იპოვე შენი წილი თავისუფლება

0
ციხე. . . მეშინია ამ სიტყვასთან შეხება. . წარმოთქმას ვერასდროს ვბედავ. .მკაცრია და ცივი. . .დაწერით შეიძლება დავწერო. . .დავწერ და მაშინვე წარმომიდგება ბნელი და ნესტიანი ოთახი შმორის სუნით, რამდენიმე საწოლით და საწოლზე ხმარებისაგან გაცრეცილი, გაშავებული თეთრეულით. იქვე “პარაშა” და ამ ოთახში მცხოვრებს აქვს “ბედნიერება” საჭიროების შემთხვევაში გარეთ არ გავიდეს. . . და ერთი დეტალი, რომელსაც ოთახში რაღაც განსაკუთრებლი შემოაქვს. . ეს პატარა სარკმელია, რომელიც ისე მაღლაა, რომ თუ საწოლის მესამე ნარზე არ დადექი ვერ გაიხედავ. . და მაინც, ეს სარკმელი იმედია. . მხოლოდ სარკმელი ამბობს, რომ გათენდა ან დაღამდა. სარკმლიდან ჩანს ის, რაც შიგნით არასდროს ხდება და სარკმლიდან შემოდის ის, რაც აქ მცხოვრებს ყველაზე მეტად აკლია: სუფთა ჰაერი და თავისუფლების სუნი. . სუნი, რომელიც გინდა ისუნთქო. . .სუნი, რომელსაც მთელი სხეულით შეიგრძნობ, მაგრამ სარკმელი იმდენად პატარაა და იმდენად მაღლაა, რომ ვერც სუნი და ვერც ჰაერი ვერ ეტევა , ან თუ შემოეტია იმდენად ცოტა, რომ დაბლამდე ვერ აღწევს. . ოთახს მასიური რკინის კარი აქვს. . კარი იშვიათად იღება. .
ამ ოთახს- საკანი ჰქვია. . .
საკანში მცხოვრებს კი –პატიმარი. . .
პატიმრის მდგომარეობა გაცილებით მძიმეა, თუ საკანში მის გარდა არავინაა. დაღლილია ყველაფრით: წოლით, ჯდომით, დგომით, ფიქრით, ოცნებით და ყველაზე მეტად ლოდინით. . .
ელოდება იმ წუთს, როცა იმ სარკმლის მეორე მხარეს აღმოჩნდება, რომლის ყურებაშიც დღის ნახევარს ატარებს. დღის მეოთხედს კი კარს უყურებს და ელოდება როდის გაიღება, ზედამხედველი შემოყოფს გასიებულ თავ-პირს და ხრინწიანი ხმით ეტყვის, რომ თავისუფალია. .
ლოდინი დიდხანს გრძელდება. . .
ხანდახან უნდა კანიდან ამოძვრეს, გაგიჟდეს, სხვა ადამიანად გადაიქცეს. . .ყვირილს იწყებს, ღრიალებს, დარბის, უაზროდ იქნევს ხელ-ფეხს, 5 წუთის შემდეგ დაღლილია და ტირის, ტირის ისე როგორც , მხოლოდ აქ ტირიან. . მთელი ხმით და მას ამის არ ცხვენია. .
და ბევრი საერთო მე და პატიმარს შორის. . .
მეც ციხეში ვცხოვრობ. .ციხეში მაშინ მოვხვდი, როცა ცნობიერება შევიძინე. საკანი ჩემი სხეულია, ოჯახი ის სართული სადაც საკანია განთავსებული, საზოგადოება კი ციხის მთელი შენობაა.
სულს თავისუფლება უყვარს. .სულს უნდა გააკეთოს ის, რაც თავად სურს. .სულს უნდა საზოგადოებამ ისეთი მიიღოს როგორიც არის. . .მაგრამ საზოგადოებას თავისი წესები აქვს. .
თუ გაბედავ და ერთ-ერთ წესს მაინც დაარღვევ, საზოგადოება შენკენ თითს გამოიშვერს და ამას არც არასდროს დაივიწყებს და არც არასდროს გაპატიებს. .
მათ კი, ვინც საზოგადოების წესებს ემორჩილება, აღმერთებენ, ყველა კაპრიზს უსრულებენ, უსიტყვოდ ემორჩილებან, ღიმილით ხვდებიან, მათი გულისთვის სხვას დაღუპავენ და ოდნავადაც არ გაუჩნდებათ უსამართლობის განცდა. .ყველაფერი მათია, სადაც არ უნდა გაიხედო ყველგან ისინი არიან. . .და საზოგადოება ამით კმაყოფილია. .
საზოგადოებას ინდივიდი არ უყვარს. .
თავისუფლება მინდა და არ მაქვს. .
ხშირად ისე მემერთება, როგორც პატიმარს, რომელსაც მოთმინების ყველა ნერვი გაცვეთილი აქვს. . .
ჩემნაირად ბევრია. .
ზოგი ხვდება, რომ პატიმრობაშია, მაგრამ არ განიცის, შეეჩვია და კმაყოფილია.
ზოგს კი ჰგონია, რომ თავისუფალია და შეუზღუდავად მოქმედებს, ასე იმიტომ ფიქრობს, რომ საზოგადოება მას ტაშს უკრავს, სინამდვილეში ტაშს იმით იმსახურებს, რომ იმას აკეთებს, რაც საზოგადოებას სურს. .
ზოგი საკუთარი საქციელით თუ მოსაზრებებით საზოგადოებას უპირისპირდება და თავისუფლებას ამაში ხედავს.
რომ დავფიქრდები ვხდები, უმრავლეს შემთხვევაში ისე ვიქცევი, როგორც თავად ვთლი საჭიროდ, ყოველგვარი ძალდატანებისა და სხვისი ჩარევის გარეშე. მაგრამ სრულ თავისუფლებას ვერასდროს განვიცდი. ეს იმიტომ, რომ სხვისი „არათავისუფლება“ ჩემს თავისუფლებას ზღუდავს.
ალბათ ეს ცნება სხვანაირად მესმის და ზომაზე მეტი წილი თავისუფლება მინდა..
მაგრამ მერე ვხდები, მთავარი ის არის, ყველამ ჩვენთვის განკუთვნილი თავისუფლება ვიპოვოთ და ამით ვიყოთ ბედნიერები.
მაგრამ მაინც…
მჯერა, სადღაც არსებობენ ადამიანები, რომლებიც შეზღუდვების, წილებისა თუ ნაწილების გარეშე, უსასრულოდ თავისუფლები არიან.
გამომგზავნი/ავტორი: ანი ციცქიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply