ინტერპერსონალური კომუნიკაცია და მისი სახეები

0

დღეს ცოტა თუ მოიძებნება ისეთი სფერო, სადაც კომუნიკაციის უნარი მნიშვნელოვანი არ არის. პირად ცხოვრებას რომ თავი დავანებოთ, ცოტაა ისეთი სამუშაო, სადაც ადამიანი სხვების გვერდით არ მუშაობს. განცხადებებში, რომელებიც ვაკანსიებს ეხება, ყველაზე ხშირი მოთხოვნაა –  „ჰქონდეს კომუნიკაციის კარგი უნარი“.

ინტერპერსონალური კომუნიკაცია გულისხმობს, კომუნიკაციას ერთმანეთზე დამოკიდებულ ადამიანებს შორის, ანუ ურთიერთობას იმ ადამიანთა შორის, რომლებსაც ერთმანეთთან რაიმე აკავშირებს. ხშირად ურთიერთობებისას ერთი ადამიანი მეტადაა დამოკიდებული სხვებზე, ზოგ შემთხვევაში კი, ურთიერთობა უფრო თანასწორია.  ადამიანები ერთმანეთთან სხვადასხვა კავშირებს ამყარებენ, რომლებიც სიღრმის ხასითითაც განსხვავდებიან. კომუნიკაციის ეფექტურობას სხვადასხვა საკომუნიკაციო არხების ერთდროული გამოყენება ზრდის.

ახლა კი, უშუალოდ განვიხილოთ კომუნიკაციის სახეები:

პირისპირ კომუნიკაცია. ჩვენი კომუნიკაციის დიდი ნაწილი პირისპირ კომუნიკაციის სახით მიმდინარეობს. დღის განმავლობაში მრავალ ადამიანს ვხვდებით და გვაქვს ურთიერთობა. პირისპირ კომუნიკაციას ბევრი უპირატესობა აქვს. ასეთი ურთიერთობისას შესაძლებელია ინფორმაციის გადაცემის მრავალი არხის გამოყენება: სმენის – ინფორმაციის გადაცემა სიტყვებით; მხედველობის – ჩაცმულობით, პოზით, სახის გამომეტყველებით, მზერით;  სუნის – მაგალითად, სუნამო, რომლის გამოყენება შთაბეჭდილების შექმნაზეა გათვლილი.  პირისპირ კომუნიკაცია მყისიერია და კომუნიკაციის პროცესშივე შეგიძლიათ შეიტყოთ რა შთაბეჭდილება დატოვეთ მოსაუბრეზე.

კომუნიკაცია „სკაიპით“. კომპიუტერული ტექნიკის განვითარებამ კომუნიკაციის ახალი სახეების გამოყენება გახადა შესაძლებელი, მათ შორისაა „სკაიპი“. კომპიუტერზე ვიდეოკამერის, მიკროფონისა და დინამიკების დაყენების შემთხვევაში, იგი სმენით არხთან ერთად,ვიზუალური არხის გამოყენების საშუალებასაც იძლევა.

სატელეფონო კომუნიკაცია.  ტელეფონით კომუნიკაცია, პირისპირ კომუნიკაციის მსგავსად, ეფექტურია მაშინ, როდესაც პასუხი მყისიერად გჭირდებათ. ტელეფონით კომუნიკაციისას ხდება მხოლოდ ერთი არხის – სმენის გამოყენება.  კომუნიკაცია მთლიანად უნდა ეყრდნობოდეს სიტყვებსა და ხმის ინტონაციას.

კომუნიკაცია ელ-ფოსტის მეშვეობით. ელ-ფოსტა კომპიუტერის დახმარებით ინფორმაციის გადაცემის სწრაფი, სანდო და მოსახერხებელი საშუალებაა. მისი გამოყენებისას ხდება მხოლოდ ვერბალური, ანუ სიტყვიერი ინფორმაციის გადაცემა. ელ-ფოსტის გამოყენების მთავარ უპირატესობას სისწრაფე, სიიაფე და კომუნიკაციის რეგისტრაცია, ანუ მატერიალური სახით შენახვის შესაძლებლობა წარმოადგენს. ელ-ფოსტით სასურველია მოკლე გზავნილების გაგზავნა, რომლებშიც ძირითადი საკითხი ნათლად, პირპადირ და არაორაზროვნად იქნება ჩამოყალიბებული. დროისა და რესურსების ეკონომიის თვალსაზრისით,ყველაზე ეფექტურია გზავნილის წაკითხვისთანავე პასუხის გაცემა. იმ შემთხევევაშიც კი, როდესაც საბოლოო პასუხის გაცემა შეუძლებელია, მიღებულია დადასტურება იმისა, რომ მიიღეთ გზავნილი.

კომუნიკაცია მოკლე ტექსტური შეტყობინების მეშვეობით.  ბოლო წლებში შეინიშნება მობილური ტელეფონების ბაზრის ძალიან სწრაფი გაფართოება. დღეს მობილური ტელეფონი საქართველოს მოსახლეობის უდიდესს ნაწილს აქვს. მობილური კავშირი, ფაქტობრივად, ქვეყნის მთელ ტერიტორიებს ფარავს. მოკლე ტექსტური შეტყობინება მობილურით საუბართან შედარებით ბევრად უფრო იაფია.  მისი სპეციფიკა ის არის, რომ უნდა იყოს მოკლე და ეხებოდეს კომუნიკაციის ძირითად მიზანს.

წერილი – წერილობითი კომუნიკაცია.  წერილებით კომუნიკაცია გასულ საუკუნეებში სხვადასხვა ადგილას მცხოვრები ადამიანების ურთიერთობის ძირითად ფორმას წარმოადგენდა, დღესდღეობით კი, ძალიან იშვიათად  გამოიყენება. თუმცა, წერილობითი ფორმით ქაღალდსა და კომპიუტერებში დაფიქსირებულ კონტრაქტებს, ბრძანებებს, ოქმებსა თუ წერილებს მნიშვნელობა არ დაუკარგავს.

„ფეისბუქი“ და სხვა სოციალური ქსელები.  „ფეისბუქი“, რომელიც კომპიუტერის მომხმარებელთა სოციალურ ქსელს წარმოადგენს, ფართოდ გამოიყენება ინფორმაციის გასავრცელებლად. ინფორმაციის გამცემი ათავსებს ინფორმაციას – როგორც ვერბალურს, ასევე ვიზუალურ ან აუდიალურს „ფეისბუქზე“, ადამიანთა გარკვეული წრისათვის მას ხელმისაწვდომს ხდის და განთავსებულ ინფორმაციაზე რეაქციას იღებს. სოციალური ქსელების გამოყენება ნაცნობთა თუ პროფესიულ ან მომხმარებელთა წრეებში ინფორმაციის გავრცობის ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს.

ვიზუალური კომუნიკაცია. ინფორმაციის მიწოდებას ვიზუალური არხის, ანუ მხედველობის მეშვეობით დიდი უპირატესობა აქვს, რადგან იგი უფრო ხანგრძლივ და ღრმა ზეგავლენა ახდენს ადამიანზე, ვიდრე ნებისმიერი სხვა არხი – სმენით, ყნოსვით თუ შეხებით მიღებული ინფორმაცია. იგი უნივერსალურია, რადგან ენით არ არის შეზღუდული და ამდენად, სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანები ერთნაირად აღიქვამენ. ის ხელმისაწვდომია მათთვის, ვინც კითხვა არ იცის, ან ვისაც სმენა აქვს დაქვეითებული. ვიზუალური ინფორმაციის უნივერსალური ხასიათი განაპირობებს ვიზუალური მანიშნებლების სიმრავლეს ყველგან, სადაც სხვადასხვა ქვეყნისა თუ განათლების მქონე ადამიანები ტრიალებენ.

გაზიარება:

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი. მიმართულება ფსიქოლოგია/ჟურნალისტიკა და მასობრივი კომუნიკაცია.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply