იყავით ბედნიერი დღეს

0

რა არის ბედნიერება? ალბათ ძალზედ გაცვეთილი და ბანალური კითხვაა, რომელიც მრავალ ადამიან გასჩენია და ახსნაც თავისებური მოუძებნიათ. ”ბედი არ მწყალობს”- ალბათ ეს ფრაზაც უცხო არაა. თუმცა მოიცადეთ, ვიდრე თქვენი ფიქრები და აზრები იმ კონკრეტულ დიაგნოზამდე მივა, რომ თქვენ უბედური ხართ, მიმოიხედეთ ირგვლივ, ჩამოიშორეთ მძიმე და მუქი სათვალე, რომელიც არცთუ იოლი სატარებელი ტვირთია და გადახედეთ ირგვლის სამყაროს, რომელიც ასე საინტერესო და მრავალფეროვანია.

ნუთუ ბედნიერება მხოლოდ სიმდიდრეშია? ნუთუ მას მხოლოდ თანამდებობრივი სტატუსი გვანიჭებს? განა ბედნიერება მხოლოდ ძვირადღირებულ სამოსშია? პირველ რიგში, ბედნიერება ღვთისგან ბოძებული სიცოცხლეა და ის მზის სხივები, რომელიც ყოველ დილით ათბობს ჩვენს სულებს. შეიყვარეთ სამყარო, ბუნება და ყოველი წამი, რომელიც თქვენს ხელთაა.

შეიძლება მძიმე წუთები გქონდეთ ცხოვრებაში, მაგრამ გიყვარდეთ და მადლიერი იყავით იმის, რაც გაქვთ და ისწრაფოდეთ უფრო მაღალი სულიერი მატერიებისკენ, რომელიც სულიერი სიმშვიდის საწინდარია. მხოლოდ ასე მიხვდებით , რომ უფრო მეტი სიყვარული, მეტი სიკეთის კეთება შეგიძლიათ და გარშემომყოფებიც სხვაგვარად შემოგხედავენ.

გაღვიძებისთანავე ჩაიხედეთ სარკეში და უსურვეთ საკუთარ თავს წარმატებული დღე, ეს ქმედება დაგეხმარებათ უკეთესი განწყობის შექმნაში და უფლის მიმართაც მადლიერებას გამოხატავთ მისგან ბოძებული სოცოცხლისათვის.

თქვით გულღია სალამი და გაუღიმეთ შემხვედრს. ახედეთ ცას, ნახეთ, როგორი უკიდეგანოა, ზუსტად ასეთივე უსასრულოა თქვენი შესაძლებლობები, რომელთაც რეალიზება და გამოყენება სჭირდებათ. ყველაფერი ხომ გონებიდან მოდის, ნუ გადადებთ ხვალისთვის. განაწყვეთ თქვენი გულები დადებითად, გაათბეთ სიყვარულით და ბედნიერების გრძნობა დაგეუფლებათ.

ბედნიერება მდგომარეობაა, რომელიც შეგვიძლია თვითონვე ვმართოთ, ნუ დაელოდებით, რომ ვიღაც სხვა ბედნიერად გაქცევთ. სხვა ადამიანი შეიძლება მხოლოდ თქვენი ბედნიერების მონაწილე გახდეს და ასე გამრავლდეს სამყაროში იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აღარასოდეს არ იტყვიან ფრაზას:” ბედი არ მწყალობს”. თქვენი ბედნიერება მხოლოდ თქვენს ხელთაა და მხოლოდ თქვენს აღქმასა და ხედვას ემყარება.

გისურვებთ ბედნიერებას!

გამოგზავნი/ავტორი: კიკვაძე ნათია

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply