იუვენტინა – კრეატიული ქველმოქმედების შთაგონების წყარო

0

ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ როდესმე ფეხბურთზე დავწერდი, დავინტერესდებოდი ცნობილი საფეხბურთო კლუბების ქართველი ქომაგებით და მეტიც, მათ ისტორიებში სამოტივაციო ელემენტებს დავუწყებდი ძებნას…

„იუვენტუსის“ ქართველი გულშემატკივრების ამბავიც, ერთი შეხედვით ჩვეულებრივია. 2 წლის წინ შეიკრიბნენ, გადაწყვიტეს ფან-კლუბი ჩამოეყალიბებინათ და ერთად ეგულშემატკივრათ საყვარელი კლუბისთვის. მალევე ოცნება აიხდინეს და ქალაქ ტრაპზონში, მეზობელი თურქებით სავსე სტადიონზე გმირულად უქომაგეს „იუვენტუსს“, რომელიც მაშინ სწორედ მასპინძლებს ეთამაშებოდა. შარშან იუვენტუსის ფან-კლუბი, რომელიც გუშემატკივართა რაოდენობის მხრივ ერთ-ერთი მოწინავეა საქართველოში, ოფიციალურად დარეგისტრირდა და ახლა გულშემატკივრებს ახალი მიზანი და სურვილი აქვთ – დაესწრონ საყვარელი კლუბის თამაშს ტურინში.

ალბათ ახლა ფიქრობთ, რომ მსგავსი ისტორია, შესაძლოა ნებისმიერ ფან-კლუბს ქონდეს და ეს მხოლოდ მშრალი, ინტერესს მოკლებული ფაქტებია… და საერთოდ რატომ გადავწყვიტე მე- „ბარსას“ გულშემატკივარმა „იუვენტუსის“ გაპიარება… იმიტომ რომ, არც ეს ფან-კლუბია ჩვეულებრივი და არც მისი წევრების მიზნები და მიდგომები.

2 წლის წინ თბილისის ზოოპარკში ახალი ზოლიანი ბინადარი გაჩნდა… რადგან ზებრას ფერთა შეხამება ძალიან გავს „იუვენტუსის“ ფეხბურთელების მაისურს, ქართველმა გულშემატკივრებმა გადაწყვიტეს ყოველთვიურად გარკვეული თანხა გაეღოთ მისი მოვლა-პატრონობისთვის. ზებრას იუვენტინა ქვია და დღემდე მათი მფარველობის ქვეშ არის. სამომავლოდ იუვენტინას მეგობრებსაც გაუმართლებთ, რადგან გულშემატკივრები მთელს ვოლიერზე აპირებენ ზრუნვას.

იუვენტინა საფეხბურთო ქველმოქმედების სიმბოლოდ იქცა, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფან-კლუბი სხვა სახის ქველმოქმედებას არ ეწევა… ამ თემაზე იშვიათად საუბრობენ, თუმცა ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი გულშემატკივრის კლინიკაში დაუნის სინდრომით დაავადებულ ბავშვებს უფასო გამოკვლევები ჩაუტარეს… ასე ცდილობს კლუბის თითოეული წევრი საკუთარი პროფესია თუ შესაძლებლობები სხვების დასახმარებლად გამოიყენოს და ალბათ ორმაგად სასიამოვნოა ფეხბურთის ყურება მაშინ, როცა იცი, რომ იქ სადღაც თუნდაც ერთ ადამიანს მაინც შენი წყალობით უფრო მშვიდად ძინავს, იუვენტინას ვოლიერში დადგმული აბრა კი ყველას ამცნობს თუ ვისი გულშემატკივარია თბილისის ზოოპარკის ყველაზე პოპულარული ზოლიანი ბინადარი.

გაზიარება:

მომღერალი, ტელე-ჟურნალისტი და პიარ მენეჯერი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply