ლადო ასათიანის წერილი რევაზ მარგიანს

0

ძმაო რეზო!

მივიღე შენი ბარათი სწორედ იმ დროს, როცა შენთვის წერილის მოწერას ვაპირებდი და, ჰა, გწერ კიდეც. საყვედურს ვერ მივიღებ, ძმაო, არ დამვიწყებიხარ. სხვა?! საღამოებს მართავთ და მართავთ. ალიოშა მწერს, რეზო საღამოსთვის ემზადება, დატვირთულიაო. ჯაბუშანურის საღამო… ახლა შენგელიას საღამოც იქნება თურმე, მაგრამ ლექსებს თვითონ რომ ვერ წაიკითხავს?! თუმცა მერე რა, ჟაკი წაიკითხავს, ალბათ…

მე ვარ საშუალოდ, არც იქით, არც აქეთ. უკვე მომწყინდა, იდიოტობაა ირგვლივ. ჩემთან ერთად ისვენებს პროკოფი რატიანი. იცი, ალბათ, ვინცაა. ავად არის ისიც. კარგი ბიჭია, ოღონდ ლაპარაკი უყვარს ისეთების, ჩვენ რომ ვიცით… შენზე თქვა: მდაა, მარგიანი! ია ევო ზნაიუ, ნეჩეგო სებე, ნიჭიერი, იმედისმომცემი ახალგაზრდაა, დახმარება სჭირდებაო… – ვიხრჩობი სიცილით…

რაც შეეხება “ვინმე” კრიტიკოსს, სულელია მაგ საწყალი… მაგისი ასე და ისე! მაგისი გასაბითურებელი თუ ვარ, მაგასაც ნახავს მაგ უთავო, მაგი! ბიჭო, მე, კაცი, რომელიც ლექსისთვის ვარ დაბადებული, რომელსაც ნახევარჯერ არ მძინავს, რომელსაც სტრიქონი არ დამიწერია ყალბი, ერთი ცუდი საქმე არ ჩამიდენია, მაგან უნდა გამაბითუროს, მაგ სულელმა?! როდის წერდენ, თუ ძმა ხარ, გრიგოლ ორბელიანი და გრიშაშვილი ფიროსმანზე, ა?!

ან თუ გინდა სხვები წერდნენ, განა ჩემი ფიროსმანი ვინმესას ჰგავს, ან მე ისე მესმის ფიროსმანი, როგორც სხვებს ესმოდათ?! თუ ამას ჩვენს მწერლობაში ერთი ჭკვიანი კაცი იტყვის, მე ხელს ვიღებ ყველაფერზე. მაგრამ მაგ სულელმა არ იცის, რომ ფიროსმანზე თითო-ოროლა სტრიქონი თუ ვინმეს აქვს აქა-იქ, თორემ მთელი თავისი შემოქმედებისათვის არავის არ დაუკავშირებია ფიროსმანი, მე კი ჩემს ცხოვრებასა და ამ უიღბლო კაცის ცხოვრებას შორის მოვნახე რაღაც ნათესაური. მე ფიროსმანის “პრიმიტივი” მესმის როგორც მაღალი ხელოვნება. ყოველი დიდი კულტურული პოეტი ასე რომ აკეთებდეს (ეს ტერმინი ფიროსმანს არ უდგება, მაგრამ არაფერია!)
ლექსებს, როგორც ფიროსმანი თავის სურათებს, რაღა გვიჭირდა მაშინ! ფიროსმანის უზრუნველობა მინატრია მე ჩემი ლექსებისათვის, კაცს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი -ხატავს, მორჩა და გათავდა. რამდენი “კულტურული” მხატვარი ინატრებდა მის სურათებს!

ვიმეორებ, ყოველი ჭეშმარიტად კულტურული პოეტი უნდა წერდეს ლექსს, როგორც ნიკო ფიროსმანი წერს თავის სურათებს. თუმცა ფიროსმანი ნასწავლი მხატვარი არ იყო, მაგრამ ნიჭმა გადაწყვიტა ყველაფერი, ნიჭი ქმნის კულტურას.

რა თქმა უნდა, უდიდესი ბედნიერებაა, როცა კულტურული პოეტიც ხარ, ნიჭიერიც და ფიროსმანის სურათების გვარად უბრალო და ცოცხალ ლექსებს ქმნი.

აი, ეს არის, რეზო, ჩემი ნატვრა! განა სიყვარულზე რომ წერდენ, ჩვენ აღარ უნდა ვწეროთ იმავე სიყვარულზე?! მეც ვწერ და სხვანაირად რომ ვწერ, ამის გამოცნობა ჭკვიანს არ გაუჭირდება და სულელებისათვის მე არ ვწერ… ეს უნდა ყველამ იცოდეს… მე მართალი კაცი ვარ, ჩემი ლექსების თემა მუდამ საქართველოა… იჭიაბიჭია, ცრუ პატრიოტიზმი ჩემი საქმე არ არის. აი, ასეთი თანამედროვე პოეტი ვარ და ასეთი თანამედროვეობა მწამს მე, მორჩა და გათავდა! ვინც ეს არ იცის, ის სულელია, ეს ბევრმა არ იცის, არ იცის ოთხმოცდაათმა პროცენტმა მაინც. ნიკა აგიაშვილმა კარგად იცოდა ეს, მაგრამ მაგას მგონი გაუშრა სახელოვანი ქაიხოსრო აგიაშვილის სისხლი! მაგას ესმოდა კაცის და მაგანაც უგვერდა ახლა?!

ასეა, რეზო, არც შეიძლება, სხვაგვარად იყოს, ასე და ასე იქნება სიკვდილამდე, ეს ვარ მე! ეს, რასაკვირველია, შენ კარგად იცი, მაგრამ მაინც გწერ, რომ გული ვიჯერო. მომკლა, ბიჭო, ამდენმა სირეგვნემ! ნიკას წააკითხე ეს წერილი, ქაქანს რომ დაიწყებს, მაშინ.

კაცო, “თაობის” რედაქციაში რომ წერ წერილებს, სახლი დაგექცა?! თუ, მართლა, სახლში არ დადიხარ შენ, ქეიფობ, ხომ?!

კოკის წერილებს ხშირად ვღებულობთ… მომიკითხე დიმიტრი და ერემია, ვახტანგი¹, ვოლდემარი, ძიგვა, ნიკა, ნონეშვილი… შენ, ალბათ, მუშაობ ლექსებზე, მეც დავწერე რაღაც. ..ძველი და ახალი ჩანაფიქრები… მომიკითხე გაბრიელი, კოტე ხიმშიაშვილი, გამიგე მირზას მისამართი და მომწერე, თუ ძმა ხარ.

ფუნაგორია ახლა არ მაქვს, თორემ გამოგიგზავნიდი, მალე მექნება… ასე! გკოცნის

შენი ლადო ასათიანი.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply