მეწარმეობა – კეთილდღეობის წყარო და მორალურად ღირსეული პროფესია

0
მეწარმეობის შესახებ ცოდნის გავრცელება და მისი ახალგაზრდობამდე მიტანა  ეკონომიკის განვითარების მთავარი წინაპირობაა. ინტერნეტ ჟურნალი 4motivi.com ყურადღებით აგრძელებს დაკვირვებას თითოეული მოვლენისათვის, რომელიც დაკავშირებულია საქართველოში სამეწარმეო განათლების გავრცელებასა და პრაქტიკის აქტიურ განხორციელებასთან. თავისუფალი უნივერსიტეტის ბაზალეთის ტრეინინგ ცენტრში მიმდინარე წლის 11 თებერვალს სტარტი აიღო ზამთრის საერთაშორისო „თავისუფლების ბანაკმა“, რომელიც დასრულდება 17 თებერვალს და რომლის ორგანიზატორებიც არიან „თავისუფლების ენის ინსტიტუტი“ (აშშ-ი), „თავისუფალი უნივერსიტეტი“ (საქართველო), „აგრარული უნივერსიტეტი“ (საქართველო) და „თავისუფლების კლუბი“ (საქართველო). მასში მონაწილეობას ღებულობს 70 მეტი სტუდენტი, ხოლო ლექციებს კითხულობენ ამერიკელი, ავსტრალიელი, გერმანელი და ქართველი ლექტორები. „თავისუფლების ბანაკის“ ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას მეწარმეობის შესახებ ცოდნის გავრცელება წარმოადგენს, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს მიიღონ თეორიული ინფორმაცია და პრაქტიკული რჩევები მეწარმეობის შესახებ.
12 თებერვალს ზემოაღნიშნულ „თავისუფლების ბანაკში“ ეკონომიკის მკვლევარმა გივი კუპატაძემ წაიკითხა ლექცია „მეწარმეობის მორალურობა“. 4motivi.com გივი კუპატაძის განმიღებული თანხმობის საფუძველზე, უცვლელად გთავაზობთაღნიშნული ლექციის შესავალ სიტყვას.
„მახსოვს, დაახლოებით ორი წლის წინ, ზუსტად იქ ვიჯექი, სადაც ახლა თქვენ ზიხართ. ლექციის დასაწყისში მინდა გაგიზიაროთ სამი მთავარი გაკვეთილი, რასაც მაშინ ვნატრობდი, რომ ვინმესგაეზიარებნა ჩემთვის. სამი გაკვეთილი, რაც ვისწავლე, რომ შეჭმარიტებაა.

პირველი გაკვეთილი: იყო წარმატებული მეწარმე არ ნიშნავს, რომ იყო ხარბი ან ამორალური


ეკონომიკის მკვლევარი: გივი კუპატაძე
არსებობს გავრცელებული შეხედულება, რომ მეწარმეობის ბუნება ამორალურია. ბევრჯერ გექნებათ გაგონილი სხვადასხვა ადამიანისაგან, რომ მეწარმის ერთადერთი ინტერესი თავისი მოგების გაზრდაა. ეს შეხედულება არა მარტო მცდარი, არამედ საშიშია. მეწარმეებს აქვთ ბევრი მოტივაცია, რომელიც მოიცავს ფულის შოვნას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ მოგებით არ არის შეზღუდული. თუ დაფიქრდებით სხვადახვა სახის პროფესიაზე, მაშინ აღმოაჩენთ, რომ ნებისმიერი პროფესიის ადამიანი მოტივირებულია უფრო მაღალი დანიშნულებით, ვიდრე უბრალოდ ფულის შოვნაა. ექიმები არიან ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პროფესიის წარმომადგენლები ჩვენს საზოგადოებაში და მათ გააჩნიათ მაღალი დანიშნულება, რომ განკურნონ ავადმყოფები. იურისტებს აქვთ მაღალი დანიშნულება, რომ დაიცვან სამართლიანობა და მხარი დაუჭირონ პატიოსნებას საზოგადოებაში და მეწარმეებიც ასე არიან. მეწარმეებსაც აქვთ მოგების მიღებაზე მაღალი დანიშნულება, რაც გამოიხატება მომხმარებლების საჭიროებების დაკმაყოფილებაში და საზოგადოების გამდიდრებაში, ღირებულების შექმნისა და ნებაყოფლობითი თანამშრომლობის საშუალებით. ყოველივე ეს არ გულისხმობს, რომ არ არსებობს ხარბი ექიმი ან ხარბი იურისტი და, რა თქმა უნდა, არსებობს ხარბი მეწარმეც, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ მეწარმეობის ჭეშმარიტი ბუნება ამორალურია.
მეორე გაკვეთილი: სიმდიდრე, რომელსაც წარმატებული მეწარმე ფლობს არ არის სხვების ხარჯზე დაგროვებული

ნება მომეცით მოგიყვეთ სიმდიდრის შექმნის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო გზა ეკონომიკური მეცნიერების თვალსაზრით. პირველი გზა დაკავშირებულია ფართოდ გავრცელებულ ეკონომიკურ მოძღვრებასთან და არის მცდარი. ის არის სიმდიდრის შექმნის არასწორი ხედვა, რადგან ეს მოძღვრება საზოგადოების მთლიან სიმდიდრეს, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ „ეკონომიკურ ნამცხვარს“ აღიქვამს, როგორც სტატიკურ ერთეულს, რაც ნიშნავს, რომ საზოგადოების ნებისმიერი წევრისათვის „ეკონომიკური ნამცხვრიდან“ საკუთარი ნაჭრის მოცულობის გასაზრდელად მხოლოდ ერთი გზა არსებობს და ეს გზა საზოგადოების სხვა წევრის კუთვნილი „ეკონომიკური ნამცხვრის“ ნაჭრის შემცირებაა. სიმდიდრის შექმნის მეორე გზა დაკავშირებულია კლასიკური ლიბერალიზმის იდეებთან და წარმოადგენს სწორ გზას. მეორე მიდგომის მიხედვით „ეკონომიკური ნამცხვარი“ არ არის სტატიკური ერთეული და შესაბამისად, სიმდიდრის დაგროვების პროცესი არ ხდება სხვა ადამიანების ხარჯზე. სიმდიდრის შექმნის წამყვანი ძალა მეწარმეობაა და მისი მთავარი იდეა მთლიანი „ეკონომიკური ნამცხვრის“ მოცულობის გაზრდაა. შესაბამისად, მეწარმეობა, ნებაყოფლობითი თანამშრომლობის და არა ძალადობის ან თაღლითობის ხარჯზე, შესაძლებელს ხდის, რომ საზოგადოების თითოეულ წევრს გაზრდილი „ეკონომიკური ნამცხვრიდან“შეხვდეს უფრო დიდი მოცულობის ნაჭერი.

მესამე გაკვეთილი: ყოველ წარმატებულ მეწარმეს ფულის შოვნის გარდა აქვს სხვა მოტივაციაც
ჩვენს საზოგადოებაში ფულის დანიშნულება გადაჭარბებულადაა შეფასებული, ხოლო მისი მნიშნველობა მცდარადაა გაგებული. ფულის ნამდვილი დანიშნულება ფულის მფლობელთა საჭიროებების რაც შეიძლება სწრაფად დაკმაყოფილებაში მდგომარეობს და შესაბამისად, მთავარი მოტივაცია, რაც წარმატებულ მეწარმეს ამოძრავებს არის არა ფული, არამედ ის საჭიროებებია, რაც მას მიაჩნია მნიშვნელოვნად.
ახლა კი ნება მიბოძეთ, გადავიდე უშუალოდ ლექციაზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ უფრო ღრმად დაინახოთ ეს საკითხი.“
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply