მე, რომ მცოდნოდა

1

ქუჩაში მივდიოდით, ბებიის სახლს ჩავუარეთ.

-ამ კორპუსში ბებიაჩემი ცხოვრობს;

-ადი მერე, ნახე!

-ვაგვიანებთ

-ახლა თუ არ ახვალ, ინანებ. მე, რომ ბებია მყავდეს…

მხრები ავიჩეჩე და გზა გავაგრძელეთ სამსახურისკენ.

***

398 დღე ჩემი ყველაზე ყურადღებიანი და უდიდესი გულშემატკივრის გარეშე.

მე, რომ მცოდნოდა:

თურმე ყველაფერი მოიცდიდა შენი ნახვის გარდა!

მე, რომ მცოდნოდა, რომ თურმე არაფერი მცოდნია, ჩემი ცხოვრების პრიორიტეტების შესახებ.

***

მე მაქვს 100-ზე მეტი „Selfie“ გადაღებული სხვებთან ერთად, არცერთი შენთან!

დაგყავდი ყველგან ბავშვობაში, მე „დიდობაში“ სხვებთან ერთად დავდიოდი.

შენ მე ბავშვობაში ასჯერ მიმეორებდი, ასჯერ მიხსნიდი და მე შენს მეორე კითხვაზე -ხომ მკითხე?!-ს გპასუხობდი.

ერთხელ მითხარი: „მაპატიე, რომ ამდენ კითხვას გისვამ შენს შესახებ, უბრალოდ მე შენს შესახებ ყველაფერი მაინტერესებს“- მე რომ მცოდნოდა, შენს შემდეგ ასე ჩემით აღარავინ დაინტერესდებოდა…

16 წლამდე ტელეფონის აღებას ვერავინ მასწრებდა. 16 წლიდან თურმე მხოლოდ იმიტომ ვპასუხობდი, რომ შენი ნომერი იწერებოდა. 398 დღეა, სახლის ტელეფონისთვის არ მიპასუხია.

მადლობა ღმერთს, 398 დღეა და რომ მეტი არა, რაც გავიგე რა ახლოსაა სიკვდილი ჩვენთან. აქაა, სადღაც ჩვენს გვერდით.

პატარა ვიყავი, პანაშვიდზე წამიყვანე. ვიღაც ტიროდა, რომ გამოვედით ჩაილაპარაკე: ნეტავ მე რომ მოვკვდები, შენც ასე განიცდიო?!

მაშინ არ მიპასუხია. ეჰ, რა მეპასუხა?! ჩემს სიკვდილს უფრო დავიჯერებდი, ვიდრე შენსას.

მე, რომ მცოდნოდა რას ნიშნავს უშენობა…როცა შემეძლო გადავდებდი ყველაფერს და შენს გვერდით ვიქნებოდი!

ჩვენ ვერასდროს წარმოვიდგენთ როგორ ვჭირდებით, ჩვენს ასაკოვან მეგობრებს! როგორ მარტივად შეგვიძლია მათი ცხოვრების გაფერადება! როგორ ვუხარივართ, ვესამყაროებით! თქვენ გაქვთ „selfie” ბებიასთან?! სეირნობთ და კაფეებს ერთად არჩევთ? იცინით მასთან ერთად გულიანად?!

რას იზამდი, შენ რომ გცოდნოდა ის, რაც მე არ ვიცოდი…

ძალიან გამიჭირდა ამ ყველაფრის დაწერა, მაგრამ მწამს, რომ შენ თუ გეცდოდინება-შენ შეგიძლია გაულამაზო ძალიან ბევრ ადამიანს ცხოვრება!

სიყვარულით,

თაკო

კომენტარები

შეთავაზებები

Discussion1 კომენტარი

  1. რუსუდან მაისურაძე

    ძალიან გული მეტკინა…………………….. ვნანობ? თითქმის ყოველ დღე ………….. სულ მახსენდებიან. რატო ერთს არ შემოივლი? სად დაიკარგე? რას შვები როგორ ხარ? ………..მე? სულ სადგაც მაგვიანდებოდა, სულ სადღაც მეჩქარებოდა, იქ ის უნდა მენახა, ესა თუ ის საქმე უნდა გამეკეთებიდა ვითომდა მნიშვნელოვანი, თურმე …..
    მეგონა მუდამ იქ იქნებოდნენ და რომ მოვიცლიდი შევირბენდი………. გვიანღა მივხვდი, როცა ერთხელაც დაცარიელებულ სახლში ფეხი დავდგი. როცა ავათ იყვნენ თავს ვარიდებდი არა იმიტომ რომ გულქვავა ვარ არამედ გული მტკიოდა, არ მინდოდა ისინი ესეთი გაწვალებულები მენახნენ და რეალობაში ისევ საკუთარ თავზე ვფიქრობდი. თურმე წამები წუთები უნდა გამომეყენებინა, საკუთარ გულში ტკივილი ჩამეხშო და გაღიმებული მათთან ვყოფილიყავი. დღეს კი მივხვდი ყველაფერს ………………. ყველაფერი გადავაფასე და ვცდილობ საკუთარ შვილს მათი უზომო სიყვარული ვასწავლო…….. და ერთხელაც საკუთარი გამოცდილება გავუზიარო………… თუმცა სამწუხაროდ ადამიანები საკუთარი გამოცდილებით სწავლობენ უფრო ხშირად. მიყვარდა თუ არა ისინი ძალიან ?………. ძალიან მიყვარდნენ და მიყვარს ……… სწორედ ამიტომ მტკივა ასე ძალიან გული

Leave A Reply