მაქს ვებერის გაგების სოციოლოგია

0

სოციოლოგია მეცნერებაა, რომელიც საზოგადოებას, მისი განვითარების მახასიათებლებს და საზოგადოებრივ სისტემებს შეისწავლის, ასევე – სოციალურ ინსტიტუტებს და ურთიერთობებს, განსაკუთრებით საზოგადოებისა და პიროვნების ურთიერთდამოკიდებულებას.

სოციოლოგიის სფეროს ერთ-ერთი დამაარსებელი და გამოჩენილი სპეციალისტია გერმანელი სოციოლოგი, პოლიტეკონომისტი, ისტორიკოსი და ფილოსოფოსი მაქვს ვებერი. მისმა იდეებმა სოციოლოგიური მეცნიერების და სხვა საზოგადოებრივი დისციპლინების განვითარებაზე დიდი გავლენა მოახდინეს. იგი ეყრდნობოდა ანტიპოზიტივიზმის მეთოდებს და ამტკიცებდა, რომ საზოგადოებრივი მოქმედებების შესასწავლად საჭიროა, არა იმდენად ემპირიული, რამდენადაც ინტერპრეტაციული და ახსნითი მიდგომა. ვებერის მიერ იქნა შემოღებული „სოციალური მოქმედების“ გაგება. გარდა ამისა, მან დააფუძნა გაგების სოციოლოგია, სადაც არამხოლოდ განიხილება სოციალური მოქმედებები, არამედ ხდება მისი აზრის და მიზნის აღიარება მოქმედებაში ჩართული ადამიანების პოზიციიდან.

ვებერის იდეების თანახმად, სოციოლოგია გაგების მეცნიერება უნდა იყოს, რომელიც ადამიანის გააზრებულ მოქმედებას ეფუძნება. თუმცა, ამ გაგებას არ შეიძლება ვუწოდოთ ფსიქოლოგიური. იგი სოციალურია, რადგან ურთიერთკავშირშია სხვების მოქმედებასთან, არეგულირებს და ორიენტირს აძლევს მას. ვებერის დისციპლინის მთავარი საფუძველი ისაა, რომ ბუნების კანონები და საზოგადოება ურთიერთსაპირისპიროა, ანუ არსებობს მეცნიერული გაგების ორი საბაზისო ტიპი – საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარული. სოციოლოგია სასაზღვრო მეცნიერებაა, რომელსაც მათი დადებითი მხარეების დაკავშირება ევალება. გაგების სოციოლოგიის არსი შემდეგში მდგომარეობს:

• რაიმე მოქმედების შემდეგ, ადამიანი ცდილობს საკუთარი მისწრაფებების გაანალიზებას, რა გზით და რისი წყალობით შეძლო ან არ შეძლო მიზნის შესრულება?

• რა შედეგები აქვს ან შესაძლოა ჰქონდეს ერთი ადამიანის მისწრაფებებს მეორის მოქმედებებზე?

თუკი კარლ მარქსი და ემილ დიურკემი განიხილავდნენ სოციალურ გამოვლინებებს ობიექტივიზმის პოზიციიდან, მაქვს ვებერმა აქცენტი გადაიტანა სუბიექტურზე ანუ ცალკეულ ადამიანზე, ინდივიდზე, მისი სამყაროს რუკაზე, რწმენაზე, იდეებზე და ა.შ. და რადგან მთავარი სოციალური ნიშანი მდგომარეობს სუბიექტური აზრის გაგებაში, ვებერის სოციოლოგიას „გაგების“ სახელი მიენიჭა.

სოციალური ქმედებები

სოციალური ქმედებები, შესაძლოა, რამდენიმე სახის იყოს და ეყრდნობოდეს მოტივაციის 4 ტიპს:

• მიზანმიმართული სოციალური მოქმედება – ეფუძნება სხვა ადამიანების და გარესამყაროს კონკრეტული ქმედებების მოლოდინს და და ამ მოლოდინის მიღებას, როგორც „საშუალების“ ან „პირობების“ იმ მიზნებისთვის, რომელიც რაციონალურად არის მიმართული და რეგულირებადი (მაგ.: წარმატება);

• ღირებულ-რაციონალური სოციალური ქმედება – ეფუძნება შეგნებულ რელიგიურ, ესთეტიკურ, ეთიკურ ან ნებისმიერი ღირებული საკითხისადმი რწმენას, მისი წარმატებულობის და შედეგიანობის მიუხედავად.

• აფექტური სოციალური ქმედება – ეს ემოციური ქმედებებია, რომელიც ადამიანის აფექტური ან ძლიერი ემოციური მდგომარეობისას ვლინდება.

• ტრადიციული სოციალური ქმედება – ეფუძნება ადამიანის ჩვეულებრივ ქმედებებს.

იდეალური ტიპი

იმისათვის, რათა გამოვავლინოთ მიზეზ-შედეგობრივი კავშირი და გავიაზროთ ადამიანის ქმედებები, ვებერმა შემოიტანა იდეალური ტიპის ცნება. იგი ემყარება არა აბსტრაქტულ თეორიულ კონსტრუქციებს, არამედ გამოვლინებებს, რომლებსაც რეალურ ცხოვრებაში აქვს ადგილი. გაგება დინამიურია – კვლევის სოციუმი და ინტერესთა სფერო შესაძლოა შეიცვალოს და საჭიროა, ამ ცვლილებებთან შესაბამისი ახალი ტიპოლოგიების ფორმირება.

სოციალური ინსტიტუტები

ვებერი ცალკე გამოყოფს სოციალურ ინსტიტუტებს, როგორიცაა სახელმწიფო, ეკლესია, ოჯახი და ა.შ. და – სოციალურ ასოციაციებს, როგორიცაა საზოგადოება და ჯგუფები. სოციალური ინსტიტუტების ცენტრში ყოველთვის არის სახელმწიფო, რომელსაც ვებერი საჯარო ხელისუფლების განსაკუთრებულ ორგანიზაციად წარმოგვიდგენს, რომელსაც ლეგიტიმური ძალადობის მონოპოლია აქვს. ხოლო რელიგიას ადამიანის ქმედებებში სემანტიკურ საწყისად თვლის და ინტერესდება ინდივიდუალური დამოკიდებულებით მისდამი. იგი ავლენს ურთიერთკავშირს ადამიანთა რელიგიურ რწმენასა და მათ ეკონომიკურ ქცევებთან.

ბიუროკრატიის კვლევა

ვებერმა სოციუმის ბიუროკრატიისა და ბიუროკრატიზაციის კვლევისას რაციონალური მიდგომები გამოიყენა, რაშიც, მისი აზრით არის კიდეც ბიუროკრატიის არსი. აღნიშნული ტერმინის დადებითობის მიუხედავად, ვებერის აზრით, ბიუროკრატია დემოკრატიის და ლიბერალური ბურჟუაზიისთვის პოტენციური საფრთხეა, თუმცა მის გარეშე არსებობა არცერთ სრულყოფილ საზოგადოებას არ შეუძლია.

გაგების სოციოლოგიის გავლენა

ვებერის გაგების სოციოლოგია განსაკუთრებით განვითარდა XX საუკუნის შუა პერიოდსა და მეორე ნახევარში. იგი შემდგომში განავრცეს ცნობილმა სოციოლოგებმა, ედვარდ შილზმა, ჯორჯ ჰერბერტ მიდმა და სხვებმა. ამერიკელი ტალკოტ პარსონსის წყალობით კი, სოციალური ქმედების თეორია თანამედროვე ქცევით მეცნიერებებში განმსაზღვრელი წერტილი გახდა.

დასკვნები

ვებერის პოზიციიდან თუკი განვსჯით, სოციალური ქმედებები ადამიანის სუბიექტურ დამოკიდებულებებს, მის პოზიციებს ასახავს, რაც ორიენტირებულია მოქმედების ჩადენასა ან მის უარყოფაზე. მოქმედება სოციალურად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ ადამიანის გონებაში გარკვეული აზრი ესადაგება სხვა ადამიანების ქმედებებს. სოციალური გაგების მთავარი ამოცანა იმ მოტივების დადგენაა, რაც ამოძრავებთ ადამიანებს ამა თუ იმ სიტუაციაში.

გაზიარება:

ფილოლოგი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply