ჯადოსნური ოცნება და ბებო მოტივატორი

0

   დაახლოებით ექვსი თვის წინ ამ პატარა ბიჭს არავინ იცნობდა, სევდანარევი სიყვარულით დაატარებდა პოლიეთილენის პარკისგან შეკრულ მაისურს დამტვერილ გზაზე, მისი ფავორიტი არგეტინელი ფეხბურთელის საპატივცემულოდ. ხუთი წლის მურთაზა აჰმადს და მის საყვარელ ძმას  არანაირი მარკეტინგული და პიარ გათვლა არ ჰქონიათ, თუ რა შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამ ფაქტს. სასწაულები ხდება და მსოფლიომ გაიცნო ეს პატარა ავღანელი ბიჭი, როდესაც მან მიიღო პირადი ავტოგრაფი და მაისური ნომრით 10. იქნებ პატარას ცხოვრებაც ისევე შეიცვალოს ამ ჯადოსნური ოცნების ახდენით , როგორც ლიონელ მესის ცხოვრება შეცვალა მისი ბებოს სიტყვებმა,  ყურში რომ ხშირად ჩასჩურჩულებდა ,,-შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი დადგები“ , მაშინ როდესაც, თავადაც უჭირდა დაჯერება ცეროდენა ცაცია ბიჭს , თავის ასაკთან შედარებით ყველას რომ გაცილებით პატარა ეგონა და სკოლის გუნდში ლოკოკინას როლი არგეს მასწავლებლებმა. როგორ უნდა ეფიქრა თუ დღეს მისი თანაგუნდელები, მეგობრები და მსოფლიო იტყოდა სიტყვებს: ,,ის გენიოსია“, ,,სასწაულებს აკეთებს, მეორე მარადონაა, ფეხბურთელი, რომელიც გვაიძულებს, რომ ვიოცნებოთ“.  გულის სიღრმეში მას ყოველთვის სწამდა საკუთარი თავის! ის ოცნებას არასდროს წყვეტდა!

   ლიონელ მესი ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია, მიზანდასახულობის და ოცნებების განხორციელებისთვის ბრძოლის, გამარჯვების მანიით დაავადებული ადამიანის, ამ შემართებამ მოიყვანა ის დღევანდელ დღემდე, ეღიარებინა მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირად. დღეს, ფიფას ოქროს ბურთის სარეკორდო რაოდენობის მფლობელი ბიჭი, წლების წინ, ქაღალდის ბურთით რომ დარბოდა მშობლიურ არგეტინაში და საკუთარი ხელით იკეთებდა ინექციებს სიმაღლეში რომ გაზრდილიყო, ტკივილის მიუხედავად, არ უფიქრია უკან დახევა!  სად იყვნენ ამ დროს მშობლები? მის გვერდით იდგნენ! სწორედ მაშინაც, როდესაც ექიმმა უიმედო გამომეტყველებით დაუსვა თვალცრემლიან ბიჭს  დიაგნოზი -სიმაღლეში ზრდის ჰორმონების დეფიციტი.  მას შემდეგ , იყო ბარსელონა და ერთ გუნდათ გაერთიანებული ლეოსოჯახი.  მისთვის ვეღარავინ ბედავდა, ესაუბრათ პრობლემებზე, მას რომ ხედავდნენ მწვრთნელები  მოედანზე, გაოცებას ვერ მალავდნენ, -,,ამ ბიჭს რენტგენი რომ გადაუღო, ფეხზე მიწებებულ მრგვალ სფეროს აღმოაჩენთ“(კარლოს ბილარდო).

დღეს ყველა კარგად იცნობს ლიონელ მესის წარმატების ისტორიას, მე უბრალოდ მინდა, დაგაფიქროთ ბავშვის ფსიქოლოგიაზე, თუ რაოდენ დიდი გავლენას ახდენს უახლოესი გარემოცვა, ახლობლების თანადგომა და სიყვარული, რამხელა გენიამ შეიძლება გაიღვიძოს პატარების თავში, როდესაც თავიანთ სურვილს , თავისივე არჩეულ გზას მიჰყვებიან და არავინ ეუბნება -შენ ეს არ შეგიძლია! შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს თუ ამას თავად იწამებენ ადამიანები!

იყავით მოტივატორი ახალგაზრდა თაობისთვის, იყავით ლეოს ბებო!

2009-2010 წლის სეზონში ლიონელ მესიმ ყველა შეჯიბრებაში ერთად 47 გოლი გაიტანა მწვანე ხასხასა მინდორზე, ყველა გატანილ გოლზე ხელებს მაღლა, ცისკენ წევდა და ბებოს მადლობას უხდიდა სიტყვებისთვის ,,-შენ მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი იქნები!“

თეა კუჭავა

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება


სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი