“მანამ ვერ ვხვდებით რა შეგვიძლია, ვიდრე არ გავაკეთებთ”

0

მოტივაცია, წარმატება,ბედნიერება და სიყვარული, ეს ის ოთხი მოტივია, რომელსაც ინტერნეტ სივრცის აქტიური მომხმარებელი კარგად იცნობს. სამოტივაციო, საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ-ჟურნალი ” 4motivi.com”. საქმე, რომელიც უბრალო ბლოგიდან, ენთუზიაზმით დაწყო, როგორ იქცა ერთ-ერთ წარმატებულ ინტერნეტ ჟურნალად, ამაზე თავად ჟურნალის პროექტის ავტორი თემო ბერიშვილი გვიამბობს.

“ვიდრე 4 მოტივის იდეა დაიბადებოდა, მე თავად ძალიან გატაცებული ვიყავი მსგავსი თემატიკის საიტების უცხო ენაზე კითხვით. საიტების სადაც ბედნიერებაზე, წარმატებაზე,სიყვარულზე,სიკეთეზე და პოზიტიურ სამყაროზე წერდნენ. ძალიან მინდოდა ქართულ ენაზეც ყოფილიყო მსგავსი საიტები, თუმცა ქართულ ინტერნეტ სივრცეში მსგავს რამეზე არავინ იწუხებდა თავს და მხოლოდ ჭორები, სექსი, პოლიტიკოსების კრიტიკა რჩებოდა ქართული პოპულალური ბლოგებისა და ონლაინ ჟურნალების მთავარ თემატიკად. ცხოვრებაში არსებობს მიზნები, რომლებიც არ ასრულდება ან ძალიან გვიან ახდება, თუ თავად არ ვცადეთ მათი გაკეთება. “თავად შემიძლია ამის გაკეთება” – უბრალოდ გავიფიქრე ერთ დღეს და ფიქრს იდეა მოჰყვა,იდეას გეგმა და ეს გეგმა თანდათანოთ იმ სტრიქონებში გადაიზარდა, რომელიც პირველად დავწერე ბლოგზე.”

ამბობს, რომ თავიდან ბლოგის არაფერი გაეგებოდა, თუმცა მას ჰქონდა მიზანი და ზუსტად იცოდა რისი მიღება სურდა.

“ვებ–დიზაინის და ბლოგის არაფერი ვიცოდი, მქონდა,მხოლოდ მიზანი და მისი მიღწევის ძლიერი სურვილი.
თუმცა, გადადგმული ნაბიჯის შემდეგ ყველაფერი თანდათან ლაგდებოდა. სტატიას სტატია ემატებოდა, საჭირო ცოდნაც მოდიოდა, დიზაინიც თანდათან იხვეწებოდა და იდეებიც.. ყოველ ახალ სტატიას მოწონება და აღიარება მოსდევდა და მეც მოტივაცია მემატებოდა.”

“მოტივაცია, წარმატება,ბედნიერება და სიყვარული, ეს ის ოთხი მოტივია, რომელთა ბაზაზეც შეიქმნა ჟურნალი და რის გამოც ყოველდღიურად სტუმრობს მას მკითხველი. რაოდენ დიდი პარადოქსიც უნდა იყოს, ადამიანთა უმეტეს ნაწილს ღირებული და წარმატებული ცხოვრების შექმნის თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა. მჯერა ღმერთი არც ერთ ადამიანს არ ანიჭებს იმდენად დიდ უპირატესობას, რომ მისი აღმოფხვრა ძლიერი სურვილისა და მონდომების წყალობით ვერ შევძლოთ. შეიძლება ბევრი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს ამ საკითხს, თუმცა მათი შეხედულების საპირისპიროდაც უამრავი ცხოვრებისეული მაგალითის ანალიზი მეტყველებს. ზემოდ აღნიშნული შეხედულებიდან გამომდინარე ყოველთვის მწამდა, რომ მოტივაცია – მისი მაღალი დონე, ყოველდღიური და გაუნელებელი „შინაგანი ცეცხლი“, დასახული მიზნების მიღწევაში უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობდა. თუმცა ,მხოლოდ მოტივაცია არასდროს მიმაჩნდა საკმარისად. როგორც ჯიმ რონი ამბობს „თუ იდიოტს გაუკეთებთ მოტივირებას, რას მიიღებთ?“ რასაკვირველია, მოტივირებულ იდიოტს.” ამიტომაც, აუცილებელია, სწორი და ღირებული მიზნების არსებობა. ამ უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევაში კი უმთავრეს როლს სიყვარული ასრულებს. კონკრეტული საქმის სიყვარული გვეხმარება ვიპოვნოთ ჩვენი ადგილი ცხოვრებაში, ავირჩიოთ სამსახური, რომელიც არ დაგვღლის, გზა რომელზეც არასოდეს მოგვწყინდება წინსვლა, სიყვარული გვეხმარება ჩამოვაყალიბოთ მყარი ოჯახური და ადამიანური ურთიერთობები, რაც ცხოვრებისეული ბედნიერებისა და წარმატების უმნიშვნელოვანეს საზომად მიმაჩნია. ადამიანის, ღვთის, სამყაროს, სიცოცხლის სიყვარული კი გვეხმარება ვაშენოთ უკეთესი სამყარო და ვიყოთ მეტად კეთილები და ლოიალურები ერთმანეთის მიმართ.

ასე, რომ მოტივაცია და სიყვარული შემდეგ ორ მოტივს წარმატებასა და ბედნიერებას უშუალოდ უკავშირდება, რომლებიც თავის მხრივ ურთიერთქმედებენ დანარჩენ ორთან და საბოლოოდ ღირებულ ცხოვრებასაც ქმნიან. ძველი ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ერთ–ერთი მნიშვნელოვანი სწავლების მიხედვით ადამიანი „თეოლოგიური ორგანიზმია“. სიტყვა “teleos” ბერძნულად მიზანს ნიშნავს. ფილოსოფოსი ამტკიცებდა, რომ ადამიანის ყოველი მოქმედება მიზანმიმართულია. ანუ თქვენ ბედნიერი ხართ, როცა გარკვეულ მიზანს ემსახურებით, როცა იცით თქვენი ადგილი, თქვენი ცხოვრების არსი და იმას აკეთებთ, რასაც სასურველი მიზნისკენ მიყავხართ. შეიძლება წარმატება ყოველთვის არ ნიშნავდეს ბედნიერებას და ბედნიერება წარმატებას, თუმცა ამ ორი ფაქტორის გარეშე ყოველთვის გაგიჭირდებათ ცხოვრებისეული ბალანსის პოვნა.”-აცხადებს თემო.

მისივე თქმით, როცა რამის შექმნას იწყებ გასავლელი გზა რთულია, მაგრამ მიზნამდე მისაღწევად ბოლომდე ბრძოლა უნდა ვიცოდეთ.

“ყოველთვის რთულია, როცა რაიმე ახალს და მითუმეტეს, დიდ მიზანს ეჭიდები, თუმცა თუ გიყვარს ის, რასაც აკეთებ და გწამს შენი მიზნის არსის და მნიშვნელობის, სიტყვა უკან დახევა აღარ არსებობს. ვიცი ამ ხნის მანძილზე უამრავი შეცდომა დავუშვი, მაგრამ ასჯერ უფრო მეტი ვისწავლე. ჩემი მოტივაცია ყოველდღიურად იზრდებოდა და იზრდება. მართალია, თავიდან არავინ იცის გაამართლებს, თუ არა, თუმცა პასუხსაც ვერ იპოვნით, თუ ყველა გზა არ სცადეთ.”

“ნათლად მახსოვს,ის წამები , როდესაც საიტის მისამართზე ვფიქრობდი. რამდენიმე საათის ფიქრის შემდეგ გადაწყვეტილებამ წამიერად, გონებაში გამოანათა : “4 მოტივი – მოტივაცია,წარმატება, ბედნიერება და სიყვარული” – ცოტა არ იყოს ხმამაღლა წარმოვთქვი , ყველას თანდასწრებით.შემდეგ სასწრაფოდ შევამოწმე საიტის მისამართი 4motivi.com დაკავებული ხომ არ იყო და ყველაფერი ჩემდა სასიხარულოდ დასრულდა. 4motivi.com – მოტივაცია, წარმატება, ბედნიერება და სიყვარული – ეს იყო ის, რასაც ამდენ ხანს გონებაში ვალაგებდი.“

თემო აქვე საუბრობს ჟურნალის წარმატების მოტივზეც, იმაზე, თუ რა აქვს ვებ-გვერდს განსხვავებული, რაც მკითხველს იზიდავს.

“ვფიქრობ ჟურნალი, სწორ პრინციპებზეა აგებული,რაც განაპირობებს კიდეც მის უნიკალურობასა და ორიგინალობას. მკაცრად განსაზღვრულია კრიტერიუმები, რომელთა საფუძველზეც მასალები ქვეყნდება , თემატიკაც მრავალფეროვანია, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, თითოეულ სტატიაში უდიდესი რწმენა, გულწრფელობა და სითბო იდება,რაც თავისთავად განაპირობების მკითხველის სიმპათიასა და ერთგულებას.”

“ამ დროისთვის 65 ათასზე მეტი მომხმარებელია ჟურნალის “facebook”-ის გვერდზე, რაც ჩემი აზრით საკმაოდ კარგი მიღწევაა, საიტისთვის, რომელსაც რეკლამაზე თეთრიც კი არ დაუხარჯავს.”

მახსოვს, როცა ამ საქმეს ვიწყებდი, ერთმა განათლებულმა და ჭკვიანმა ადამიანმა მითხრა, რომ იმ რესურსებით, რაც მე მაშინ მქონდა, ყველაზე კარგი შედეგი იქნებოდა, თუ ჟურნალს დღეში 1000-მდე მკითხველი ეყოლებოდა. თუმცა, ყოფილა 7,8,10 ათასიც. დღემდე ჟურნალი 3 მილიონამდე საქართველოში და საზღვარგარეთ მცხოვრებმა უნიკალურმა მკითხველმა ნახა (Google Analitics-ის მონაცემები) , რაც რასაკვირველია, კარგ შედეგად მიმაჩნია. მიუხედავად კარგი შედეგებისა, ჩემთვის მაქსიმუმი არ არსებობს. ფაქტია, მანამ ვერ ხვდებით რა შეგვიძლია, ვიდრე არ გავაკეთებთ, ამიტომაც, ყოველთვის წინ მივდივარ და მუდმივად ახალ შესაძლებლობებს ვეძებ”- გვითხრა თემო ბერიშვილმა.

მოამზადა ქეთი ლებანიძემ  – ინტერვიუს ორიგინალი იხილეთ აქ

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება

სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი