კაცი, რომელმაც მთელს მსოფლიოს ასწავლა ყავის სმა

0

(#1 – სტატიათა ციკლიდან “როგორ იწყებენ ბიზნესს 0–დან და იპყრობენ წარმატების მწვერვალებს?!” )

გამარჯობა, მეგობარო!

როგორც უკვე შეეჩვიე ჩემგან, დღესაც საჩუქარი მაქვს შენთვის! 🙂

გადავწყვიტე მოგიძღვნა სტატიათა ციკლი ადამიანებზე, რომლებმაც დაიწყეს 0–დან და დღეს მათ შესახებ ყველა საუბრობს, აქვთ მაღალი შემოსავლები და როგორც ბავშვობაში გვიყვებოდნენ – “ცხოვრობენ მშვიდად და ბედნიერად” და იცი ამას რატომ ვაკეთებ?! ნუ ჩქარობ, ამას პოსტის ბოლოში გაიგებ…

“მინდა, ე.ი. იქნება”

ჰენრი ფორდი

ცოტა ხნის წინ უგემრიელესი ყავა გავაკეთე, ორიგინალური რეცეპტით და ისეთი სიამოვნებით ჩავიტკბარუნე, რომ გადავწყვიტე დამეწერა ადამიანზე, რომელმაც ყველა ოფიციალურად “ჩაგვაკოფეინა” მსოფლიოში წამყვანი ყავის ბრენდით – Starbucks – ესაა ჰოვარდ შულცი. მისი ბიოგრაფია ძალიან შთამბეჭდავია და თავად პიროვნებაც – შთამაგონებელი ენთუზიასტი!

ჰოვარდი გაიზარდა ნიუ იორკის ღარიბთა კვარტალში, სადაც ყველა სახელმწიფო დახმარების ხარჯზე ცხოვრობდა და უკიდურესად უჭირდა. მამამისი ძალიან ბევრს ცდილობდა, რომ შეენარჩუნებინა სამსახური, მაგრამ ოჯახის შესანახად სახსრები არასდროს ჰყოფნიდა. როდესაც მამამ ფეხი მოიტეხა, ჰოვარდმა მტკიცედ გადაწყვიტა, მოეძებნა საშუალება, საიდანაც მიიღებდა შემოსავალს მაშინაც, როდესაც არ იმუშავებდა.

“როდესაც ვიზრდებოდი, მუდმივად ვგრძნობდი, რომ ვიმყოფები საზოგადოების ყველაზე დაბალ ფენაში. ვიცოდი, რომ ადამიანები “სხვა სამყაროში” ცხოვრობენ უზრუნველად, არ ითვლიან ხურდებს და ჰყავთ უფრო მეტად ბედნიერი ოჯახები. მე მტკიცედ გადავწყვიტე მთელი ძალისხმევის გამოყენება, რომ გადამელახა ის დიდი კედელი, რომელიც მაშორებდა მდიდრულ ცხოვრებას. მჯეროდა, რომ მივაღწევ იმას, რასაც უამრავი ადამიანი შეუძლებლად მიიჩნევს. ახლა მე მაცვია კოსტიუმი და ვატარებ ჰალსტუხს, მაგრამ მუდამ მახსოვს, საიდან ამოვძვერი და როგორია – იყო უქონელი”.

Starbucks არ იყო პირველი კომპანია, სადაც მან იმუშავა, იქამდე შულცმა ძალიან ბევრი შრომა გასწია სხვადასხვა (მათ შორის ფიზიკურ) სამუშაოზე, მაგრამ ამ საქმეებიდან მაზოლები უფრო მეტი მიიღო, ვიდრე ფული, თუმცა მის ცხოვრებაში არსებობდა ერთი ადამიანი, რომელიც მუდმივად უყვებოდა წარმატებულ ადამიანებზე და ამით შთააგონებდა ჰოვარდს – ეს იყო დედამისი.

როდესაც ჰოვარდმა პირველად გასინჯა Starbucks-ის ყავა, იგრძნო, რიმ ეს მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა გამხდარიყო. სწორედ მას უკავშირდება, პრაქტიკულად, ყველა ნოვაცია და წარმატებული ბიზნეს–მოდელი კომპანიაში. შულცს აქვს უნარი ზუსტად გაითვალისწინოს თანამედროვე ადამიანის ფსიქოლოგია. ის თავიდანვე მიიღწვოდა, რომ უბრალოდ ყავახანიდან კომპანიას მომხმარებლისთვის ცხოვრების სტილი შეეთავაზებინა:

“მოკრძალებული ოცნებები არ არის ჩემი სტილი, მე ვოცნებობდი თამამად. თუ გინდათ, რომ ააშენოთ გრანდიოზული წარმოება, მოგიწევთ გამბედაობის მოკრება. ვის სჭირდება ოცნება, რომელიც ერთი ხელის გაწვდენაზეა?!”

დღეისათვის, 62 წლის შულცი 2.5მლრდ–ის მფლობელია, ხოლო Starbucks, რომლის 21,536 კაფე მსოფლიოს 65 ქვეყანაში აქტიურად მუშაობს და დასაქმებულია 191,000–ზე მეტი თანამშრომელი, მომხმარებლის საყვარელი ბრენდია, სადაც ადამიანები იღებენ არამხოლოდ უბრალოდ ყავას, არამედ ცხოვრებისეულ ფასეულობას.

ჩვენ შეგვიძლია ვიძახოთ, რომ ჰოვარდს “გაუმართლა”, ან “ის განსაკუთრებულია”, “იმ ქვეყანაში უკეთესი ბიზნეს გარემოა”, “ჯერ ეს აქამდე არავის გამოსვლია”, “ეს შეუძლებელია”, “ეს ჩემთვის არ არის”, “ზედმეტად დიდია წინააღმდეგობა”, “ამას ძალიან დიდი შრომა სჭირდება”, “ვაითუ, არ გამომივიდეს?!” და სხვა მრავალი, მაგრამ, შულცი ამ არგუმენტებზე დამაფიქრებელ პასუხს გვაძლევს:

  • დარწმუნებული ვარ, რომ ადამიანთა უმეტესობას შეუძლია მიაღწიოს ოცნებებს და წავიდეს უფრო შორსაც, თუკი არ დანებდება.
  • შეიტანო ეჭვი საზოგადოებრივ აზრში, მიაღიო შედეგს გარემოებების მიუხედავად – წარმოუდგენელი სიამოვნებაა.
  • თუკი ეს შენამდე არავის გაუკეთებია, ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ არ ღირს ცდა.
  • ის, ვინც მიდის გაუკვალავი გზით, ქმნის ახალ პროდუქტსა და მომსახურებას, აშენებს მტკიცე და დიდი მომავლის მქონე კომპანიებს, რითაც შთააგონებს სხვებს და უბიძგებს უმაღლესი მწვერვალების დაპყრობისაკენ
  • მარცხი შესაძლოა მოვიდეს მოულოდნელად, მაგრამ წარმატება, რამდენადაც ეს მე მესმის მოდის მხოლოდ მათთან, ვინც ამას გეგმავს.
  • თუ ჩვენ მოვეკიდებით ადამიანებს, როგორც გამოსაყენებელ მასალას, ვერასოდეს მივაღწევთ მიზნებს და ვერც ფასეულობებს განვახორციელებთ. კონკურენტულ უპირატესობას ჩვენ გვაძლევს ლტოლვა და ერთგულება, მათი დაკარგვით კი მთელ თამაშს წავაგებთ.
  • ბევრი მეწარმე უშვებს ერთსა და იმავე შეცდომას. მათ არ უნდათ ფუნქციების დელეგირება, ამის მაგიერ ისინი შემოიკრებენ ერთგულ ქვეშევრდომებს. მათ ეშინიათ ხელმძღვანელ პოსტებზე დანიშნონ ნამდვილად ჭკვიანი და წარმატებული ადამიანები.
  • ბიზნესში მიზიდავს აღმართი. რაც უფრო რთულია, მით მეტ სიამოვნებას ვღებულობ მწვერვალზე ასვლისას. ამავდროულად, როგორც ნამდვილი მთამსვლელი, ყოველთვის ვეძებ ყველაზე მაღალ მთას!

შთამბეჭდავია, არა?! პირადად მე, კარგა გვარიანად დამბურძგლა ამას რომ ვკითხულობდი :))…

ბუნებრივია, შულცს ხშირად ეკითხებიან მისი წარმატების საიდუმლოზე, რაზეც ის პასუხობს:

“მე არ შემიძლია შემოგთავაზო წარმატების რაიმე კონკრეტული სრულყოფილი რეცეპტი, მაგრამ ჩემი გამოცდილება მკარნახობს, რომ დაიწყო ნულიდან და მიაღწიო გაცილებით მეტს, ვიდრე ოცნებობდი – სრულიად შესაძლებელია!”

ჯერ კიდევ ეჭვნარევი მოჭუტული თვალით კითხულობ?! კეთილი… ბევრი არაფერი, მე უბრალოდ ფაქტი დაგიდე წინ, უჯიუტესი ფაქტი, რადგან მინდა გაიგო და დაინახო, რომ შენც მათსავით შეგიძლია რადიკალურად შეცვალო შენი ცხოვრება და იყო ერთერთი მათგანი, ვისაც სხვებისთვისაც ბედნიერება მოაქვს და თავადაც ბედნიერია! მე ძალიან, ძალიან, ძალიან მინდა, რომ შენ იყო ბედნიერი და რეალიზებული პიროვნება და იქნები კიდეც, თუკი ეს გულით გინდა!

P.S. გქონია შემთხვევა, რომ რაღაც შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ მაინც ადექი, იმოქმედე და მიაღწიე?! როგორი განცდაა? გაიხსენე და მომიყევი კომენტარის საშუალებით, ძალიან მაინტერესებს 🙂 …

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

Publisher, Copywriter, Blogger and more.

Leave A Reply