კაცთა მოდგმის ბუნებითი მდგომარეობა, ბედნიერება და უბედურება

0

ამონარიდი – თომას ჰობსის “ლევიათანი”

ბუნებამ იმდენად თანასწორნი შექმნა ადამიანები ფიზიკური და გონებრივი უნარების მხრივ, რომ, თუმცა ზოგი მათგანი შეიძლება სხვაზე აშკარად ღონიერი ან გონებაგახსნილი იყოს, საბოლოოდ ინდივიდები მაინც იმდენადაც არ განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რომ ვინმემ თქვას, მე რაღაც ისეთი სიკეთე მეკუთვნის, რაზეც სხვას ასეთივე პრეტენზია ვერ ექნებაო. სხეულის ძალა რომ ავიღოთ, ის ყველაზე სუსტსაც საკმარისი აქვს საიმისოდ, რომ ყველაზე ღონიერი მოკლას, თუკი რაიმე ფარულ ხრიკს მიმართავს ან იმას შეეკვრება, ვისაც ეს ღონიერი ადამიანი აგრეთვე საფრთხეს უქმნის.

რაც შეეხება გონებრივ შესაძლებლობებს, თუ გამოვრიცხავთ სიტყვის ხელოვნებას, განსაკუთრებით კი ზოგადი და უეჭველი წესებით ხელმძღვანელობის უნარს, მეცნიერებას რომ უწოდებენ – ეს
უკანასკნელი ძალიან ცოტა ადამიანს აქვს და ისიც მხოლოდ ვიწრო სფეროში, თანაც ის ადამიანს თანდაყოლილად არ ეძლევა და არც სხვადასხვა საგნებზე დაკვირვებით უვითარდება, როგორც, მაგალითად, კეთილგონიერება, – მე ადამიანთა შორის კიდევ უფრო მეტად ვხედავ თანასწორობას, ვიდრე ფიზიკური ღონის მხრივ. კეთილგონიერება ხომ სხვა არაფერია, თუ არა გამოცდილება, რასაც ადამიანები თანაბარ დროში თანაბრად მოიპოვებენ, თუ ერთსა და იმავე საქმიანობას ეწევიან. ასეთი თანასწორობის დანახვას ხელს უშლის მხოლოდ გაზვიადებული წარმოდგენა საკუთარ სიბრძნეზე, რაც თითქმის ყველა ადამიანს აფიქრებინებს, ვიღაც მდაბიოებზე უფრო ბრძენი ვარო – ამ მდაბიოებში კი ყველა შეგვყავს, გარდა საკუთარი თავისა და იმ რამდენიმე ადამიანისა, ვისაც სახელისა თუ ხშირი ურთიერთობის გამო უფრო მეტად ვაფასებთ. კაცის ბუნება ისეთია, რომ შეუძლია მრავალი სხვა მასზე გონებამახვილად, მჭევრმეტყველად ან ნასწავლად აღიაროს, მაგრამ უჭირს დაჯერება, რომ ბევრი სხვა მასავით გონიერია. ამის მიზეზი ისაა, რომ საკუთარ ჭკუას უშუალოდ აღვიქვამთ, სხვებისას კი – შორიდან. ეს ადასტურებს, რომ ადამიანები ამ ნიშნით უფრო თანასწორნი არიან, ვიდრე არათანასწორნი. რა უნდა იყოს უკეთესი მოწმობა რაიმე სიკეთის თანაბრად განაწილებისა, თუ არა ის, რომ თავისი წილი ყველას აკმაყოფილებს!

უნარების თანასწორობიდან მიზნების მიღწევის თანაბარი იმედიც გამომდინარეობს. ხოლო ამის გამო, თუ ორი კაცი მოინდომებს ერთსა და იმავე საგანს, რომელსაც ორივე ერთად ვერ ფლობს, ისინი ერთმანეთს სამტროდ ეკიდებიან. ამგვარად, როცა ადამიანები მიზნების მიღწევას ესწრაფვიან, რაც უპირატესად თვითგადარჩენა, ხანდახან კი – მხოლოდ სიამოვნებაა, ისინი ამავე დროს ერთმანეთის განადგურებას ან დამორჩილებას ცდილობენ. ამასთან, თავდამსხმელს შეუძლია ივარაუდოს, რომ მხოლოდ ადამიანის წინააღმდეგობა ექნება დასაძლევი; ხოლო ის, ვინც რაიმეს დათესავს, მოიმკის, ააშენებს ან სასურველ ნაკვეთს დაეპატრონება, უნდა ელოდოს, რომ სხვები მოემზადებიან და ერთად თავს დაესხმებიან, რათა გაძარცვონ და არა მხოლოდ მისი შრომის ნაყოფი, არამედ სიცოცხლეც ან თავისუფლება წაართვან. მაგრამ თავდამსხმელსაც, თავის მხრივ, ასეთივე საფრთხე მოელის.

ასეთი ურთიერთშიშის პირობებში საღად მოაზროვნე კაცს დაცულობის განცდა ვერ ექნება, თუ არ შეეცდება ძალით ან ხერხით რაც შეიძლება მეტი სხვა ადამიანი დაიმორჩილოს, სანამ დამმუქრებელი აღარავინ დარჩება. ასეთი ქცევა საკუთარი თავის დაცვის აუცილებლობას არ სცდება და საზოგადოდ დასაშვებია. მაგრამ გარდა ამისა, ყოველთვის იქნებიან ისეთნიც, ვისაც სხვებზე გაბატონება საკუთარი ძალის დემონსტრირების გამო სიამოვნებს, ამიტომ ისინი უფრო შორს მიდიან ამ მხრივ, ვიდრე მათი უსაფრთხოება მოითხოვს. ამის გამო, ის ხალხიც, ვინც თავად მზადაა მშვიდად იცხოვროს გარკვეული საზღვრების შიგნით და არ სურს, სხვისი დამორჩილებით გაიფართოოს ძალაუფლება, დიდხანს ვერ გაიტანს თავს, თუ მხოლოდ თავდაცვას დასჯერდება. ამიტომ, რაკი სხვებზე ბატონობის სფეროს გაფართოება აუცილებელია ადამიანის თავდაცვისათვის, მას ამის უფლებაც უნდა ჰქონდეს.

კიდევ ერთხელ ვიტყვით: კაცთათვის სულაც არ არის სასიამოვნო, პირიქით, უამრავი ვაების მომტანია, ერთად იცხოვრონ ისეთი ძალის გარეშე, რომლის რიდიც ყველას ექნება. ყველა მოელის თანამოქალაქეთაგან ისეთ დაფასებას, როგორიც თავისი აზრით, ეკუთვნით; ხოლო ვინც სხვათაგან აბუჩად აგდებას და უპატივცემულობას დაინახავს, ბუნებრივად შეეცდება, თუ ამას გაბედავს (ხოლო იქ, სადაც არ არსებობს კაცთა დამაოკებელი საერთო ძალაუფლება, ერთმანეთის განადგურებას არაფერი უშლით), აიძულოს სხვები, მეტი პატივისცემით მოეპყრან: ზოგს დასჯის, სხვებს კი ამით მაგალითს აჩვენებს.

ასე რომ, ადამიანის ბუნებაში კონფლიქტის სამ ძირითად წყაროს ვპოულობთ: პირველია შეჯიბრი, მეორე – შიში, მესამე კი – პატივმოყვარეობა. პირველი უბიძგებს ადამიანს მოხვეჭისთვის, მეორე – უსაფრთხოებისთვის, მესამე კი – სახელისთვის დაესხას თავს სხვას. პირველ შემთხვევაში კაცი ძალადობას იყენებს იმისთვის, რომ სხვა ადამიანებს, მათ ცოლ-შვილსა და ნახირს დაეპატრონოს; მეორე შემთხვევაში – თავის დასაცავად; მესამეში, ისეთი წვრილმანებისთვის, როგორიცაა სიტყვა, ღიმილი, განსხვავებული აზრი ან უპატივცემულობის ნებისმიერი გამოხატულება, რომელიც ან უშუალოდ მისი პიროვნებისადმია მიმართული ან გაშუალებულად ეხება მის ახლობლებს, მეგობრებს, ერს, ამქარს ან გვარს.

აქედან ცხადია, რომ, სანამ ადამიანებს არა აქვთ საერთო ძალაუფლება, რომელიც ყველას მოწიწების მდგომარეობაში ამყოფებს, ისინი ომად წოდებულ ვითარებაში არიან და ეს არის ომი ყველა კაცისა ყველა სხვა კაცის წინააღმდეგ. რამეთუ ომი არ არის მხოლოდ ბრძოლის ან შერკინების მომენტი, ომი ჰქვია დროის იმ მონაკვეთს, როდესაც საკმარისად ცხადია ბრძოლის გზით დაპირისპირების ნება. მაშასადამე, დროის ცნება ისევე უნდა მივიჩნიოთ ომის ბუნების ნაწილად, როგორც ამას ამინდის შემთხვევაში ვაკეთებთ. როგორც ავდარს არ ვეძახით მხოლოდ ცალკეულ ჟინჟღლს თუ თქორს, არამედ რამდენიმე დღის განმავლობაში წვიმიან ამინდს, ასევე ომის არსია არა მხოლოდ ბრძოლა, არამედ გამოხატული მზაობა ბრძოლისთვის მთელი იმ დროის განმავლობაში, როდესაც მისგან დაცული არა ვართ. ყველა სხვა დროს კი მშვიდობა ჰქვია.

მაშასადამე, ყოველივე ის, რაც ითქმის დროზე, როცა ყველა ადამიანი ყველა სხვის მტერია, ითქმის იმ დროზეც, როდესაც ადამიანს არა აქვს უსაფრთხოების სხვა გარანტია, გარდა იმისა, რასაც საკუთარი ძალითა და გამჭრიახობით მოიპოვებს. ასეთ პირობებში არავინ შრომობს, რადგან მისი ნაყოფი გაურკვეველია, შესაბამისად, არ ხდება მიწის დამუშავება, არ მისდევენ ზღვაოსნობას ან საზღვაო ვაჭრობას, ფართოდ არ იშლება მშენებლობა, არ ქმნიან იარაღებს, რომელთა მეშვეობითაც დიდ საგნებს ადგილიდან დავძრავთ და გადავიტანთ; არ იძენენ ცოდნას მიწის ზედაპირის შესახებ, არ ზომავენ დროს, არ მისდევენ ხელოვნებას, არ ავითარებენ მწერლობას, არა აქვთ საზოგადოება, რაც ყველაზე უარესია, ადამიანებს მუდმივად ეშინიათ ძალადობრივი სიკვდილისა. კაცის ცხოვრება ეულია, ღარიბი, მწარე, ცხოველური და მოკლე.

ვისაც კარგად არ გაუაზრებია ყოველივე ეს, შეიძლება გაუკვირდეს, რომ ბუნება ასე აცალკევებს ადამიანებს და აგულიანებს მათ, ერთმანეთს თავს დაესხან და გაანადგურონ. ასეთებმა შეიძლება არ დაუჯერონ ჩემს დასკვნებს, რაკი ისინი ადამიანთა ვნებებიდან გამომაქვს, და გამოცდილების მეშვეობით მათი დასაბუთება მომთხოვონ ასეთი პიროვნება თავის თავს დააკვირდეს: სამოგზაუროდ რომ მიდის, იარაღს ისხამს და ცდილობს, კარგი გამყოლი ახლდეს, დაძინების წინ კარს კეტავს, სკივრს მაშინაც კი ადებს ბოქლომს, როცა თავად შინაა, და ყოველივე ამას აკეთებს იმის მიუხედავად, რომ იცის: არსებობს კანონები და შეიარაღებული საჯარო ოფიცრები, რომლებიც პასუხს აგებინებენ ყველას, ვინც მას ზიანს მიაყენებს.

რა წარმოდგენა აქვს ასეთ ადამიანს თანამემამულეებზე, როცა სამოგზაუროდ იარაღდება; თანამოქალაქეებზე, როცა სახლის კარებს რაზავს; შვილებსა და მოსამსახურეებზე, როცა სკივრს ბოქლომს ადებს? განა ის საქმით ისეთსავე ბრალდებებს არ უყენებს კაცთა მოდგმას, როგორსაც მე სიტყვით ვუყენებ? მაგრამ არც ერთი ჩვენგანი ამ დროს ადამიანის ბუნებას არ ამტყუნებს. ადამიანის სურვილები და ნაირნაირი ვნებები თავისთავად ცოდვა არ არის. ამ ვნებებიდან მომდინარე, ქმედებაც ცოდვად ვერ ჩაითვლება, თუ ჩამდენმა არ იცის, რომ მათი ამკრძალავი კანონი არსებობს: მაგრამ ეს მას ვერ ეცოდინება, სანამ კანონები არ შექმნილა, ხოლო კანონები ვერ დაიწერება, სანამ ადამიანები არ შეთანხმდებიან, ვის ეკუთვნის მათი დაწერა.

კაცმა შეიძლება სხვათა შორის გაიფიქროს, რომ არასოდეს ყოფილა დრო თუ ვითარება, როდესაც ადამიანები ასე, ომის მდგომარეობაში ცხოვრობდნენ. მეც მწამს, რომ მთელი მსოფლიო ასეთ დღეში არასოდეს ყოფილა. მაგრამ ბევრგან ადამიანებს დღესაც ამგვარად უწევთ ცხოვრება. ამერიკის ბევრ ნაწილში ველურ ხალხს სულ არ ჰყავს მთავრობა, თუ არ ჩავთვლით პატარა გვარების წინამძღოლებს, რომელთა თანხმობა ბუნებით ლტოლვებზეა დამყარებული. მათი ცხოვრება დღესაც ისეთივე ცხოველურია, როგორც ზემოთ აღვწერე. ესეც რომ არ იყოს, ისეთ არსებობაზე, როდესაც ხალხს ერთი მთავრობის შიში არა აქვს, შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმის მიხედვით, როგორ გადაგვარდება მშვიდობიანი ხელისუფლების პირობებს შეჩვეულ ადამიანთა ცხოვრება მას შემდეგ, რაც ისინი სამოქალაქო ომის მდგომარეობაში აღმოჩნდებიან. მაგრამ, თუმცა არასოდეს ყოფილა დრო, როდესაც ცალკეული ადამიანები ერთმანეთის მიმართ ომის მდგომარეობაში ყოფილან, ყველა ეპოქაში მეფეები და სუვერენული ძალაუფლების მქონე პირები, მათი დამოუკიდებლობის გამო, მუდამ ერთმანეთის ქიშპში არიან და გლადიატორებივით ერთმანეთს იარაღითა და მზერით ემუქრებიან: სწორედ ამის მაჩვენებელია მათ სამეფოთა საზღვრებზე აღმართული ციხესიმაგრეები, მათი გარნიზონები, თოფები და მეზობლის ზურგში გაგზავნილი მსტოვრები. ეს საომარი დგომია. მაგრამ რაკი ისინი, ამავე დროს, თავიანთი ქვეშევრდომების გარჯას იცავენ, მათი დაპირისპირება ცალკეულ ადამიანებს არ აუბედურებს.

ყოველი ადამიანის ყველა სხვის წინააღმდეგ ომის მდგომარეობიდან გამომდინარეობს ისიც, რომ უსამართლო მასში ვერაფერი იქნება. ბოროტებისა და სიკეთის, სამართლიანობისა და უსამართლობის ცნებები აქ უადგილოა. სადაც არ არის საერთო ხელისუფლება, არ არის კანონიც; სადაც არ არის კანონი, ვერც უსამართლობა იქნება. ომში ორი ყველაზე დიდი სიქველე ძალა და ეშმაკობაა. სამართლიანობა და უსამართლობა არც სხეულებრივი უნარია და არც გონებრივი: სხვა შემთხვევაში ისინი ამქვეყნად მარტო მცხოვრებ ადამიანსაც ისევე უნდა ჰქონოდა, როგორც შეგრძნებები და ვნებები. ეს ის თვისებებია, რაც მხოლოდ საზოგადოებაში მცხოვრებ და არა მარტოხელა ადამიანს შეიძლება ჰქონდეს. ამავე პირობებიდან გამომდინარე, იგულისხმება ისიც, რომ ამ მდგომარეობაში ვერ იარსებებს საკუთრება, ვერც რაიმეს უფლება, ვერც ჩემისა და შენის გარჩევა. ყოველი ადამიანისა იქნება მხოლოდ ის, რაც მან მოიპოვა და მხოლოდ მანამ, სანამ მისი შენარჩუნება შეეძლება. ამით საკმარისი ვთქვით იმ ცუდ მდგომარეობაზე, რომელშიც ადამიანს ბუნება აყენებს, – თუმცა, ამავე დროს, მისგან გამოსვლის შანსსაც უტოვებს, რაც ნაწილობრივ მის ვნებებს, ნაწილობრივ კი გონებას ემყარება.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply