მეფე მიდასის სიმდიდრე ანუ ორი გაკვეთილი სიმდიდრისა და ბედნიერების შესახებ

0
შეიძლება ვინმეს სმენია ლეგენდა მეფე მიდასზე. მას აურაცხელი ოქრო გააჩნდა და კიდევ სურდა, რომ უფრო და უფრო მეტი ჰქონოდა. მეფის სიხარბეს საზღვარი არ ჰქონდა. მას მთელი თავისი ოქრო სარდაფებში ჰქონდა მოთავსებული და ყოველი დღის უმეტეს ნაწილს მათ თვლაში ატარებდა.
ერთ დღეს, როდესაც იგი ოქროს თვლიდა ერთი უცნობი გამოეცხადა და უთხრა, რომ მას შეეძლო მისი მეფისათვის ერთი ისეთი სურვილი აესრულებინა, რომელზეც  იგი ყოველთვის ოცნებობდა.
მეფე აღფრთოვანდა და უთხრა: 
– მსურს, რომ ყველაფერი რასაც კი შევეხები ოქროდ იქცეს…
– დარწმუნებული ხართ? ჰკითხა მას უცნობმა კაცმა.
–  რასაკვირველია – მიუგო მეფემ , სრულიად დარწმუნებულმა იმაში, რომ ამ სურვილის ახდენა მას დიდ ბედნიერებას მოუტანდა.
– კარგით მაშინ ხვალ დილით იმ წუთიდან, როგორც კი მზე ამოვა, რასაც შეეხებით ყველაფერი ოქროდ იქცევა – შეჰპირდა მას უცნობი და გაუჩინარდა.
მეფემ დაეჭვდა და მთელი ღამე იმის ოცნებაში გაატარა, რომ რაც უცნობმა უთხრა მართლა სიმართლე აღმოჩენილიყო.
მართლაც მეორე დილით, რომ გაიღვიძა იგი შეეხო თავის საწოლს, ტანსაცმელს და  ეს ყველაფერი ოქროდ იქცა.
მეფემ ფანჯრიდან გაიხედა. ეზოში მისი ქალიშვილი თამაშობდა. ძალიან უნდოდა რაიმეთი გაეხარებინა იგი. ტკბილეული და აღმოსავლური ზღაპრების წიგნი აიღო და წაღება დააპირა, მაგრამ როგორც კი მათ შეეხო ისინიც ოქროდ იქცნენ. წიგნს ვეღარ გადაშლიდი და წაიკითხავდი და  აღარც ტკბილეულის ჭამა შეიძლებოდა.
იგივე დაემართა მის საუზმეს და სასმელ წყალსაც.
– ოქროს ვერც შეჭამ და ვერც დალევ – მიხვდა მეფე.
შემდეგ იგი ბაღში გავიდა. ქალიშვილმა  დაინახა და გახარებული გამოიქცა და ჩაეხუტა მამას. როგორც კი ეს მოხდა მისი ქალიშვილიც ოქროს ქანდაკებად იქცა.

მეფემ თავი დახარა და ტირილი დაიწყო.

მიდასი საშინელ მწუხარებას განიცდიდა და სიცოცხლე აღარ სურდა. მტირალ მეფეს ისევ ის უცნობი კაცი გამოეცხადა და ჰკითხა: იყო თუ  არა ბედნიერი იმით, რომ შეეძლო ყველაფერი ოქროდ ექცია.
მეფემ უპასუხა, რომ ამქვეყნად ყველაზე უბედური ადამიანი იყო…
მაშინ უცნობმა კაცმა ჰკითხა მას:
რა გირჩევნია გყავდეს შენი საყვარელი გოგონა, გქონდეს იმდენი საჭმელი და სასმელი, რომ შიმშილი მოიკლა, თუ გქონდეს უამრავი ოქროს ზოდი და შენი გოგონას ოქროს ქანდაკება?
მეფეს ცრემლები ახრჩობდა. მან აღიარა თავისი შეცდომა და პატიება სთხოვა უცნობს. 
გთხოვ დამიბრუნე ჩემი ქალიშვილი. მზად ვარ მთელი ჩემი ოქრო  გავიღო მის დასაბრუნებლად – თქვა მან.
– ახლა შენ უფრო ჭკვიანი ხარ, ვიდრე იყავი – უთხრა  უცნობმა და შეუსრულა ის თხოვნა, რომელიც მართლა გულით სურდა მას.
და ამის შემდეგ მეფე მიდასმა დაიბრუნა თავისი საყვარელი ქალიშვილი და ისწავლა ორი უმნიშვნელოვანესი გაკვეთილი, რომელიც მას მთელი ცხოვრება აღარ დავიწყებია…
ცხოვრებაში არ არსებობს საყვარელ ადამიანებზე უფრო დიდი განძი. გვიყვარდეს და გავუფრთხილდეთ მათ.
გვახსოვდეს, რომ ბედნიერება იმის მიღებით კი არ მოდის რაც არ გვაქვს, არამედ იმის შემჩნევითა და დაფასებით რაც გვაქვს. ზოგჯერ იმის მიღებამ, რაც ასე გულით გვსურს შეიძლება უფრო დიდი ტრაგედია მოგვიტანოს, ვიდრე იმის  მიღებამ, რაც არ გვსურდა… თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავებაც არ უნდა გამოგვრჩეს:  ცხოვრება მითიური ზღაპარი არაა, რომ ყველაფერი უკან დაიბრუნო…

4MOTIVI.COM

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply