ინტერვიუ ფსიქოლოგთან: როგორ დავეხმაროთ ბავშვებს შიშის დაძლევაში?

0

არის თუ არა სხვადასხვა ტიპის შიში თანდაყოლილი გრძნობა? როდის და რატომ უნვითარდებათ ბავშვებს შიში? იზრდება თუ არა შიშების რაოდენობა ბავშვის ასაკის მატებასთან ერთად? რა გავლენას ახდენს ბავშვზე მის გარშემო უფროსების შიშები ან „საშიში“ მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება? რა უფრო სახიფათო და საყურადღებოა: როცა ადამიანი მშიშარაა, თუ ის, რომ მას არ აქვს შიშის განცდა? როგორ დავეხმაროთ ბავშვებს შიშის დაძლევაში?

არის თუ არა შიში თანდაყოლილი გრძნობა?

ადამიანი (ისევე, როგორც სხვა ნებისმიერი სულიერი არსება) იბადება ორი ინსტიქტით, ესენია: თვითგადარჩენის და გამრავლების. შიში, სწორედ თვითგადარჩენის ინსტიქტთან არის დაკავშირებული. რადგან ყოველი შიშის უკან დგას სიკვდილის შიში. შესაბამისად, ეს არის ბუნებრივი, ჯანსაღი გრძნობა, რომელიც ადამიანს უჩნდება გარკვეულ მოვლენასთან მიმართებაში.

საქმე იმაშია, რომ ჩვენ შიშს განვიხილავთ, ძირითადად უარყოფითი კუთხით. ძალიან საინტერესოა ამ მხრივ ქართული ენა, თუ როგორ გამოხატავს ის ადამიანს, რომელსაც რაიმესი ეშინია ან არ ეშინია. ჩვენ შევხვდებით სიტყვებს: გულადი, უშიშარი, ლაჩარი, მშიშარა… ასევე ფრაზებს : „ნუ სულელობ“, „რისი გეშინია“, „ქვეშაფსია“, „როგორი დიდი გული აქვს“ და ა.შ.

ქართული ენა ძალიან კარგად მეტყველებს იმაზე, თუ როგორ აღიქვა ქართველმა ერმა შიშის გრძნობა. აღარ შევჩერდები ფრაზებისა თუ სიტყვების ეტიმოლოგიაზე, ვფიქრობ ბევრი რამ ნათელია, თუ რა პირდაპირი ან ქვეტექსტი დევს თითოეულში.

საინტერესოა, თუ როგორ განმარტავს ერთ-ერთი ფსიქოლოგი შიშის ფენომენს, „შიში არის სიყვარულის მოკლება იმ უმაღლესი გონის მიერ, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიძლება უზრუნველჰყოს“ – ამბობს ის. ჩვილის შემთხვევაში შეიძლება მოვიაზროთ დედა, მოზარდის შემთხვევაში – ირგვლივ მყოფი ზრდასრული ადამიანი და ზრდასრული ადამიანის შემთხვევაში ეს არის უმაღლესი ძალა, რომელიც პასუხს აგებს მის სიცოცხლისუნარიანობაზე.

შესაბამისად, შიში არ შეიძლება მხოლოდ უარყოფით ასპექტში იყოს განხილული და მეტიც, ჩვენ შეგვიძლია გრძნობასთან ერთად ვისაუბროთ დამოკიდებულებაზე, საკითხის მიმართ მიდგომაზე. ამაზე ცოტა მოგვიანებით.

კარგია, თუ დიაგნოსტირების მიზნით კონკრეტულ შიშს, რომელიმე კატეგორიას მივაკუთვნებთ. ესე შედარებით ადვილია მასთან მუშაობა და თანამშრომლობა. დიახ, შიში არ არის დაავადება, რომელიც საჭიროებს მკურნალობას. მას გრძნობასთან ერთად შეიძლება ემოციური დამოკიდებულებაც კი ვუწოდოთ და როგორც უკვე ვახსენეთ მიდგომა საგნისა თუ მოვლენის მიმართ.

რადგან საუბრია ინდივიდუალურ, პიროვნულ დამოკიდებულებაზე სასურველია თავი ავარიდოთ განსჯას, შეფასებას. რაც შეეხება შედეგს, ეს უკვე ბევრის მთქმელია. როდესაც ვსაუბრობთ შიშზე , სახეზე გვაქვს მაღალი შვოთვის დონე და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია თან დაერთოს სომატიზაცია (გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემით გამოწვეული ფიზიკური ჩივილები).

ჩვენ ვახსენეთ კატეგორიები და რამდენიმეს ჩამოვთვლი. ესენია: ე.წ. „თანდაყოლილი“ შიში (თვითგადარჩენის ინსტიქტი), ასაკობრივი, შეძენილი, სიტუაციური, პიროვნული, ნევროლოგიური, რეალური, წარმოსახვითი, მწვავე, ქრონიკული შიში და ა.შ.

კლასიფიკაციაში ნათლად ჩანს, რომ არის დიდი ალბათობა შიშების უმრავლესობა არც თუ ისე სახარბიელო შედეგებით ტრაბახობდეს. ჩნდება ბუნებრივი კითხვა: როგორ გადავლახოთ შიში, როგორ დავეხმაროთ მათ დაძლევაში ბავშვებს და ჩვენს ირგვლივ მყოფ ადამიანებს?

რთულია თითოეულ, ინდივიდუალურ შემთხვევაზე მორგებული პასუხი გაეცეს ამ კითხვებს, მაგრამ ცნობილი და აპრობირებული მეთოდი არის მეტი გაცნობიერება და ინფორმირებულობა. შეგვიძლია მივმართოთ გაცნობიერების სხვადასხვა ფორმას, სხვადასხვა ტექნიკას. გაცნობიერების და მიდგომის ტექნიკების მორგება ხდება პიროვნული მახასიათებლებიდან გამომდინარე. სწორედ ამ შერჩევას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა შედეგიანობის თქვალსაზრისით. ხოლო, როდესაც გვაქვს გარკვეულ საკითხზე მეტი ინფორმაცია, ავტომატურად გვეცვლება მისდამი დამოკიდებულება.

თუმცაღა აუცილებელია , განსაკუთრებით ბავშვებთან მიმართებაში, დავიცვათ ოქროს შუალედი, რადგან ზედმეტი ინფორმაციულობა ასევე შიშის დასაბამია.

თუ დავაკვირდებით, მცირე ასაკში (ჩვილს) ძალიან უნდა შეეცადო, რომ აღმოაჩინო ბავშვს რაღცის ეშინია. იმიტომ რომ ბავშვის ერთადერთი რეაქცია არის ყველაფერზე ტირილი. ძნელია გაიგო რის გამო ტირის: ეშინია, რამე სტკივა, რამე არ მოსწონს, თუ ა.შ. მოგვიანებით უფრო თვალშაჩინო ხდება ხოლმე. ნიშნავს თუ არა ეს, რომ შიშის გრძნობას ერთგვარად სძინავს ბავშვში და რაღაც მომენტიდან ჯერ ქვეცნობიერად, ხოლო შემდეგ ცნობიერად იწყებს გამოვლენას, რეაგირებას. და რა ასაკში ხდება ეს?

ჩვილი ბავშვის შემთხვევაში უფრო გამათლებულია ვისაუბროთ სიფრთილეზე და კონკრეტულად თვითგადარჩენის ინსტიქტის რეალიზაციაზე, ვიდრე შიშზე. მაგ.: თუ ბავშვი ვარდება სკამიდან ის ავტომატურად უკან დაიხევს. თუ მას გადავაწვენთ და შევუქმნით „სახიფათო“ მდგომარეობას, ის მყისიერად მაგრად ჩაგვებღაუჭება. ეს არის შიშის ჯანსაღი ფორმა – სიფრთხილე. თეოლოგიაში არის ფრაზა: „შიში შეიქმს სიყვარულსა“. სწორედ სიფრთილეზეა, მზრუნველობით დამოკიდებულებაზეა აქ საუბარი.

მოგვიანებით გვხვდება შიში ხმაურის მიმართ, სიბნელის, ღამეული კოშმარების, წარუმატებლობის, მწერების, სიმაღლლის და ა.შ.

არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს რაიმესი ეშინია და მაინც აკეთებს. რასთან გვაქვს საქმე?

თურმე შიშის დროსაც გამოიყოფა ადრენალინი. სწორედ ეს გვაიძულებს ხანდახან გავაკეთოთ ის, რისიც მეტ-ნაკლებად გვეშინია. მოზარდები იწყებენ საშინელებათა ჟანრის ფილმების ყურებას; ზრდასრულები მიმართავენ იმ გზებს, რაც ექსტრიმთან ერთად შიშსაც იწვევს. საჭიროა აქაც შევინარჩუნოთ ზომიერება, რადგან დიდია რისკი ადრენალინზე დამოკიდებულების განვითარებისა.

რა გავლენას ახდენს ბავშვზე მის გარშემო უფროსების შიშები ან „საშიში“ მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულება?

ბავშვი ჩვენი მაგალითით სწავლობს სამყაროს. ფაქტია, თეორიულ აღზრდაზე მეტად მტკიცე და ადვილად მისაღები ცოცხალი მაგალითია. შესაბამისაც დიდ გავლენას ახდენს ბავშვებზე ჩვენი დამოკიდებულებები. გავლენის თემა მოზრდილებსა და ზრდასრულებშიც აქტუალურია. მითუმეტეს შიში, რომელსაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს თვითგადარჩენის საკითში, ადვილად შეძენადი და „გადამდები“ უფროა, ვიდრე დასაძლევი.

და ბოლოს როგორ დავეხმაროთ ბავშვებს შიშის დაძლევაში?

მოვიყვან მაგალითს, თუ როგორ მუშაობენ, კონკრეტულად სიბნელის მიმართ შიშის დაძლევაზე აღმზრდელობით დაწესებულებებში საზღვარგარეთ.

სავარჯიშო შედგება რამდენიმე ეტაპისგან. პირველ რიგში ხდება შიშის განსულიერება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში სიბნელის, მაგრამ შეგვიძლია მოვარგოთ სხვა რამის შიშსაც). გულისხმობს სახელის დარქმევას. სახელს ვარქმევთ სიბნელეს და არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ იქნება ნეგატიური დამოკიდებულება. დამოკიდებულება რომ შეიცვალოს, ჯერ უნდა მოხდეს იდენტიფიცირება და ამ ეტაპის დასაწყისი არის, სწორედ განსულიერება სახელის დარქმევით.

ვეცადოთ დავმეგობრდეთ ამ უკვე განსულიერებულ საგანთან ან მოვლენასთან. დავეხმაროთ ბავშვს შევიდეს კონტაქტში. როგორც უკვე ზევით ავღნიშნეთ ინფორმაციულობა გვეხმარება შიშის დაძლევაში. სწორედ ამას ვაკეთებთ. ამ ხერხით ბავშვს ვაწვდით მეტ ინფორმაციას, ვცდილობთ დავეხმაროთ ახლოდან გაიცნოს ეს მოვლენა და ნელ-ნელა ავტომატურად შეეცვლება დამოკიდებულება.

შემდეგ ეტაპზე შეგვიძლია სახელის გადარქმევის იდეაც კი შევთავაზოთ.

მადლობა ყურადღებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!

ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის წევრი,

ფსიქოლოგი ნათია ანასტასია მარღანია

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply