ლამინირებული სიყვარული

0

მდინარის პირას, ტყეში, გაუვალ ბალახებსა და ჯაგებში ძრომიალისას ჩემი ფეხსაცმელი საბოლოოდ დანებდა და გზის გაგრძელება ფეხშიშველს მომიხდა. თუმცა, უჩვეულოდ კომფორტული და მისტიური განცდა იყო ჩემი პატარა ტერფების მიწაზე ყოველი ფრთხილი დაბიჯება. ვცდილობდი ფეხი არ მომსრიალებოდა, წინაც მეყურა და გზად გვირილებიც დამეკრიფა.

მოულოდნელად, ერთმა ხელისგულისტოლა ფოთოლმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. ის, როგორც მაღაზიის ვიტრინაში საგულდაგულოდ გამოფენილი დიდი დათუნია, გამოცალკევებით იყო მოთავსებული  ბალახებზე და მისი ფორმაც სრულყოფილად ემთხვეოდა სიყვარულის ლოგოს. ამ პატარა ფოთლის დანახვამ (შენთან პირველი შეხვედრასავით) მაგრძნობინა, რომ სწორედ მას ვეძებდი და თითქოს, მწვანე სიხასხასეში საგულდაგულოდ გამოწკეპილ–გამოპრანჭული, სწორედ ჩემთვის გადმოეფინა გზად, თითქოს გრძნობდა, ვისაც გამახსენებდა.

არ მჩვევია ბალახებისა და ფოთლების უმოწყალო პუტვა, მაგრამ ის კი მოვწყვიტე მის ოჯახს და განსაკუთრებული სიფრთხილით შევინახე.  სახლში მოსულმა, ვერც გავაანალიზე, რატომ, მაგრამ ეს ფოთოლი ხატებთან დავასვენე. ვუყურებდი რამდენიმე დღის მანძილზე, მისი იდეალური ფორმა ჩვენს იდეალურ სიყვარულზე ყოველწამს უსვამდა ხაზს ჩემს შიგნით. თან, გული მწყდებოდა, რომ ბუნების კანონზომიერებისამებრ, უნდა დამჭკნარიყო. შემდეგ, გადავწყვიტე ფოთლისთვის სამუდამო სიცოცხლე მეჩუქებინა. როდესაც ლამინირებისთვის მივიტანე, იმ კაცმა ეჭვის თვალით გამომხედა, ხომ საღ ჭკუაზეაო (რა ძნელია, აუხსნა ადამიანს ორი სიტყვით, რატომ ან რისთვის…), გავუღიმე, ჰერბარიუმის კოლექციას ვაგროვებ, გავრცელებული ჰობია, ხომ იცით მეთქი. იქვე, ქალი იდგა, მხარი ამიბა რატომღაც და რამდენიმე წუთში ორი თხელი პლასტიკატის დახმარებით დაიბადა „ლამინირებული სიყვარული“.

როდესაც შენთან მოვდიოდი, გავიფიქრე, რაღაც უნდა ვაჩუქოთქო და იმავე წამს ეს ფოთოლი გამახსენდა. გული მეუბნებოდა, რომ ამ ბავშვურ საქციელს ზუსტად ისე გაიგებდი, როგორც გაიგე და ზუსტად ისე გეძვირფასებოდა, როგორც მიიღე. თითქოს არაფერი, ეს უბრალოდ ოჯახსმოწყვეტილი ფოთოლია, რომლის მსგავსიც ტრილიონობით მოიპოვება, მაგრამ იცი, რატომ არის ეს ფოთოლი უნიკალური?! იმიტომ, რომ გაუვალ ჯაგებში მასში მე შენ დაგინახე, შენთვის მოვწყვიტე და მთელი სიფრთხილით ვატარე, სამუდამო სიცოცხლე ვაჩუქე, რომ შენთვის მომეძღვნა Shape Of My Heart…

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply