მე ლიდერი ვარ ! (ქეთევან გოგიაშვილი)

0
მე  კარლოს სლიმ ელუსავით, ბილ გეითსივით და უორენ ბაფეტივით… წარმატებული ვარ!
მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების სამეული 
 
და, თანაც, ამას რომ ვამტკიცებ, სრულ ჭკუაზე ვიმყოფები J.
არადა, ზოგისთვის ნამდვილი უიღბლობის განსახიერებას წარმოვადგენ:
ბავშვობაში გამუდმებით ავად ვიყავი, თანატოლებთან ურთიერთობა მიჭირდა და თავის გამოჩენას ყოველთვის ჩრდილში ყოფნას ვარჩევდი;
ძირითადი პროფესია არასწორად ავირჩიე, რის გამოც ჩემი ცხოვრების მრავალი წელი უსარგებლოდ მოვიხმარე;
ოცდაერთი წლისას ამქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი – მამა – დამეღუპა, რაც ხანგრძლივი და თითქმის უიმედო დეპრესიის მიზეზად მექცა;
ქმარს, ქორწინების ხუთი წლის თავზე, გავშორდი და პატარა ბავშვთან,
ვალებთან  და პრობლემებთან მარტო დავრჩი;
არ მაქვს და არც ვეძებ მაღალხელფასიან, მუდმივ და სტაბილურ სამუშაო ადგილს.
არ გამაჩნია ძვირფასი ნივთები და ანტიკვარული ავეჯი… არც აგარაკი.
ფეხით დავდივარ (ვერავის ვაჯერებ, რომ მაგრად მომწონს J).
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ვიმეორებ: ჩემსა და ზემოხსენებულ სამ ადამიანს შორის განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ მათი ქონება რამდენიმე მილიარდით მეტია ჩემსაზე, მაგრამ ეს განსხვავება არც ისეთი არსებითია, ერთი შეხედვით რომ შეიძლება მოგეჩვენოთ.
რადგან მეც, მათსავით:
ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება.
არაფერს ვაკეთებ იძულებით – ვმუშაობ იმდენს, რამდენიც მინდა და მაშინ,
როცა მინდა;
მაქვს საყვარელი საქმე, არაჩვეულებრივი ოჯახი და ჰარმონიული პირადი ცხოვრება;
მყავს დროში გამოცდილი და ერთგული მეგობრები;
ვარ ჯანმრთელი, მაქვს უფრო მეტი ენერგია და, მგონი, უკეთესადაც გამოვიყურები, ვიდრე ოცი წლის წინ J;
ვცხოვრობ იქ, სადაც მინდა ვცხოვრობდე და ისე, როგორც მინდა, ვცხოვრობდე;
ჩემი დღის რეჟიმი და ცხოვრების წესი ზუსტად ისეთია, როგორზეც ვოცნებობდი;
კარგად ვიცი, რა მინდა და საით მივდივარ;
მაქვს მიზნები და საჭირო რწმენა მათ მისაღწევად;
არავისი მშურს;
არავისი მეშინია;
არავინ მძულს;
ბევრი ვინმე მიყვარს;
ბევრი რამე მახარებს;
ღამღამობით მშვიდად მძინავს;
მაქვს ღვთაებრივი წესრიგისა და მარადიული ცხოვრების რწმენა.
კიდევ რა არის საჭირო იმისათვის, რომ თავი წარმატებულ ადამიანად იგრძნო?
რა ვიცი, აბა – ვისთვის როგორ…
ჩემთვის, ზემოთ რაც ჩამოვთვალე, საკმარისია.
ეს ყველაფერი კი იმიტომ მოგიყევით, რომ თქვენი გულწრფელი შეფასება მომესმინა  –
ნუ დამიმალავთ, მჯობია რამით კარლოს სლიმ ელუ? J
 
           
P.S. ჩემს კითხვაზე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, უმორჩილესად გთხოვთ, დააჭიროთ ამ სტატიის ქვეშ განთავსებულ ღილაკს „Like“ J. 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply