მე დავიბადე ლიდერად ! (თამუნა დანელია)

0

პირველად რომ წავიკითხე თემები  ეს სათური თავიდანვე გამოვრიცხე, მაგრამ ცოტა დავფიქრდი და მერე  ვთქვი რატომაც არა, მე ხომ მართლა დავიბადე ლიდერად!
ლიდერი ანუ მეთაური, ხელმძღვანელი, რაიმე საქმიანობაში დაწინაურებული პირი. ერთი შეხედვით მარტივია და დარწმუნებული ვარ ყველას უნდა ლიდერობა და ფიქრობენ, რა ჯობია იმას, იყო მეთაური.წარმატების შემთხვევაში ყველაზე დიდი ულუფა ხომ მეთაურს ხვდება, მაგრამ იმას აღარ ვუფიქრდებით, რომ წარუმატებლობის შემთხვევაშიც ყველაზე დიდი ქვა ლიდერს ხვდება, და მაინც რა არის მისი დანიშნულება, რა საჭიროა იგი?
ჩემი აზრით, ყველა საქმეს სჭირდება წინამძღოლი. ქვეყნიდან დაწყებული ცხვრის ფარით დამთვარებული. უპატრონო ქვეყანა უპატრონო ფარას გავს, თუკი მიმართულება არ მიეცი და  გზა არ უჩვენე, დაიბნევიან, აირევიან და აიბურდებიან.
გამოდის რომ ლიდერს უნდა მიჰყვნენ, მას დაუჯერონ და რასაც ის აკეთებს იგივე გააკეთონ, გამოდის როგორიც მეთაურია ისეთია ხალხი , ანუ თუ მეთაური ცუდია ხალხიც შესაბამისად მას გავს. არქიფო იყო  ბატონი და ხალხიც მას ჰგავდა, ის ეგონათ მამა მარჩენალი და ვაი, ვინმეს ცუდი ეთქვა რაიმე, ხალხი ბრბოს დაამსგავსა. ასევე იყო „იგი“–ს შემთხვევაშიც, ვაითუ ვინმე შეწინააღმდეგებოდა ბელადს, მაშინვე დიდი დაძინების ქარაფში გადუშვებდა. ამიტომაც საჭიროა კარგი ლიდერი, შეიძლება დიდი დაძინების ქარაფში არავინაც არ გადაგიშვას მაგრამ რა დიდი განსხვავებაა ქარაფსა და აღელვებულ ზღვას შორის.
ჰუჰ, რაღაც ჩავფიქრდი ჩემს ლიდერობაზე…
გავაგრძელოთ… ლიდერი უნდა იყოს  ენაწყლიანი, სიტყვა საქმიანი უნდა ჰქონდეს და საქმე სიტყვიანი. ორატორობის ნიჭით უნდა გამოირჩეოდეს. მასების ხელში აყვანა ყველაზე მთავარია. საკუთარი საქმიანობის მიზანი სხვებმაც უნდა მიიღონ თავანთ მიზნებად, მოკლედ, ხალხი უნდა გაფასებდეს და ხალხმა უნდა აგირჩიოს. თუკი ხალხმა არ გაღიარა ლიდერად, სხვა დანარჩენს აზრი არ აქვს. ხალხის მოხიბლვა კი საუბრით უნდა შეძლო, მაგრამ უნდა ისაუბრო ჭკვიანურად, სიტყვების კორიანტელი ტყუილუბრალოდ არ უნდა აფრქვიო. რასაც ამბობ უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული.სიტუაცია სწორად უნდა გაანალიზო, აუცილებელია მოასაუბრის მოსმენა და მისი აზრების გაგება (თუნდაც არ გაითვალისწინო).
            ვაი, ცოტა არ იყოს უკან ვიხევ მემგონი…
 ადამიანის ბუნება ისეთია მუდამ სიმაღლისაკენ მიისწრაფის. სულიერი სიმაღლისაკენ კი არა, ეკონომიკური სიმაღლისაკენ. სწორედ ეს არის ლიდერების პრობლემა. როგორც ხშირად ხდება,  ყველა ლიდერი ხარბია, უძღობია და საკუთარი ჯიბის გასქელებაზე ფიქრობს. ნამდვილი ლიდერი კი მაშინ ხარ, როცა ფულზე კი არ გუნდზე ფიქრობ და იაზრებ, რომ გუნდი ეს შენ ხარ და ყველა ერთად ერთ მთლიანობას წარმოადგენთ ანუ ყოველი წევრი წვეთია, რომლების ერთობლიობა ქმნის ზღვას და თუ კი ამას მართლა გაიაზრებ მაშინ ამ ზღვასავით ძლიერი და შემტევი იქნება გუნდიც.
უნდა ვაღიარო ეს გააზრებული მაქვს…
ყველაფერთან ერთად ლიდერს ქარიზმატულობაც სჭირდება  , თავისი გარეგნობითაც უნდა მონუსხოს საზოგადოება, მაგრამ გარეგნობაზე გაცილებით მნიშვნელოვანია ჭკუა და განათლება. თუმცა თუ არც განათლება გაქვს და არც ჭკუა, ვეც ხალხის მონუსხვას და მობილიზებას შეძლებ. თუკი ჭკვიანი არ ხარ ვერ შეძლებ ხალხის დამორჩილებას, საზოგადოება ვერ შეეგუება სულელ მმართველს. სულელი მმართველი სუსტ მმართველს უდრის, რადგან მას არც იმის ჭკუა ექნება ხალხი გააცუროს და დიპლომატიურად მოიქცეს.
 განათლება ქე მაქვს… ნუ ჩემი ასაკისთვის საკმარისი.
   ლიდერი უნდა იყოს მასწავლებელიც და დამლაგებელიც, მოსამსახურეც და მეწარმეც. ქალთან ქალი უნა იყოს კაცთან კაცი. ყველას პრობლემა და ვის რა მოთხოვნა აქვს უნდა იცოდეს.ემოციურიც უნდა იყოს და გაწონასწორებულიც. მშვიდიც და აღელვებულიც. უშუალო და ამავე დროს ყველაზე თავდაჭერილი.
       ადვილი ყოფილა?
თუ რაიმე დაშავდა და არ შესრულდა ლიდერს მოეთხოვება პასუხი. იგია პასუხისმგებელი თავის გუნდზე, ხალხზე.ლიდერს  100 ყური უნდა ჰქონდეს და 100 თვალი, ისე უნდა იყოს მობილიზებული თავსი გუნდში ღალატი არ გამოეპაროს და გუნდის ირგვლივ კი მტერი. ძალიან საფრთხილო საქმეა ლიდერობა, უნდა შეძლო გუნდში კონფლიკტი არ მოხდეს და ნაწილებად არ დაიყოს, თორემ თითო თითოდ დაწყობილი ისრის ადატეხვა ადვილი ხდება, მითუმეტეს, როდესდაც შიგნით ერთმანეთსაც უთხრიან ძირს. ურთიერთობის აწყობას დიპლომატია სჭირდება..
მგონი, ლიდერობას ვეღარ დავიბრალებ…
ბოლოს, რასაც ყველაზე მნიშვნელოვნად და საჭიროდ ვთვლი ყველა ადამიანისათვის ეს არის იღბალი და გამართლება. ძნელია მოხვდე საჭირო დროს საჭირო ადგილას. ყველა საქმე წარუმატებელია ბედის გარეშე. თუ ბედი არ გაქვს რაგინდ ჭკვიანი და მოხერხებული იყო მაინც ვერაფერს იზამ. მაგრამ პირიქით, თუ ბედი გაქვს, შესაძლოა არაფერიც არ გქონდეს მაგრამ მაინც წარმატებული და მდიდარი კაცი გახდე. მაგრამ შეუძლებელია გაიგო შენი ბედი. თუკი გეცოდინება რომ ხვალ მოკვდები დღეს არაფერს გააკეთებდი. მაგრამ რახან არ ვიცით რა მოგველის წინ საჭიროა ვისწავლოთ და იღბალი ცოდნასთან ერთად უფრო მსუყეა.
ყველა  ვერ იქნება ლიდერი, ვერც დირექტორი იქნება ყველა, ვიღაცა საქმის შემსრულებელი და დამლაგებელიც უნდა იყოს.
სამწუხაროდ ჩემი მტკიცე გადაწყვეტილება ლიდერობის შესახებ ლერწამივით შეირყა და ქანაობა დაიწყო, ეტყობა არც მე ვარ დირექტორად დაბადებული, ამიტომაც ისღა დამრჩენია იღბალს დაველოდო. იმედია ცხოვრების რაღაც ეტაპზე მაინც მომისწრებს.
 ისე, თქვენ რას ფიქრობთ, ხართ თუ არა ლიდერები?
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply