„კი არ მაგონდები, მელანდები“- რეზო თაბუკაშვილის წერილი მედეა ჯაფარიძეს.

0

„ჩემო მედიკო, კი არ მაგონდები, მელანდები. რამდენჯერმე გამოვეკიდე კიდეც უცნობებს. გელოდი ქუჩაში, მეტროსთან, შენს სტუდიასთან და დარწმუნებული ვიყავი, რომ უნდა მეპოვნე. შემოვიარე ის ადგილები, სადაც მე და შენ ხშირად დავდიოდით და გვიყვარდა. ყველაფერი დამხვდა ძველებურად, ისევ ის ქუჩები, სახლები, თითქოს ვიტრინებშიც არაფერი შეცვლილა და ვგრძნობდი მაინც, რომ აღარ იყო აღარც ის ქუჩები, აღარც ის ხეები, აღარც ის სახლები. შენ წახვედი და ყველაფერი შენთვის დაიტოვე. მე კი ყველაფერი ეს შენში მყვარებია. საშინელებაა ცარიელ ქალაქში ცხოვრება.

ისეთი გრძნობაა, თითქოს გაქანებული ვაგონიდან გადმოგაგდეს, მატარებელი კი ღამეში დაიკარგა. მომაგონდები და მეკუმშება გული, თითქოს ტვინსაც ფოლადის თითებში სრესენ, აუტანელი, მტკივნეული გრძნობა მეუფლება. მე კი ამისთვის არ ვყოფილვარ მზად. რას არ მივცემდი, ერთი წუთით რომ შემახვედრა შენთან, დამაკოცნინა შენი პატარა ხელები. რა ვქნა, ჩემო „ტაიტი“, ავადმყოფურად მყვარებიხარ თურმე. „რაზლუკა პიტაეტ ლუბოვ“ – სიყვარულზე ამაზე დიდი სისულელე არაფერი თქმულა…“

„… მედიკო, ეს წელიც მოვითმინოთ. დავამთავრებ და ყველაფერი გაირკვევა, ყველაფერს მოვაწყობ, ოღონდ შენ მეყოლე კარგად. წერილების წერას თუ გადაწყვეტ, მომწერე ხოლმე უფრო გარკვევით, უფრო დალაგებულად, ბევრი სიტყვა ვერც ამოვიკითხე, იეროგლიფებია პირდაპირ. სასურველია, წერილი იყოს ნაწერი ერთი სტილით. მომწერე პასუხი. არ მანერვიულო. ეს არ არის ასე ძნელი. მაშ ველი ამ დღეებში პასუხს, მხოლოდ პირდაპირს და ნათელს. გკოცნი ბევრს, რეზო“.

ცნობილია,რომ რეზო თაბუკაშვილმა მედეა ჯაფარიძესთან იძულებითი განშორების დროს, შექსპირის სონეტების უდიდესი ნაწილი თარგმნა,სონეტის პირველ წიგნს მან ასეთი რამ მიაწერა „„ჩემო მედიკო, ამ დიდ წიგნში ყველაფერი შენ გეკუთვნის, ყოველი სტრიქონი შენითაა ნაკარნახევი, მაგრამ არ ვიცი, შენსავით მშვენიერია თუ არა. ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვცდილობდი, დამემსგავსებინა შენთვის“.

შვილის დაბადებამდე ერთი თვით ადრე კი მედეამ, რვა თვის ორსულმა, სპექტაკლ „ჭრიჭინაში“ ითამაშა. მაყურებელი სუნთქვაშეკრული ადევნებდა თვალს ორსულ მსახიობს, რომელიც ხეზე დახტუნავდა და კიბეებზე დაჰქროდა. მიუხედავად იმისა, რომ მედეას „ჭრიჭინა“ უდიდესი წარმატებით სარგებლობდა, ამ პიესის მიხედვით გადაღებულ ფილმში ეს როლი სხვა მსახიობს მიანდეს. ამით დაიწყო მედეას უიღბლობა კინოში. ეს იყო მისი ერთ-ერთი პირველი დიდი ტკივილი შემოქმედებაში.

ქართველ ხალხში კი ის დარჩა ულამაზეს,წარმატებულ ქალად და უნიჭიერეს მსახიობად.

დღეს მედეა ჯაფარიძის დაბადების დღეა.

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply