კარგი, ცუდი და ბოროტი

0
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიციამ “ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისათვის” პრემიერ მინისტრის ბიზნეს ცენტრთან საინფორმაციო კამპანია “კარგი, ცუდი და ბოროტი” გამართა. 4მოტივი უცვლელად გთავაზობთ მათ მიერ პრემიერისათვის გაგზავნილ ღია წერილს:
ბატონო პრემიერ მინისტრო, 

კარგია, როდესაც ქვეყანას ყავს ძლიერი, დამოუკიდებელი, აქტიური და კონკურენტუნარიანი სამოქალაქო საზოგადოება, რომელიც 24 საათი, კვირაში 7 დღე დაუღალავად იმყოფება სამართლიანობისა და თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე. 

ცუდია, როდესაც სამოქალაქო საზოგადოება სუსტია,  სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფებზეა დამოკიდებული (პოლიტიკური და ბიზნეს ინტერესთა ჯგუფები) და ვერ ახერხებს რთული გამოწვევების დროს ღირსეულად დაიცვას ქვეყანაში სამართლიანობა და თავისუფლება. 

ბოროტებაა, როდესაც ყველანი ვთანხმდებით  სამოქალაქო საზოგადოების სისუსტესა და მისი გაძლიერების აუცილებლობაზე, თუმცა არ ვართ მზად აქტიურად დავუჭიროთ მხარი იმ ინიციატივებს, რომლებიც უშუალოდ ემსახურებიან არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსურ დამოუკიდებლობასა და მათი ფუნქციონირების საბაზრო პრინციპებზე გადაყვანას, რაც უზრუნველყოფს არასამთავრობო სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას, გააქტიურებასა და ქვეყანაში ადამიანური საქმიანობის ყველა სფეროში თავისუფლებისა და სამართლიანობის მაქსიმალურად შესაძლებელი დონის მიღწევას. 

წინამდებარე ღია წერილის მიზანს წარმოადგენს თქვენამდე ინფორმაციის მოტანა იმ კამპანიის შესახებ, რომელსაც უკანასკნელი ორი თვის განმავლობაში აქტიურად ვახორციელებთ არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ და რომლის წარმატებით რეალიზება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის შემდგომი დემოკრატიული განვითარებისა და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისათვის. დღეისათვის კამპანიაში „ერთი პროცენტის კანონი –  საქართველოს დროა“ აქტიურადაა ჩართული 100-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და სამოქალაქო საზოგადოების ღირსეული წევრი, რომელთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.  ჩვენ გავუკეთეთ ორგანიზება „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანიის დაწყების ოფიციალურ ცერემონიალს, რომელზეც დასწრება საჯარო ფორმატში იყო შესაძლებელი და შეხვედრის ბოლოს კამპანიის 100-მდე აქტიურმა მხარდამჭერმა ხელი მოვაწერეთ პრეზიდენტობის კანდიდატებისადმი მიმართვის ღია წერილს და მოვუწოდეთ მათ კამპანიის აქტიური მხარდაჭერისაკენ. 

„ერთი პროცენტის კანონი“ გულისხმობს საშემოსავლო და მოგების გადასახადის გადამხდელებისათვის შესაძლებლობის მიცემას, რომ გადასახდელი გადასახადის 1%-ი მიმართონ მათთვის სასურველი არასამთავრობო ორგანიზაციის დასაფინანსებლად. „ერთი პროცენტის კანონი“ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების კარგად გამოცდილი მოდელია და წარმატებით მუშაობს ევროპის ხუთ ქვეყანაში (უნგრეთი, სლოვაკეთი, ლიტვა, პოლონეთი და რუმინეთი). 

თქვენი გადაწყვეტილება უახლოეს პერიოდში მოღვაწეობის გასაგრძელებლად მთავრობიდან სამოქალაქო სექტორში გადანაცვლების შესახებ, კიდევ ერთი რეალური საბუთია იმის დასადასტურებლად, რომ სამოქალაქო საზოგადოება არის დღევანდელი ქართული დემოკრატიის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლი და მისი გაძლიერება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანია, რომელიც წარმოადგენს საქართველოში ოფიციალურად რეგისტრირებული ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციის აბსოლუტური უმრავლესობის რეალურ იმედს, სწორედ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სულისკვეთებითაა ორგანიზებული. 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ღრმა პატივისცემით მინდა მოგიწოდოთ, რომ თქვენი უაღრესად საქმიანი სამუშაო განრიგის მიუხედავად, გამონახოთ დრო „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანიის საინიციატივო გუნდთან შესახვედრად, რათა შეიტყოთ დეტალური ინფორმაცია კამპანიის არსის, მიზნებისა და მიმდინარეობის შესახებ. თქვენს მიერ შეხვედრაზე ჩვენი მიწვევა, თქვენს კეთილ ნებასთან ერთად ხაზს გაუსვამს და კიდევ ერთხელ დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ პასუხისმგებლობით ეკიდებით საკუთარ პოლიტიკურ პოზიციას, ვინაიდან ჩვენ წარმოვადგენთ ათასობით არასამთავრობო ორგანიზაციის რეალურ იმედს, ინტერესებსა და სათქმელს, რომელთა საერთო მიზანი დამოუკიდებელი და ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებაა. 

კარგია ის, რომ „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანიის უკან არ დგას არცერთი ლობისტური მხარე პოლიტიკური თუ ბიზნეს ჯგუფებიდან, რომლებსაც შეიძლებოდა ჰქონოდათ თავიანთი ვიწრო ინტრესები და რომ „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანია არის საქართველოს უახლეს ისტორიაში ის პოზიტიური გამონაკლისი, რომლის ორგანიზებაც მოხერხდა მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე  დამოუკიდებლობის, სამართლიანობისა და სამოქალაქო საზოგადოების ინტერესების დასაცავად. 

ცუდია ის, რომ ძალიან ხშირად, არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ოერგანიზებული მხოლოდ ისეთი  კამპანიები იქცევენ ძლიერი და გავლენიანი პოლიტიკოსების ყურადღებას, რომელთა უკან კონკრეტული ვიწრო პირადი ინტერესები და დიდი ფულადი რესურსები დგას. 

ბოროტება იქნება ის, რომ „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანია დარჩეს ისეთი გავლენიანი პოლიტიკოსის ყურადღების ფარგლებს მიღმა, როგორიც ხართ თქვენ, ბატონო პრემიერ მინისტრო, რადგან  „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანია არის საქართველოს თანამედროვე ისტორიაში დამოუკიდებლობისა და  სამართლიანობის სულისკვეთებით შთაგონებული  უიშვიათესი მაგალითი, რომელიც უშუალოდ ეხება მილიონობით გადასახადის გადამხდელსა და ათობით ათას  სამოქალაქო საზოგადოების აქტიურ წევრს. 
არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია – „ძლიერი სამოქალაქო საზოგადოებისათვის“ 

გივი კუპატაძე – „ერთი პროცენტის კანონის“ კამპანიის მენეჯერი 

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply