მამასთან დაბრუნება

0

ამ მოთხრობას მამაზე დავწერ, რადან სხვა დროს მე არასდროს დამიწერია მასზე. ამიტომ მიჭირს დაწყება, მაგრამ გადავშლი მოგონებების წიგნს და თითოეულ გვერდზე მის დარდს ვკითხულობ.

ბავშობაში მამას იას ვეძახდი, მაგრამ სინამდვილეში ის სრულებითაც არ ჰგავდა ყვავილს. გრძელი ულვაში, შავი თმა და კეხიანი ცხვირი ჰქონდა. როგორც ამბობდნენ კეთილი გული და ვაჟკაცური თვისებებით გამოირჩეოდა, მაგრამ ღვინის სმა უყვარდა და ხშირად ეჩხუბობდა ოჯახის წევრებს.  ამის გამო ბებია, ბაბუა და დედაც არ უთმობდნენ და სახლში გაუთავებელი ორომტრიალი იყო. ასეთი სევდიანი ოჯახური პირობების გამო , შეიძლება იმედი გაგიცრუვდეს და იფიქრო უიღბლო ბავშვი ყოფილხარო , მაგრამ პირიქით,  მე ყოველთვის გული მტკიოდა მამაჩემის გამო.

წარმოვიდგენდი, ანგელოზი ვარ, მის გულის კარებთან ვდგავარ და ვლოცულობ. ხდება საოცრება, მამას სახე ეცვლება, აღარ სვამს, აღარ ჩხუბობს და სკოლაშიც მაკითხავს მშობელთა კრებაზე, მაგრამ მერე ეს ანგელოზი ფიქრებში ქრებოდა და ოჯახში ყველაფერი ძველებურად იყო.

სკოლა სახლიდან მოშორებით მდებარეობდა. მთელი გზა საფიქრალი მქონდა. მივიდოდი სასწავლებელში, დავჯდებოდი მერხთან მარტო და ვწერდი. ამიტომ ამბობდნენ მასწავლებლები , რომ გულჩათხრობილი და უცნაური ბავშვი გახლდით, მაგრამ მათ უბრალოდ არ შეეძლოთ ყველაფერი ამოეკითხათ ჩემი გულიდან. ასეთი გარემოებების მიუხედავად, გაკვეთილების შემდეგ სახლში დაბრუნება მაინც მიხაროდა, რადგან სხვაგან სად გათბება გული? სხვაგან სად იციან შენი დარდი? ბებო გრძნობს , მე ყველაფერს განვიცდი და მეფერება. თმებზე მისვამს თავის სევდიან ხელს და ნატრობს, ნეტავ კეთილი გოგო გაიზარდოსო.. მე მივჩერებივარ ღრუბლებში გაჩრილ მთვარეს და შორს კივის დედა ბუნება. ასეთია დრო -ჟამი,  მამა კი არ ჩანს – მამა არ ვიცით სად არის.

ოჯახური მდგომარეობის გამო, ხელმოკლედ გვიწევდა ცხოვრება. ყველგან ბებოს ნაქონი შავი პალტო მეცვა,რომელიც მუხლამდე მწვდებოდა. ჩაცმულობის გამო დამცინოდნენ კიდეც კლასელები. ეს სევდა დღემდე მახსოვს, მაგრამ ახლა რომელი ბრენდის სამოსიც არ უნდა შევიძინო, არასდროს მავიწყდება ფრთები, რომელიც ბავშვობაში ღმერთმა ჩემი სიღატაკის დასაფარად მომცა.

გულჩათხრობილი, რომ ვიყავი სწორედ ამიტომ , ძალიან მიყვარდა ბუნებაში ყოფნა. დროთა განვალობაში ბევრი საიდუმლო გავიგე და ჩემთვის ცხოვრებას მხოლოდ მაშინ აქვს აზრი, როდესაც მწვანე ბალახში ვარ ჩაფლული და ვწერ. ამბობენ დიდი ხნის წინათ ყვითლად მოშრიალე ყანაში თავისი აზრები ჩაუწერია უფალს. შემდეგ ეს ყანა ადამიანთა გულებად ქცეულა, ჰოდა ახლა როდესაც ვწერ, ვიცი საკუთარ სულში დიდი ხნის წინათ ჩაწერილ აზრებს ვეცნობი.

ბავშვობიდან მოყოლებული ჩემი სევდის დასამალად ვწერდი, ვიცი შემიძლია დავწერო ერთი მოთხრობა და მასში გადავმალო ბევრი გულის ტკივილი. გადავიცვამ ლურჯ სამოს, მოვკიდებ გვირილებით სავსე ტომარას ხელს და გაქცეულ ხომალდებს მივყვები მამასთან, რადგან ახლა ისევ მდელოა მისი თავშესაფარი.  მკლავები მიწამდე სწვდება, თეთრი სამოსი აცვია და ისევ ყვავილებს კრეფს. ასე მგონია შორიდან გრძნობს ჩემი ნაბიჯების ხმას. მე მასთან სალაპარაკოდ არ მოვსულვარ, მინდა უბრალოდ მის გვერდით ჩამოვჯდე, მასთან ერთად მოვუსმინო ოქროსფრად მობიბინე მთებს. ამ სიჩუმეში, ამ სილამაზესა და მის ღვინისფერ თვალებში, მე შევძლებ გავიგო როგორი იყო სინამდვილეში მამა მაშინ, როცა გადაბმულად სვამდა და სახლიდან მიდიოდა.

ღია ნაცრისფერია მამა. მის თვალებში მზეს ვხედავ,რომელიც მზად არის აკრიფოს თავისი სხივები და ლურჯ ოკეანეში თევზებთან ერთად ჩაიძინოს. ჩავწვები მასთან ერთად მწვანე მდინარეში. გავჩუმდები.დავხუჭავ თვალებს. მოცურდება თეთრი ხომალდი, გაიგონებს ჩემს საფიქრალს, გადმოუშვებს ციდან თავის ანგელოზებს და ერთდროულად ამიხდება ბავშობაში მამაზე გულით წარმოთქმული ყველა ლოცვა.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply