მერაბ მამარდაშვილი ფსიქოანალიზის შესახებ

0

ფსიქოანალიზის არსებით მომენტად მე მიაჩნია ის, რომ მისი ანალიტიკური აპარატი უმთავრეს აზრობრივ კავშირებში ატარებს სიმბოლურ ხასიათს, რაც ხშირად ხდებოდა წყარო იმ მრავალი გაუგებრობებისა, რაც ფსიქოანალიზის, როგორც მეცნიერულ მეთოდის შეფასებებთან იყო დაკავშირებული! ერთ-ერთი მიზეზი ამისა ის იყო, რომ ჯერ კიდევ ფროიდის შრომების შეფასებისას, მაშინაც და დღესაც, ადგილი ჰქონდა და აქვს ტენდენციურ გადაჭარბებებს კლასიკოს მეცნიერ კრიტიკოსთა მხრიდან… კერძოდ, ბევრი მათგანი ფროიდის შეხედულებებს აღიქვამდა ბიოლოგიურ თეორიად, რომელიც ადამიანის პიროვნების განმსაზღვრელ ფაქტორად თითქოს აღიარებდა მის ცხოველურ არსებას, ხოლო ზნეობას და მორალს კი – ბნელი ინსტიქტებისა და ვნებების სუბლიმაციად! მაგრამ, ჩემის აზრით, ფსიქოანალიზი ეს იყო რევოლუცია კლასიკურ ფსიქოლოგიაში, რომელიც საკმაოდ უშუალო კავშირშია რაციონალიზმის რევოლუციასთან ფილოსოფიაში… ამ საკითხის მთავარ ღერძად მიმაჩნია განსხვავებითობის პრობლემა ფიზიკურ მოვლენებსა და ცნობიერების ფენომენებს შორის…

ერთი ფუნდამენტალური აზრით – მთელი XX საუკუნის რაციონალური მეცნიერება ეფუძნება მტკიცებულებას, რომ ჩვენთვის მეცნიერულად მისაწვდიმია და რაციონალურ ახსნას ექვემდებარებიან პროცესები, რომელთაც ადგილი აქვთ რეალურ ფიზიკურ სამყაროში… და აქვე მწვავედ დგება საკითხი, იმაზე თუ რამდენად რაციონალურად ახსნადია ის მოვლენები, რომლებიც ამ ფიზიკური მოვლენებიდან, როგორც პირველადიდან, გამოიყვანებიან – ცნობიერება და მისი ფენომენები, რომელთა საშუალებითაც ჩვენ ვახდენთ წვდომას ამ რაციონალურად ახსნადი და წარმოდგენადი ფიზიკური სამყაროსი! და როგორც აღმოჩნდა ფიზიკური მოვლენის ანალიზის რაციონალისტური აპარატი მრავალ შემთხვევაში თითქმის მიუღებელია ფსიქიკურ მოვლენების არსობრივი წვდომისა და ანალიზისათვის.

ისმება კითხვა – რატომ?!

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ: ცნობიერების ფენომენებს, განსხვავებით ფიზიკური მოვლენებისაგან, ახასიათებთ პირველ რიგში ის, რომ ისინი დაკავშირებულნი არიან მოქმედი “აგენტის-ობიექტის” ინდივიდუალიზაციასთან! ანუ ცნობიერების ფენომენები ჯერ ერთი ინდივიდუალიზაციას უკეთებენ საკუთარ თავს და მეორე – ეკრანირებას ახდენენ იმ (ფიზიკური) პროცესებისაგან, რომლებიც მონაწილეობენ მათში! აი ზუსტად ამ ეკრანს (ეკრანიზაციას) ჰქვია – ცნობიერება! და მთელი განსხვავებაც იმაშია, რომ ინდივიდუალიზაცია – ეკრანირების მოვლენები გვხვდება მხოლოდ ცნობიერების სამყაროში და ფიზიკურ ობიექტთა სამყაროში მათ ადგილი არ აქვთ!… და ჩემის აზრით, ფროიდის მთავარი დამსახურება ზუსტად ამ განსხვავებითობის წარმოჩენის პირველი მეცნიერული მცდელობა იყო.

მაგალითად:. “მე ვუთხარი”-ს არცერთი ატომი, მოლეკულა და ჭიანჭველა არ იტყვის… და საერთოდ “მიტევებული რიყის ქვა” არ არსებობს, მაშინ როცა არსებობენ “მიტევებული ქალები” და “მიტევებული კაცები”..

როგორც აღვნიშნეთ, არსებობს წყვეტა მეცნიერულ-რაციონალური ენის უნივერსალურობაში, რომელიც მდგომარეობს იმაში, რომ ის რაციონალიზმი, რომელიც წარმატებით მუშაობდა “ფიზიკურ ობიექტთა სამყაროს” აღსაწერად, ხშირ შემთხვევაში მიუღებელი ხდებოდა ცნობიერების ფენომენების და ფსიქიკური სამყაროს აღწერისათვის! მაგ.: ვინმე პერსონა ამტკიცებს რომ ის ხედავს ვარდისფერ რეაქტიულ სპილოს… ცხადია კვაკერი მეცნიერ-ბიოლოგი და ფიზიკოსი იტყვის რომ ეს შეუძლებელია და სისულელეა… მაშინ როცა ფსიქოანალიტიკოსი “ვარდისფერ რეაქტიული სპილოს” რეალურად ყოფნა-არყოფნისა და შესაძლებლობის საკითხის განხილვის მაგივრად დასვამდა კითხვას – “რას უნდა ნიშნავს ვარდისფერ რეაქტიული სპილოს” ხილვა, როგორც სიმპტომი იმ რეალური ფსიქიკური მოვლენისა, რომელმაც ამ “აბსურდს” შეაფარა თავი… და როგორ შეიძლება “ვარდისფერ რეაქტიული სპილოს” მოცემულობით გაიშიფროს და აიხსნას ფსიქიკურ ხდომილებათა მთელი ის ჯაჭვი, რომლებიც ამ ვარდისფერ სპილოში გამოკრისტალდნენ?! ამდენად ჩვენ შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ფსიქოანალიზის ძირითად პრობლემას წარმოადგენს არა იმდენად “არაცნობიერის”, რამდენადაც თვით ცნობიერების ფენომენის დეტერმინისტულ-რაციონალური აღწერის ენობრივი პრობლემატიკა… ფროიდმა ზუსტად აქ გადადგა იმ დროისათვის საკმაოდ გაბედული და გადამწყვეტი ნაბიჯი, წარმოაჩინა რა თავისი ფსიქოლოგიური კვლევის მასალა, ასე ვთქვათ შერეული ტიპის, ანუ მესამე გვარის მოვლენებად!… ჩვენ ვთქვით რომ არსებობს ფიზიკური ტიპის მოვლენები სამყაროს შემადგენლობაში და არსებობს ფსიქიკური ტიპის მოვლენები სამყაროს შემადგენლობაში და აღმოჩნდა, რომ იგივე სამყაროს შემადგენლობაში ასევე არსებობს შერეული ტიპის მოვლენები, რომელთა აღსაწერად და გამოსავლენად საჭიროა ანალიზის სპეციფიკური მეთოდიკა!… ამ მეთოდიკის ძირითადი და არსებითი წინამძღვარი მდგომარეობს იმაში, რომ თვით ცნობიერებაში, მის საზღვრებში, არსებობენ და მოქმედებენ ფარული კავშირები და არაკონტროლირებადი მექანიზმები ამავე ცნობიერების აქტივობისა! (ლაპარაკი არაა ცნობიერების გარეთ და გარედან ცნობიერებაზე ზემოქმედ მექანიზმებზე და ფაქტორებზე) მაგალითად ავიღოთ ფსიქოანალიზში საკმაოდ კარგად ცნობილი “ლიაფსუს-ლინგვო”… როცა ადამიანი ერთის შეხედვით თითქოს მექანიკურად რაღაც აბსურდულ ფრაზას ან სიტყვას წამოროშავს… ამ შემთხვევაში ეს მან კი არ თქვა, უფრო მართებული იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს მას ეთქმევინა… ეს მან კი არ გაიფიქრა, ეს მას ეფიქრა და ა.შ. ეს იმას ნიშნავს რომ ამგვარ ლინგვო-ლაფსუსებს თუ მენტალ-აბსურდებს, რომლებიც რეალურად არ არსებობენ და შეუძლებელ ლოღიკურ-აზრობრივ კონსტრუქციებს წარმოადგენდნენ, შესაძლებელია გააჩნდეთ არსებობის საკუთარი სამყარო, სადაც ისინი საკმაოდ სიცოცხლისუნარიანნი შეიძლება აღმოჩნდნენ… და ეს განსაკუთრებული სამყარო იხსნება არა როგორც უშუალოდ კვლევის საგნის, არამედ როგორც ამ საგნის სიმპტომის განზომილება!

როგორც უკვე ვთქვით, ფსიქოანალიზი ე.წ. აბსურდულ, ანუ შეუძლებელ აზრობრივ კონსტრუქციებს განიხილავს არა ობიექტურ ჭეშმარიტებასთან ადექვატურობაში, არამედ როგორც ცნობიერებიდან ერთ დროს განდევნილ, რაღაც რეალური ფსიქიკური შინაარსის სახეცვლილ ფორმებს, რომლითაც ისინი კვლავ უბრუნდებიან ცნობიერებას!

მე მინდა აღვნიშნო, რომ რეალურად ჩვენს ფსიქიკურ ცხოვრებაში, არსებობენ რაღაც “იეროგლიფური აზრები”, რომლებიც უშუალოდ არავითარ რაციონალურ ახსნას არ ექვემდებარებიან. მაგ.: ზოგიერთი ტიპის ფსიქოზებში ხშირად ფიგურირებდა “განსაკუთრებით პრიალა ცხვირი”… ანუ რაღაც მიზეზით რაღაც რეალური ფსიქიკური შინაარსი მიება ზუსტად ამ საგანს და მასში დაისადგურა და ამ გზით გააგრძელა საკუთარი პათოგენური მოქმედება!

ფსიქოანალიზური რედუქციის განხილვის საგნად შემოდიან ირაციონალური აზრობრივი კონსტრუქციები, რომლებიც ებმებიან გარკვეულ საგნებს, სახლდებიან, იფუთებიან მათში და შემდგომ ამ შეფუთული სახით გვევლინებიან ცნობიერების ეკრანს აქეთ და განაპირობებენ სუბიექტის პათოგენურ ქცევას თუ წარმოდგენებს. თუმცა, ცნობიერების ეკრანის ეს თვისება, შეფუთოს და სახეცვლილი ფორმით შემდგომ ამოატივტივოს ესა თუ ის განცდა – სამყაროს გამოცდილება, გაგების შუქზე შეიძლება სულაც არ იყოს პათოგენური!… ავიღოთ XX საუკუნეში შემოსული და ფართოთ გავრცელებული ლიტერატურული “ცნობიერების ნაკადების” მეთოდი. მაგალითად მარსელ პრუსტის რომან “დაკარგული დროის ძიებაში”. “მადლენის ნამცხვრებს” მარსელი გადაჰყავთ პატარაობის ზღაპრულ სამყაროში, სადაც მოგონების ველში დატრიალდნენ განცდის ის ფერები და არომატები, რომლებსაც ერთის შეხედვით “მადლენის ნამცხვრებთან” არაფერი ჰქონდათ საერთო.. ამ მაგალითზე პრუსტი აჩვენებს მეხსიერების განსხვავებულ რეჟიმს. ჩვენ შეიძლება შეგნებულად გვინდოდეს რაღაც შთაბეჭდილების დამახსოვრება, მაგრამ თავად შთაბეჭდილება ამ დროს შეიძლება გაექცეს ჩვენს ამ შეგნებულ მცდელობას და მიებას რაღაც საგანს და შეიფუთოს მასში. ასე მოხდა და მთელი სამყარო შეიფუთა იმ დროს იმ კრემიან ნამცხვარში, რომელსაც იგი ჭამდა ბავშვობისას ერთხელ, ერთ ბაღში

და რას ვხედავთ ღირებულს და მნიშვნელოვანს ფროიდის ფსიქოანალიზში?! – ფაქტიურად ხდება რაღაც ობიექტზე ფიქსირებული და მასში შეფუთული შინაარსის გამოთავისუფლება ამ ობიექტიდან წარსულის გამოთავისუფლება შემთხვევითი საგნიდან და მისი გაცნობიერებული განცდა თავიდან, ამ საგნისაგან დამოუკიდებლად განსხვავებით საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისგან, ფსიქოანალიზს არ გააჩნია რაციონალურად აღწერადი და დაკვირვებად საწყის მონაცემთა სიმრავლე, საიდანაც შეიძლება შემდგომ, დეტერმინისტულ-ანალიტიკური პროცედურების გზით მივადგეთ საკვლევი საკითხის ამოხსნას. ფსიქოანალიზურ ექსპერიმენტს არ გააჩნია კლასიკური მეცნიერული ექსპერიმენტის ის მთავარი თვისება, რომ იგივე ექსპერიმენტი შეიძლება იგივე შედეგებით იყოს განმეორებადი სხვა მკვლევარის მიერ, სხვა ადგილას და სხვა დროში.

წყარო

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply