“იყავი ბედნიერი, ოღონდ ისე, როგორც შენ ხედავ ბედნიერებას”

0

წერილი ლეას

დიდხანს ვიფიქრე, რა მეთქვა შენთვის. სულაც არ მინდა, ჭკუის სასწავლებელი წერილი მოგწერო. არასდროს მიყვარდა ცნობილი მამების წერილები, რომლებსაც თავიანთ შვილებს სწერდნენ: „იყავი კეთილი, გიყვარდეს ადამიანები, ბევრი იშრომე“. ყველა ერთმანეთს ჰგავს, ყველა გულისამაჩუყებელია და იაფფასიანი სენტიმენტალობის სუნი ასდის. მე კიდევ, შენთვის მოწერილ წერილში სენტიმენტებს მართლა ვერ ავცდები, მაგრამ არ მინდა, იაფფასიანი და ყალბი რამეები მოგწერო. მითუმეტეს, ჭკუა გასწავლო, როგორი უნდა იყო.

მე , უბრალოდ, ავდგები და ჩვენზე მოგიყვები, ჩემზე, შენზე და დედაშენზე, და კიდევ ერთ საოცარ წიგნზე, რომელმაც ბევრი რამე სხვა თვალით დამანახა, განსაკუთრებით, შენ, შენთან ურთიერთობა და შენი მომავალი. შენ კარგად იცი, რომ ჩემი ცხოვრების ვერცერთ სფეროში წიგნებს ვერ ავცდი და არ გაგიკვირდება, თუ შენთან დაკავშირებითაც ვერ ავცდები.

სანამ შენ გაჩნდებოდი, ჩემთვის იდეალური მამის მოდელი მქონდა მოხაზული: რა თქმა უნდა, სხვა ვინ, თუ არა ატიკუს ფინჩი! ყველაზე მორალური, ყველაზე სწორი მამა. მერე შენ გაჩნდი და ჩემი ყველა მოდელი დაინგრა. ჯერ შენს დაბადებას დავესწარი. რა დამავიწყებს, რა სიმწრის ოფლი მდიოდა და როგორ მინდოდა, იქიდან გავქცეულიყავი და ერთი ნაფაზი დამერტყა. მაგრამ დედაშენის მომერიდა. ალბათ, არც მაპატიებდა, იქ რომ არ ვმდგარიყავი. ჰოდა, რა მექნა, ვიდექი და ვკანკალებდი. უეცრად, ტირილის ხმა გავიგე და შენც დაგინახე: შესიებული და წითელი. გამწარებული ვაყურადებდი საკუთარ შეგრძნებებს . მაგრამ არაფერიც არ მოხდა. ვერაფრით გავიაზრე, რომ ჩემი ცხოვრების უდიდესი სიხარული დაიბადა. არადა, ხომ ყველა მეუბნებოდა, შვილი უდიდესი სიხარულიაო. ვერც განსაკუთრებული სიხარული ვიგრძენი,ვერც უდიდესი სიყვარული. მხოლოდ შვება, რომ გავიდოდი და ნანატრ სიგარეტს მოვუკიდებდი.

პირველი, ძნელი დღეები დამიდგა. შენი პამპერსების ცვლა, შენი დაბანა, ღამე მორიგეობით ადგომა საჭმლის დასამზადებლად – ადვილი არ იყო, მაგრამ მე უკვე შეცვლილი ვიყავი. შენც აღარ იყავი წითელი, დასიებული უცხოპლანეტელი, ი-თის თვალებით, როგორც დედაშენმა თქვა შენს დანახვაზე. შენ უკვე იყავი ლეა, ჩემი გოგო, ჩემი შვილი.

მერე დავიწყე შენს მომავალზე ნერვიულობა და გეგმების დაწყობა. მე მინდოდა, შენ მეორე მიკი ანდო გამხდარიყავი – თქვენი და ლიტერატურის მერე ყველაზე მეტად ფიგურული სრიალი რომ მიყვარს, იმიტომ. კიდევ ვამბობდი, 100% დარწმუნებული ვარ, კიტხვა ეყვარება მეთქი. დედაშენს უნდოდა, მათემატიკა და ფიზიკა გესწავლა მაგრად – ის, რაც არ არის მისი ძლიერი მხარე. შენ კიდევ იცინოდი უკბილო პირით და ჩვენც გვაცინებდი – წინასწარ მოაკამათე მშობლებს. მერე კიდევ ცოტა ხანი გავიდა და მე სელმა ლაგერლოფის „პორტუგალიის იმპერატორი“ წავიკითხე.

მე მივხვდი, რომ არა ვარ ატიკუს ფინჩი – შეუცდომელი, სანიმუშო, იდეალური მამა. გავიაზრე და ვაღიარე, რომ ატიკუს ფინჩი არასდროს გამოვიდოდა ჩემგან. მე უფრო სკლორიკელი იანი ვარ – შვედი გლეხი, კლარას მამა, რომელიც თავის გოგოს, შეიძლება, ბევრს ვერაფერს ასწავლის, მაგრამ, სამაგიეროდ, კისერზე ისვამს, თან დაატარებს, ეჭიდავება, ეთამაშება, კლარასხელა ხდება და არაფერს, საერთოდ არაფერს ითხოვს თავისი გოგოსგან. იცი, როგორი წიგნია? გული ამომვარდა. თვალები ამეხილა, სხვა არ ვიცი, რა დავარქვა. იმ დღიდან, რაც პორტუგალიის იმპერატორი წავიკითხე, ერთ რამეს მივხვდი, ჩემი აზრით, მთავარს: მე არ ვწყვეტ, მიკი ანდო გახდები თუ მარია კიური. ამას არავინ წყვეტს შენს გარდა. არა მაქვს უფლება, შენ დაგტვირთო ჩემი ოცნებებით, ან ჩვენი შეუმდგარი სურვილებით. დანაშაულია, ჩემეული ლეას მოდელი მოგარგო. ერთადერთი რამ მევალება შენს წინაშე – აღმოვაჩინო შენი უნარები და განვითარებაში დაგეხმარო. ერთადერთი რამ გევალბა ჩვენს წინაშე – იყავი ბედნიერი, ოღონდ ისე, როგორც შენ ხედავ ბედნიერებას. იყავი ლეასებურად ბედნიერი. როგორ იქნები, ვისთან იქნები, ვინ იქნები – ამაზე შეიძლება შევწუხდე, მაგრამ შენ ჩვენი მორიგი ბიზნესგეგმა არა ხარ, რომ ინვესტიცია ჩავდოთ და დივიდენდებს დაველოდოთ. შენ ლეა ხარ – გოგო, რომელიც, ვინც და რაც არ უნდა გამოვიდეს, მაინც პორტუგალიის იმპერატორი იქნება ჩემთვის. შენ ყოველთვის იქნები ჩვენი უსახელო ქვეყნის დედოფალი.

სკლორიკელმა იანმა , თავისი კლარა რომ პირველად დაინახა, ვერ გაიგო, რატომ ჰქონდა გული ამოვარდნაზე, როცა არც უმღერია, არც უცეკვია და არც კლდეზე უცოცია. მერე, გვიან მიხვდა, რა ერქვა ამ გულის ამოვარდნას. მეც მაშინვე ვერ გავიგე და ახლა ვიცი. იმიტომ, რომ შენ გიყურებ. იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ. იმიტომ, რომ შენ ხარ ჩემი პორტუგალიის იმპერატორი – გინდა უნიჭო იყო და გინდა გენიოსი, გინდაც გამხდარი და გინდაც მსუქანი. ყოველთვის ამომვარდება გული შენს დანახვაზე ისე, თითქოს ვიცეკვე, ვიმღერე და კლდეზე ვიცოცე. ეს ერთადერთი რამაა, რაც არასდროს შეიცვლება. დანარჩენზე თავს ვერაფერზე დავდებ.

ირაკლი ბაკურიძე
წიგნების გამომცემელი

წყარო

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply