ლადო ურდულაშვილი – ადამიანი, რომელმაც უსინათლოთათვის ვებგვერდები აალაპარაკა

0

მან აალაპარაკა საგადასახადო სისტემა, შეძლო პოლიციის ვებ-გვერდის ამეტყველება… ლაპარაკობს მობილურზე მოსული მისი გზავნილებიც და ესეც მისი დამსახურებაა… მას შეუძლია აალაპარაკოს გაჩერება, ავტობუსი, ბანკომატი და… და კიდევ ბევრი სხვა რამ. ის უსინათლოა და იცის ხმის ფასი, არ საჭიროებს სხვის დახმარებას, თავად ეხმარება ყველას…

გაიცანით, ეს ლადო ურდულაშვილია... და მალე მას სახელმწიფო ჯილდოზე წარადგენენ.

მხედველობა დაქვეითებული ადამიანებისთვის შემოსავლების სამსახური ახალ, ხმოვან ვებპორტალს სულ მალე გაუშვებს. ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურს voice.rs.ge-ს შექმნის იდეისა და პროექტის ავტორის ლადო ურდულაშვილის წარდგენა სახელმწიფო ჯილდოზე სურს. დიდი ალბათობით, ის ამ ჯილდოს მიიღებს!

თავად ლადო “აიპრესთან” საუბრისას ამბობს, რომ პროგრამა საკუთარი საჭიროებიდან გამომდინარე შექმნა, თუმცა მისთვის ადაპტაცია, კომპიუტერთან მუშაობის წესები ახალი არ არის, ბევრი უსინათლოსთვის კი ეს ნამდვილად პრობლემა და მიუღწეველია რამაა.

“მხედველობის პრობლემა მაქვს, მე და ჩემმა მეგობარმა, ბექა გოზალიშვილმა შევქმენით ამ პროგრამის ძრავა, რაზეც 3 წელი ვიმუშავეთ. უსინათლოთა დიდი ნაწილისთვის კომპიუტერით სარგებლობა შეუძლებელია, პროგრამის შექმნაც ამას ემსახურება – გახადოს უსინათლოთათვის კომპიუტერი ხელმისაწვდომი. ეს პროგრამა ყველა ქვეყანაშია, ქართულ ენაზე კი ძრავა არ იყო შექმნილი, პირველ რიგში, სწორედ ძრავა შევქმენით, რომელიც მივაბით ჩვენს უსინათლოების პროგრამას NVDA-ს, რაც შესაძლებლობას იძლევა, რომ გახმოვანდეს ყველაფერი. ამის შემდეგ, იგივე პროგრამა შევქმენით ტელეფონზეც, რომელსაც ქართული მხარდაჭერა გააჩნია”.

ლადო ურდულაშვილის შექმნილია სერვისი voice.police.ge-ც. ამბობს, რომ საკმაოდ მოხმარებადი პროდუქტი გამოვიდა.

“არ არის აუცილებელი, უსინათლო იყო, შესაძლოა, მცირედმხედველი იყო, ან სულაც კითხვა გეზარება, შეხვალ ვებ-პორტალზე და ინფორმაციას მიიღებ სმენით. მინსკში როდესაც ვმუშაობდი, კვლევა ჩაატარეს, რომლის თანახმად, მოსწავლეთა 40 პროცენტს სმენითი მეხსიერება აქვს, შესაძლოა ხედავდეს, მაგრამ ინფორმაციას ამ მეთოდით უფრო ადვილად იღებდეს, ან თუ ადამიანი ზარმაცია, მას პროგრამა უკითხავს ყველაფერს რეალურ დროში, ერთი ღილაკის დაჭერით, პროგრამა აგენერირებს ტექსტს და გაწვდის ინფორმაციას…” – გვიყვება ლადო ურდულაშვილი.

ძალიან დაკავებულია, მუშაობს პროგრამებზე, ასწავლის უსინათლოებს, უსინათლო ფეხბურთელთა რიგებშიცაა და პარაოლიმპიადი მონაწილეც, ყველაფერთან ერთად მილიონი იდეა აქვს… უსინათლოთათვის გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნავს, ფიქრობს, იდეებს უზიარებს – მერიას, კერძო პირებს, ბანკებს… ხშირად იდეა იდეად რჩება მხოლოდ.

მესიჯს თუ მიიღებს საკუთარ ანდროიდზე, თავისივე შექმნილი პროგრამა ხმამაღლა უკითხავს, სხვებსაც ეხმარება…

“პრობლემები სერიოზულია… სეულში ვიყავი ცოტა ხნის წინ პარაოლიმპიადაზე, იქ ყველაფერი ადაპტირებულია, შშმ პირთათვის საოცარი შესაძლებლობებია, იქ ყველაფერი ლაპარაკობს და უსინათლოსთვის გადაადგილება პრობლემა არაა… მე პრინციპში შევეჩვიე ასეთ გარემოს საქართველოში, აქ ცხოვრება ძალიან ძნელია… მაგარი იქნება ელემენტარული რამ რომ გაკეთდეს… უსინათლოები და ნებისმიერი შშმ პირი არ უნდა იყოს სხვაზე დამოკიდებული, თავად უნდა მიაღწიონ ყველაფერს, ქუჩაში დამოუკიდებლად გადაადგილების საშუალება უნდა ჰქონდეთ, სულ ელემენტარული მაღაზიაში ჩასვლა უნდა შეეძლოთ, არ უნდა იყვნენ დამოკიდებულნი სხვაზე, როცა რამის წაკითხვა უნდათ სხვას არ უნდა სთხოვონ დახმარება… მაგრამ ეს მაინც იმის ბრალია, რომ გარეთ გასვლის ეშინიათ, ამ პირობებში ეს ყველაფერი დამოუკიდებლად წარმოუდგენელია და იმიტომ…”

ამბობს, რომ შეუძლია აალაპარაკოს ავტობუსი, გაჩერება, შესაძლებელია უსინათლოს გაჩერებაზე ტელეფონმა უთხრას, რამდენ წუთში მოვა ავტობუსი… იდეა თბილისის მერიასაც გაუზიარა, პასუხი კი არც დადებითი, არც უარყოფითი არ მიუღია…

იხსენებს, ამას წინათ თავად უსინათლო როგორ დაეხმარა ხანშიშესულ ქალბატონს, ავტობუსი რამდენ ხანში მოვაო ჰკითხა. “ტელეფონში სოფტი მაქვს, ვუთხარი რამდენ ხანშიც მოვიდოდა ავტობუსი. მოხუცს არც გაუგია, რომ უსინათლო ვარ… არადა ღილაკი რომ იყოს გაჩერებასთან, ინფორმაციის მიღება ამ კატეგორიის ადამიანებისთვის ადვილი იქნებოდა. საქართველოში ძალიან ძნელია…”

ამბობს,  რომ ტექნიკურად საჭირო იქნება ბევრი რამ ღილაკები, დინამიკები, ბევრი სხვა წვრილმანი, მაგრამ სოფტი მზადაა და გარემოს ადაპტირებისთვის ნაბიჯი გადადგმულია.

გააკვირვა ბანკების დამოკიდებულებამ. ბანკომატზე სურდა გახმოვანების სისტემის დამონტაჟება, პროგრამის განხორციელებისთვის თანხაც მიზერული იყო… დაგიკავშირდებითო, მაგრამ დაიკარგნენ…

არადა ქვეყანაში, როგორც ლადო ამბობს, 8 000-12 000 უსინათლო ან მცირედ მხედველია, ბევრი ვინც ასაკის გამო კარგავს თვალის ჩინს, არც კი რეგისტრირდება ბაზაში.

ლადოს მიაჩნია, რომ 60 წელი არ არის ის პერიოდი ადამიანისთვის, რომ უარი თქვას დამოუკიდებლად მოქმედებებზე, თუმცა სამწუხაროდ, ბევრს ხელი აქვს ჩაქნეული. „ასეთი პროგრამები უსინათლოებს ინფორმაციის მიღებაში, რეალურ დროში ადაპტირებაში დაეხმარება, ამ შესაძლებლობების არ არსებობის გამო კი, მათი უმრავლესობა დეპრესიულია და ცხოვრება გაუსაძლისი ხდება”.

ვერც საზოგადოების მხრიდან გრძნობს დიდად მხარდაჭერას.

“არავისზე ნაკლები არ ვარ, უბრალოდ ვერ ვხედავ და იქეთ დავეხმარები ყველას… მოხვდები ვიღაცასთან ერთად და ჩურჩულებენ “აბა, ჰკითხე, ყავა არ უნდა?” „რატომ ვერ ხედავს?”… სასაცილოა… გეგონება რაღაც ის ვიყო… უსინათლო ჩვეულებრივი ადამიანია, ვერ ვხედავ? რა მოხდა მერე? ვისზე ნაკლები ვარ? უსინათლოს ინტელექტიც აქვს და სხვაზე უფრო მეტის აღქმაც შეუძლია, ხალხთან  უნდა ჰქონდეს ურთიერთობა, ჩვეულებრივი ადამიანია, უბრალოდ ვერ ხედავს და მეტი არაფერი“.

ამბობს, რომ ქართულ საზოგადოებაში სხვისი პრობლემებისთვის არ სცალიათ და ადამიანებმა უნდა ისწავლონ, რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს, დღეს ხარ ჯანმრთელი და ხვალ არ იცი რა იქნება… 20 წლამდე ისიც ყველაფერს ხედავდა, უბედური შემთხვევის შემდეგ კი გარემოს სხვა თვალით უყურებს.

“რა თქმა უნდა სტრესია… უბედური შემთხვევის დროს, თვალის ნერვის ატროფია განვითარდა, მანამდე სრულიად ჯანმრთელი ვიყავი, ფეხბურთს ვთამაშობდი, არავინ იცის, ვის რა შეიძლება დაემართოს… ჩემი მეგობარი, ბექა, რომელთან ერთადაც ეს პროგრამები განვახორციელე, უსინათლოა დაბადებიდან, ზოგისთვის რა ხდება ამის მიზეზი ზოგისთვის რა… შშმ პირს რომ თავი დავანებოთ, ჩვეულებრივი ადამიანი თუ არ იბრძვის, არავინ არის ვალდებული შეინახოს, ოჯახში ზედმეტი ტვირთი არ უნდა იყოს, თავს თვითონ უნდა მოუაროს თუ არ მოინდომებს და თუ არ ბრძოლობს სახლში არავინ მოგიტანს პურს! საკუთარი თავი, ოჯახი თვითონ უნდა შეინახო… დედიკოზე და მამიკოზე არიან გამოკიდებულები და ამ დამოუკიდებლობას ბავშვები უნდა მივაჩვიოთ… უსინათლოა ბავშვი, შეიძლება მისი მიყვანა 102-ე სკოლაში, მაგრამ არ მიჰყავთ იმიტომ, რომ ეცოდებათ მარტო როგორ უნდა იყოს და რაღაც მსგავსი არგუმენტები.  ეს ხელს უშლის ინტეგრირებას, რაც აუცილებელია. თანაც, ნაბიჯი ხომ გადავდგით, ინკლუზიური განათლება უკვე დანერგილია, ბავშვებსაც ვასწავლით, რომ არ უნდა დასცინონ. ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ მაინც ძალიან სერიოზულად ჩამოვრჩით. პირველ რიგში, ამ პრობლემების მოსაგვარებლად გადადგმული ეს ნაბიჯები, ტემპი უნდა დაჩქარდეს, ეს სახელმწიფოს გასაკეთებელია…”

ეს გახლდათ ინტერვიუ ადამიანთან, რომელმაც უსინათლოთათვის ვებგვერდები აალაპარაკა! იცნობდეთ ლადო ურდულაშვილს!

მაია დემეტრაშვილი ; წყარო ;

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply