“იქნებ ყოველდღე ხვდებით კიდეც მას, მაგრამ ვერ ამჩნევთ” – ოშო

0

იესო სულ იმეორებს „ ვისაც ყურები აქვს, ისმინოს, ვისაც თვალები აქვს, დაინახოს, მე აქა ვარ!“

რატომ იმეორებს ამას ასე ხშირად?

იესო აზროვნების იმ განზომილებაზე საუბრობს, რომელიც მხოლოდ მოწაფეთათვის არის ხელმისაწვდომი. მხოლოდ უმცირესობას ესმოდა იესოსი. ეს გარდაუვალია, მაგრამ ვინ იყო ეს უმცირესობა? ეს იყო გაუნათლებელი ხალხი. ისინი არც უნივერსიტეტის პროფესორები ყოფილან, არც კანდიდატები და არც ფილოსოფოსები. ისინი უბრალო, ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი ადამიანები იყვნენ: მეთევზეები, გლეხები, მეწაღეები, მეძავები.. მაგრამ რატომ მაინცდამაინც მათ შეიცნეს იესო? როგორც ჩანს, უბრალო ადამიანში არის რაღაც განსაკუთრებული, რაც ქრება ე.წ „არაჩვეულებრივ“ ადამიანში. ეს არის მორჩილება და ნდობა, მართლაც რამდენადაც ინტელექტუალურად განათლებული ბრძანდებით, იმდენად ნაკლებად ხართ მიმნდობი.

გლეხი მიმნდობია. რაში უნდა დაეჭვდეს იგი, როცა თესავს მარცვლეულს და სჯერა, რომ ჯეჯილი აბიბინდება. გლეხი მოთმინებით ელის და ლოცულობს, რათა თესლმა გაიხაროს. იგი ხეების, ბალახების, მდინარეების, მთათა გარემოცვაში ცხოვრობს და რაში უნდა ეპარებოდეს ეჭვი, ბუნება ხომ არავითარ საფუძველს არ აძლევს ამისთვის? ხეები არ ეშმაკობენ, მთები პოლიტიკოსები და დამნაშავენი არ არიან. ამიტომაც ბუნებაში ბოლომდე თავისუფალი ხართ, მის წიაღში აღტაცების გრძნობა გეუფლებათ სწორედ იმიტომ, რომ თქვენს სრულყოფილებას გრძნობთ. მთელი სილამაზე ბუნებიდან კი არა, საკუთარი სულიდან მომდინარეობს.

ადამიანები, რომლებიც ცხოვრების უმეტეს ნაწილს ბუნების წიაღში ატარებენ, უფრო მიმნდობნი არიან. ამიტომაცაა წარმოუდგენელი იესოს დაბადება ნიუ-იორკში, ეს თითქმის შეუძლებელია.

ერთხელ გარიჟრაჟზე ტბასთან მისული იესო მეთევზეებს გადააწყდა. მათ ის-ის იყო წყალში ბადეები ჩაეშვათ და თევზაობას აპირებდნენ. იესომ მიმართა მათ: „მოისმინეთ, რატომ ფლანგავთ ცხოვრებას ტყუილუბრალოდ? მე შემიძლია ადამიანთა მებადურებად გაქციოთ. ადექით და გამომყევით თან!“თქვენთან რომ მოსულიყო სამსახურში ან სახლში და იგივე ეთქვა,თქვენ ეტყოდით, რომ მოგშორებოდათ. მეთევზეებმა კი მას ყოველგვარი ეჭვის გარეშე შეხედეს. მათ არაფერი სმენოდათ მასზე, მაგრამ იესოს მიხმობა საკმარისი აღმოჩნდა, რომ მისი სიწრფელე შეეცნოთ და უკან გაჰყოლოდნენ.

მეთევზეები იესოს გაჰყვნენ და ერთხელაც არ შემობრუნებულან უკან. ნდობა უკანმოუხედაობას, უკანდაუბრუნებლობას გულისხმობს. ეჭვიანი გონება კი ყოველთვის უკან იცქირება, ყოველთვის ალტერნატივაზე ფიქრობს.

დღეს ნდობა გაქრა, გახსოვდეთ, რომ იესო ნდობის საუკუნეში ცხოვრობდა! მთელი მისი დიდების დანახვა და არსში ჩაწვდომა კი მხოლოდ ნდობის განზომილებაში ხდება.

თანამედროვე მეცნიერება ვერ შექმნის ბუდას და იესოს, მაგრამ მას შეუძლია შექმნას ისეთი საზოგადოება, სადაც ვერც ბუდა და ვერც იესო ვერ იარსებებენ.

ბევრი მეკითხება, თუ რატომ არ იბადება ბუდა, ტირტჰანკარა ან იესო? თქვენს გამო! – ვპასუხობ მე. თქვენ შექმენით საზოგადოება, სადაც უბიწო ადამიანისთვის შეუძლებელია არსებობა, რომ არსებობდეს, შეიცნობდით მას? პრობლემა ბუდას და ქრისტეს დაბადება კი არაა, პრობლემა მათი შეცნობაა. იქნებ ყოველდღე ხვდებით კიდეც მას, მაგრამ ვერ ამჩნევთ თქვენი სიბრმავის გამო.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply