სამსახურებში,მიიჩქარიან მეტად მნიშვნელოვან საქმეებზე.. იღიმიან და შეიძლება ამ ღიმილის მიღმა,სადღაც მათშიც არის ადამიანური სევდა,მაგრამ ეს არ ჩანს..რა უნდა იყოს ამაზე კარგი?როდესაც ადამიანი პრობლემების მიუხედავად ოპტიმისტურად გრძნობს თავს? <3 კაპუჩინოს ვსვამ,მომწონს,მაგრამ თავს ვუტყდები,რომ სახლში უფრო გემრიელ ყავას ვამზადებ.სახლი მენატრება.ჩემი საწერი კუთხე..ლუკა და ალექსანდრე,თვალებს მაგრად ვხუჭავ,გულს ვერ ვატყუებ,გულმა იცის ყველაფერი.გრძნობს,რომ ამაზე დიდი მონატრება ჩემს გულს არ უგრძვნია არასოდეს..ცდილობს დამალოს გულის ცემა..მეც უფრო მაგრად ვხუჭავ თვალებს და წერას ვაგრძელებ.ჟურნალისთვის სტატია მაქვს მოსამზადებელი და ამაზე ვიწყებ მუშაობას.გონება საქმეზე გადავრთე და ჩავიძრე ინფორმაციების ნაკადში.მინდა ზუსტად გადმოვცე რა ვიგრძენი ამ ქალაქში..მინდა სახელი დავარქვა ჩემს მოგზაურობას – ვუწოდო დღიურები,ჩანაწერები,ახდენილი ოცნებები,მაგრამ ვერ ვახერხებ..ჯერ,მხოლოდ ვწერ,ალბათ ნაწერები თავისთავად მოძებნიან ემოციებისთვის სახელებს..სასიამოვნო მუსიკა ისმის კაფეში..ვხედავ როგორ დაცურავენ ფოთლები ქუჩებში და მჯერა,აქ ფოთლებიც კი არ ქრებიან..ახერხებენ უსასრულობამ დაიმახსოვროს მათი სახელი..ჩვენც ამისთვის ვცხოვრობთ,ჩვენც გვსურს სამყარომ დაიმახსოვროს ჩვენი სახელი,მაგრამ ზოგჯერ არ ვიცით ეს როგორ გავაკეთოთ.

3.ოქტომბერი

დღეს იმ ციხესიმაგრზე მინდა მოგიყვეთ,რომელიც ორი დღის წინ დავათვალიერე და გამიჭირდა შთამეჭდილებებისთვის თავი მომეყარა ერთად და დამეწერა იმ მეფის შესახებ,რომელმაც საოცარი მონდომების და ფანტაზიის საშუალებით ააშენა ეს დიდებული ადგილი,სადაც მხოლოდ 172 დღე იცხოვრა.ნოიშვანშტაინის ციხესიმაგრემდე სამი ტრანსპორტი გამოვიცვალე.მატარებელი,ავტობუსი და ეტლი,რომელიც შემოდგომის ნისლიან ტყეში,სწორედ ისე მიმაქროლებდა როგორც მე- 19 საუკუნის მგზავრს.მე ასე ვგრძნობდი ნამდვილად 🙂 რა თქმა უნდა უამრავი შთაგონება მეწვია და შინაგანად გავიზარდე,რადგან ასეთ ადგილებში იზრდები, ფიქრობ,რომ შენც მოგიყვანა ბედისწერამ აქ და ცხოვრების ამ ეტაპს არქმევ კიდევაც განსაკუთრებულ სახელს.
ნოიშვანშტაინის სასახლე (გერმ. Schloss Neuschwanstein) მდებარეობს გერმანიაში, ბავარიაში, შვანგაუს მახლობლად. სასახლე ბავარიის მეფის ლუდვიგ II-ის ფანტაზიის ნაყოფია. არქიტექტურული თვალსაზრისით იგი XIX საუკუნის რომანტიკული ჰისტორიზმის და ეკლექტიზმის მწვერვალს წარმოადგენს, რის გამოც მას „ზღაპრულ სასახლესაც“ უწოდებენ. ნოიშვანშტაინის სასახლე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ადგილია გერმანიაში.
გზაზე ყავას ვყიდულობ და ახლა უკვე ფეხით ავდივარ აღმართზე,რომელიც სასახლემდე მიდის.მიუხედავად იმისა,რომ დაღლილი ვარ უკვე,მაინც ბევრ რამეზე ვფიქრობ.წარსულზე და ცხოვრებაზე,რომელიც აქ ადამიანებმა საუკუნეების წინ გაიარეს. ჩემი მეგობარიც დაღლილია,მაგრამ არ იმჩნევს.ყოველ ფეხის ნაბიჯზე სურათებს მიღებს.იღრუბლება და წვიმას იწყებს.ეს ხელს არ მიშლის.წვიმა ახლა აქაურობას კიდევ უფრო მეტ რომანტიკას მატებს.შეძლებისდაგვარად ვათვალიერებ ციხესიმაგრეს.უამრავი ტურისტი ირევა.უამრავ სელფს იღებენ და კმაყოფილები არიან.
სასახლის საძირკველში პირველი ქვა დაიდო 1869 წლის 5 სექტემბერს. 1884 წლისთვის იქ უკვე ცხოვრება შეიძლებოდა, თუმცა ჯერ კიდევ ლუდვიგ II-სიკვდილის დროს 1886 წელს სასახლე არ იყო ბოლომდე დასრულებული. ლუდვიგმა აქ მხოლოდ 172 დღე იცხოვრა. ნოიშვანშტაინის სასახლის მშენებლობა მისი სიკვდილის შემდეგ სრულად არ დასრულებულა, რაზეც მეტყველებს სამეფო ტახტის არარსებობა სატახტო დარბაზში.
უკან ავტობუსით ვბრუნდებით.შთაბეჭდილებებს დღიურში ვიწერ და ჩემს მომავალზე ვფიქრობ.არავინ იცის რა მოხდება.

4.ოქტომბერი

დღეს ბავარიაში ვიყავი და ქალაქ Füssen – იდან მატარებლით მიუხენში ვბრუნდები.მეძინება,მაგრამ გზას თვალს არ ვაშორებ.რამდენჯერმე ჩამთვლიმა,მაგრამ მაშინვე გამოვფხიზლდი და წერა დავიწყე.ისევ გზა და ამ გზაზე ოქროსფერი ფოთლები ჩემთან ერთად აგრძელებენ ფიქრს.ვხედავ ფრინველებს,რომლებიც დაუვიწყარ სურათებს ქმნიან სამყაროსთვის.ტყეები ნაძვებით არის შევსებული.ალაგ-ალაგ ნარინჯისფერი სახლები,აივანზე გადმოფენილი ყვავილებით ისე ათბობენ გულს,როგორც ფილმებში.სამყაროში უამრავი ადგილია,რომლებიც სულს  იდუმალებას მატებს.ჩვენ კი ადამიანები შეიძლება მარადიულად არ ვცხოვრობთ,მაგრამ ვალამაზებთ სამყაროს და პატარ-პატარა ნახატებად ვრჩებით მისთვის.ვუტოვებთ სიყვარულს ერთმანეთს და ღრუბლიან გზებს ვკვეთთ.მობილური დამიჯდა და გვერდით უცხოელს საათს ვეკითხები.ახლა ვხვდები მთელი ცხოვრება რატომ ვაკლავდი ინგლისურის წიგნებს თავს-ძალიან სასიამოვნოა,როდესაც უცხოელს შენს აზრებს აგებინებ და შესაძლებლობა გაქვს გაიცნო ადამიანი ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან.დრო და დრო ფანჯრიდან ვიყურები და ვაკვირდები ადამიანებს,ძალიან თბილია ეს პეიზაჟები ჩემთვის.დედამიწა გვაძლევს ფერებს,სითბოს,სილამაზეს,ეს ნამდვილად დასაფასებელია. შეიძლება ეს ადგილები ვეღარასდროს ვნახო,ამიტომ ამიტომ თითოეულ ხეს,ფოთოლს,ცის ნაწილს ჩემს სუნთქვას ვუყოფ.ჩვენ როდესაც ჩვენი პაწაწინა სახლებიდან თვალს ვაყოლებთჩვენი ფანჯრებიდან თვითმფრინავებს ვიცით რომ სადღაც შორს არსებობენ სახლები,ადამიანები არ ვიცით რაზე ფიქრობენ და როგორ გიზგიზებს მათ ბუხრებში ცეცხლი.მატარებელი მიუნხენის სადგურში ჩერდება.წვიმს.მხარზე ზურგჩანთას ვიკიდებ,კაპიშონს ვიფარებ თავზე და მივდივარ..

5.ოქტომბერი

გათენდა.ძალიან ადრეა.ქალაქს ჯერ კიდევ სძინავს.სიცივეა.თბილი კაშნე და კუბოკრული პალტო მაცვია ყველგან.რა თქმა უნდა დავუმეგობრდი ყველას და ყველაფერს.ბედნიერი დავდივარ ქუჩებში და ჩემს ახალ მოთხრობებზე ვფიქრობ.გუშინ , დილით,ოქტომბრის ფესტივალზე სანამ წავიდოდი,მუზეომ „პინაკოტეკას“ვესტუმრე,სადაც გამოჩენილი მხატვრების ნახატები დავათვალიერე.თუ ნახატზე გამოსახული ადამიანი ლამაზი არ არის,ამ შემთხვევაში შეგიძლია მთელი სამყარო აღმოაჩინო მასში.აღმოაჩინო სწორედ ის სიღმეები,რომელიც თითოეულ ადამიანშია,მაგრამ ამას მხოლოდ მაშინ აკვირდები თუ პიროვნება ნახატზე,სილამაზის გარდა სხვა ღირებულებების მატარებელია.მუზეომები გვიქმნის წარმოდგენებს იმ სამყაროზე,რომელიც აღარ არსებობს დღეს,ამიტომ მათი არსებობა განსაკუთრებულია.ჩვენ კი, იმიტომ დავდივართ იქ,რომ გვსურს ისეთი რამე აღმოვაჩინოთ,რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ვერ ვპოულობთ.ის ,რაც მოგვწონს და ვერ ვპოულობთ ამ სამყაროში.შეუძლებელია ერთდროულად ჩაწვდე ყველა ნახატს,მაგრამ თავად ეს პროცესი მოქმედებს ჩვენზე შთამბეჭდავად.ასევე შეუძლებელია ყველაფერს გადაუღო სურათები,რადგან არსებობს ხედები, შეგრძნებები,რომლებიც რჩებიან მხოლოდ გონებაში.მუზეომიდან 20-იანი წლების სტილზე გაკეთებულ კაფეში მივირთვი ფრანგული ტარტი და ფრანგული სექტი.ვიყურებოდი ფანჯრიდან და მენატრებოდა საქართველო.

6.ოქტომბერი

გათენდა.ღამე წვიმდა.ვუსმენდი წვიმას და ვფიქრობდი.ჩემი აივნიდან აქაური აივნები ჩანს.ფერადი ყვავილები გადმოფენილია აივნებზე და ეს თითქოს ცხოვრებას ამსუბუქებს,ალამაზებს.ეზოში გავდივარ,აქაც მიხარია ფეხით სიარული.მიუნხენი ბავარიის დედაქალაქია და მდინარე იზარზეა გაშენებული.პარკი სადაც მინდა წიგნები წავიკითხო ინგლისური ბაღის სახელითაა ცნობილი.რომელიც ნიუ-ორკის ცენტრალურ პარკზე დიდია.მდინარე სავსეა გედებით და იხვებით,რომლებიც ლამაზ სანახაობას ტოვებენ.ყავას ვყიდულობ და გზაზე წესების დაცვით გადავდივარ.ნაწვიმარია გზები.გუშინ ულამაზესი და გასაოცარი,ლუდვიგ მეორე ბავარიელის აშენებული ნიმფენბურგის ციხესიმაგრე დავათვალიერე.აზრი შემეცვალა.თუ ვცხოვრობთ ისე უნდა ვიცხოვროთ დაგვიმახსოვრონ ადამიანებმა.ძალიან გემრიელია ყავა.წიგნის კითხვას ვიწყებ.რამდენიმე გვერდს ვკითხულობ,შემდეგ გარშემო ვათვალიერებ ყველაფერს,ახლა სიარული წიგნებზე მნიშვნელოვანია. გუშინ კათოლიკების ეკლესიაში შევედი,მლოცველები,რომლებიც სკამებზე ისხდნენ და ლოცულობდნენ,მიხვდნენ,რომ ტურისტი ვიყავი და ცნობისმოყვარეობით ვათვალიერებდი ირგვლივ ყველაფერს.ეკლესიაში ფრესკები,ქანდაკებები,ამბიონი და ლოცვები ყველაფერი უცხო იყო ჩემთვის,მაგრამ მიუხედავად ამისა, მივხვდი, ღმერთი ყველგან დაგვყვება თან,მოგზაურებს განსაკუთრებით. მესმის ეკლესიის ზარების ხმა.ქუჩას ვჭრი და ოქროსფერი ფოთლებით სავსე პარკში ვიძირები.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply