მგელი

0

ასეთი ცივი და გრძელი ზამთარი საფრანგეთის მთებში არასოდეს ყოფილა. უკვე რამოდენიმე კვირაა ჰაერი გამჭოლი და გაყინულია. დღისით თოვლით გადაპენტილი უკიდეგანო მინდვრები ბამბრისფრად ლიპლიპებდნენ გამყინავად ლურჯი ცის ქვეშ. ღამით კი მათ ნელი და გამიზნული სვლით გარს უვლიდა მკაცრი მთვარე, რომლის მოყვითალო შუქის ფონზე, თოვლიც თითქოს გაყვითლებულიყო. ადამიანები თავს არიდებდნენ გზას. განსაკუთრებით მთიან მხარეში, იჯდნენ თავიანთ ქოხებში და ილანძღებოდნენ. მთვარის მოყვითალო ნათების ფონზე ქოხმახების წითლადშეღებილი ფანჯრები ბურუსნარევი, რაღაც ჯადოსნური ძალით ლიცლიცებდნენ და გვიან ქრებოდნენ.

ამ მხარეში მობინადრე ცხოველებს მძიმე ჟამი დაუდგათ. წვრილფეხა ცხოველები მასიურად იხოცებოდნენ. ყინვას ვერც ფრინველები უძლებდნენ, მათი გაყინული ლეში მგლების სანოვაგენ ქცეულიყო. ყინვა და შიმშილი ამ უკანასკნელთაც საშინლად ტანჯავდა. ამ მხარეში მგლების რამოდენიმე ხროვა ბინადრობდა, გასაჭირმა ისინი ერთ დიდ ოჯახად გააერთიანა. დღისით მგლები სანადიროდ ცალ-ცალკე გადიოდნენ. აქა-იქ გაირბენდა ხოლმე რომელიმე მათგანი, შიმშილისგან ჩამოლეწილი, შეშინებული და ფრთხილი, თითქმის ცერებზე მოსიარულე. მხეცის ვიწრო, ჩამობნედილი ლანდი მასთან ერთად მიცოცავდა თოვლითა და ყინულით მოლიპულ ზედაპირზე. მგელი ცისკენ აიშვერდა თავის ბასრიან ცხვირს და ხარბად იყნოსავდა სუსხიან ჰაერს. ღამ-ღამობით მგლები სანადიროდ გუნდურად გამოდიოდნენ. ხრიწიანი ყმულილით ტრიალებდნენ სოფლების შორიახლოს. იქ საქონელი საიმედედ იყო გადამალული. გადატენილი თოფებიც იქვე ელაგა. იშვიათად თუ გამოჰკრავდნენ მგლები რაიმეს კბილს. ხშირად ისინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ, გადახლართულნი იწვნენ, თითქოს ერთმანეთს ათბობენო. ფიქრებში ჩაძირულნი, სევდიანი თვალებით გაჰყურებდნენ თოვლით გაუდაბნოებულ არემარეს. იწვნენ ესე გაუნძრევლად, სანამ რომელიმე მათგანი მტანჯველი შიმშილისგან გამწარებული სასოწარკვეთილი ღრიალით არ წამოხტებოდა ადგილიდან. მაშინ დანარჩენებიც მისკენ იბრუნებდნენ პირს და რაღაც შემაძრწუნებელ, ავბედით ყმუილს ეცემოდნენ.

დილაადრიან რამოდენიმე მგელმა სანადიროდ სხვა მხარეში წასვლა გადაწყვიტა. მგლები ჩორთით დაუყვნენ დაღმართს, მათ დანარჩენებიც უკან მიყვნენ ჩანჩალით, შემდეგ შეჩერდნენ თოთქოს ვერ ბედავდნენ მათ კვალს დადგომოდნენ, წასულებს შუშისებრი, ფართოთ გახელილი თვალებით გაჰყურებდნენ, ცოტა ხანს ესე იდგნენ, შემდეგ ნელი სვლით ისევ თავიანთ ცარიელ ბუნაგებში დაბრუნდნენ.

წასულები ერთმანეთს ნაშუადღევს დაშორდნენ. სამი მათგანი სამხრეთით შვეიცარიის მთებისკენ დაუყვა გზას, დანარჩენებმა სამხრეთისკენ განაგრძეს გზა. ეს სამი მგელი განსაკუთრებით ლამაზი და ახალგაზრდა მხეცები იყვნენ. მათი ნეთელი ჩაზნექილი მუცლები ისე ჰქონდათ გამოყვანილი, თითქოს ვნმეს ქამარი შემოეჭიროსო. ფერდებზე ნათლად მოუჩანდათ ამოშვერილი ნეკნები, თვალები კი გაფართოებული და ამღვრეული ჰქონდათ.

მგლები მთის ხეობაში მდებარე სოფლებს შეეხიზნენ, პირველ დღეს ბატკანი მოინადირეს, მეორე დღეს ძაღლი და კვიცი. ცოტა ხანში მათ ყოველი მხრიდან განრისხებული გლეხები გამოეკიდნენ. სოფლებსა და პატარა ქალაქებს შიშის ტალღამ გადაუარა. საფოსტო მარხილები მხოლოდ შეიარაღებული მხლებლეთურთ გადაადგილდებოდნენ, იარაღის გარეშე სოფლიდან-სოფელში გადასვლას ვერავინ ბედავდა. უცხო მხარეში მოხვედრილმა მგლებმა სულ დაკარგეს სიფრთხილე და ეხლა დღის შუქზეც კი თავს ესხმოდნენ ბოსლებსა და საჯინიბოებს. გაშმაგებულმა ბრძოლამ ხუტორები სისხლითა და ოფლით მორწა. ძროხების შემაძრწუნებელმა ბღავილმა არემარე გააყრუა. მაგრამ, ამჯერად საქმეში ადამიანები ჩაერივნენ, ორი მგელი იქვე გაათავეს. ერთი ტყვიამ იმსხვერპლა, მეორე ნაჯახმა. მესამემ კი რომელიც ყველაზე ახალგაზრდა იყო თავს გაქცევით უშველა. გარბოდა სანამ ღონემიხდილი არ დაეცა. დიდხანს იწვა თოვლზე გართხმული ვიდრე გაშმაგებულ სუნთქვას დაიწყნარებდა, თვალებიდან სინათლის ცეცხლოვანი რგოლები უცვიოდა და დროდადრო  ავადმყოფული კვნესა აღმოხდებოდა. ეხლაღა მიხვდა თუ რა შორს წამოსულა. არც სახლები ჩანდა და არც ადამიანები. მის წინ ძლევამოსილი, დათოვლილი შასერალი აღმართულყო. მგელმა გადაწყვიტა მისთვის გვერდი აევლო. საშინელი წყურვილი ტანჯავდა. იქვე მიმოფანტულ ყინულის პატარა კრისტალებს დაუწყო კვნეტა. მგელმა ძალ-ღონე მოიკრიბა ზანტად წამოწია დამძიმებული სხეული და გზა განაგრძო.

უკვე ბინდდებოდა, მგელმა გაღმასოფელს მიაღწია და ნაძვნარში შეიყუჟა. ირგვლივ არავინ ჩანდა. სახლებს შორის მანძილები შიშსა და წრწოლვას მოეცვა. გაისმა გასროლა. მგელმა თავი უკან გადაზნიქა და გასაქცევად მოემზადა. მეორედაც გაისროლეს, ტყვიამ მგელს თავი გაუხვრიტა, მისი ნაცრისფერი ბეწვი წითლად შეიღება. მგელმა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და გაიქცა, წამით შეჩერდა გაიტრუნა, მთის ფერდს ახედა. ის დამრეცი და ჩახლართული იყო. მაგრამ სხვა გზა არ ჰქონდა, დაჭრილი მგელი აცახცახებული სხეულით მიაპობდა გზას ნაძვნარში. ფერდებიდან სისხლის ყავისფერი წვეთები ეღვენთებოდა.

ყინვამ მოუჭირა. ცის დასავლეთი კიდე ნაცრისფრად მოიღუშა. თოვას აპირებდა. მგელმა მთის მწვერვალს მიაღწია. მონტ კუზინის ძირას, ოდნავ დამბრეც მინდორზე, ეულად მდგომმა ნაძვმა თავისკენ მიიზიდა. მგელი ეხლა უკვე ზემოდან დაჰყურებდა იმ სოფელს საიდანაც ცოტა ხნის წინ ძლივს გამოასწრო გამოქცევა, ის შიმშილს უკვე აღარ გრძნობდა, მხოლოდ ჭრილობიდან მომავალი ყრუ ტკივილი ტანჯავდა. გული მძიმე და მტკივნეული ბიძგებით უცემდა, სიკვდილის მოახლოებას უგრძნობდა. ნაღვლიანი და დაღლილი თვალებით გაჰყურებდა თოვლიანი ღამით მოცულ ტყეს. მგელმა თავი შეაბრუნა და მისკენ მომართულ სინათლის სვეტს ახედა. იქ ჩრდილო-აღმოსავლეთით ნაცრისფრად დააბინდულ ცაზე სისხლისფერი მთვარე ზოზინით ამოდიოდა. ასე დიდებული და იდუმალე მთვარე მას არსდროს ენახა. მგელს უკანასკნელი, სუსტი ყმუილი არმოხდა, რომელიც ჩუმი და მტკივნეული ექოთი გაიფანტა ნაცრისფერ ღამეში.

მგელს ანთებული ჩირაღდნები და თოვლზე მოჭრაჭუნე ნაბიჯები უახლოვდებოდნენ. ცხვრის ტყაბუჭებში და ბეწვის ქუდებში გამოწყობილი გლეხები, მონადირეები და ბავშვები ნელა მიიკვლევდნენ გზას დაჭრილი მგლისკენ. ბრბომ მგელს მიაგნო, ატყდა ერთი ალიაქოთი. ორჯერ გაისროლეს, ორივე ააცილეს. მერე მიხვდნენ, რომ ის უკვე სიკვდილის პირას იყო. კომბლებითა და ჯოხებით დაუწყეს ცემა. მაგრამ ის უკვე ვეღარაფერს გრძნობდა.

ბრბომ მგლის დაბეგვილი ცხედარი ბარში ჩაათრია. ისინი იცინოდნენ, მხიარულობდნენ, ერთმანეთს სასმელს და ცხელ ყავას თავაზობდნენ, მღეროდნენ, ყაყანებდნენ და კინკლაობდნენ. არცერთ მათგანს არ შეუმჩნევია თოვლით მოცული ტყის სილამაზე, შასერალზე გადმოკიდებული უჩვეულოდ იდუმალი, სისხლისფერი მთვარე, რომლის ლივლივა ჩრდილიც მათი თოფების პრიალა ლულებზე და მგლის ჩამქრალ თვალებში ირეკლებოდა.

ჰერმან ჰესე – თარგმანი მარიამ შელეგია

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება


დავიბადე სოხუმში, გავიზარდე ბათუმში ვცხოვრობ თბილისში.