ინტერვიუ “მეტი პოზიტივი ერო”-ს შემქმნელებისგან

0

Facebook-ის გვერდი “მეტი პოზიტივი ერო” უკვე წელიწადზე მეტია ზრუნავს ჩვენს დადებით განწყობაზე, სწორედ ამიტომ, გადავწყვიტე დღეს შემოგთავაზო ინტერვიუ ადამიანთან, რომელიც ამ ფასეულობას ქმნის ჩვენთვის. გუჯა ლორთქიფანიძე ძალიან საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, იშვიათი აზროვნების, რომლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია შექმნას საზოგადოებისათვის ფასეულობა, ვფიქრობ, დაგაინტერესებს, ის, რაზეც ქვევით ვისაუბრებთ.

საუბრის დასაწყისიდანვე დავინტერესდი, თუ რატომ გადაწყვიტა, კავკასიის უნივერსიტეტში სწავლის დროს, გამხდარიყო სტუდენტური თვითმმართველობის თავმჯდომარე და არც შევმცდარვარ, რადგან პასუხად საკმაოდ შთამბეჭდავი ისტორია მოვისმინე:

  • როდესაც ჩავაბარე, მალევე გადავწყვიტე არჩევნებში მონაწილეობის მიღებს. ჩემს კონკურენტს დიდი სანაცნობო წრე ჰყავდა უნივერსიტეტში, ეს წრე იყო სხვა სოციალური ფენის, ყველა ყველას იცნობდა, მოკლედ, მან მარტივად შეძლო მათი ხმების მოპოვება, ხოლო მე ავიღე 0 ხმა…  თავიდან ხელი ჩავიქნიე, ძალიან დამწყდა გული, ვიფიქრე, რომ აზრი არ ჰქონდა ამ მიზანთან შეჭიდებას. შემდეგ მივხვდი, რომ მთლად ასეც არ იყო საქმე და იმდენი ვქენი, რომ (აი, წარმოიდგინე, კადრი როგორ გადადის…) ერთ წელიწადში ის ჩემი კონკურენტი იყო ჩემი ვიცე პრეზიდენტი.

როგორ მოახერხე იმ ადამიანების კეთილგანწყობის მოპოვება, ვინც წინა წელს მხარი არ დაგიჭირა?

  • უპირველეს ყოვლისა, იმდენად გულწრფელი ვიყავი მათ მიმართ, რომ მოიხიბლნენ, თორემ მე მათთვის სრულიად უცხო ვიყავი და ბუნებრივია, რომ თავიდანვე არ მიმიღეს . აქ მთავარია, რომ არ ითამაშო და იყო ის, ვინც ხარ სინამდვილეში, რადგან ოდესმე მაინც გამოჩნდება, თუ თამაშობდი და მაინც გაიყრება თქვენი გზები, ამიტომ თავიდანვე გულწრფელობა ჯობია. მეორეს მხრივ, პარალელურად, ვმონაწილეობდი ყველგან: კონფერენციებზე, ღონისძიებებზე და სულ უფრო მეტად აქტიური ვხდებოდი.

რას თვლი ყველაზე დიდ წარმატებად შენს ცხოვრებაში?

(დაფიქრდა)…

  • ქუჩაში გასვლისას ხალხი რომ მიღიმის. ბედნიერი ვარ, რომ დავიმსახურე ადამიანების კეთილგანწყობა.

არ ყოფილა სიტუაცია, რომ ვიღაცას ნეგატიური რეაქცია ჰქონოდეს შენს ვიდეოზე და შენ რას განიცდი ამ დროს?

  • კი, ყოფილა რეაქცია : რა არის, ხალხი გასაჭირშია, თქვენ კიდევ სულ იცინით! მაგ დროს ძალიან მნიშვნელოვანია პოზიტიური რეაგირება, რომ ადამიანი უფრო არ დაიძაბოს, მაგალითად ასე: – ნათია, მთავარია შენ გაიღიმო, ჩვენ შევიცვლებით! ზოგი ამაზე უფრო ბრაზდება, მაგრამ მაინც არ უნდა “ესწერვო” ადამიანს… ზოგადად, ძალიან პოზიტიურად ვრეაგირებ ხოლმე, იმდენად პოზიტიურად, რომ ამის გამო პრობლემებიც კი შემქმნია.

გავრცელებულია კამათი, ზოგი ამბობს, რომ ლიდერად იბადებიან, ზოგიც ამტკიცებს, რომ ლიდერად შეგიძლია ჩამოყალიბდე – შენ როგორ ფიქრობ?

  • ვფიქრობ, რომ ხდებიან… თუმცა… ახლა, რომ ვიხსენებ, ჩემი ცხოვრების პრაქტიკული გამოცდილებიდან, ჯერ კიდევ ბავშვობიდან ვცდილობდი პირველი ვყოფილიყავი, სცენაზე ვმდგარიყავი…

საიდან წამოვიდა იდეა “მეტი პოზიტივი ერო”? მოგვიყევი ცოტა ამ იდეის განვითარებაზე.

  • მე მყავს ერთი მეგობარი ლაშა ბასლანძე, რომელიც ხშირად ახსენებდა ხოლმე ამ სიტყვებს. მინდა, რომ ეს კარგად დაფიქსირდეს ყველგან, რომ მისი სახელი არ დავკარგო. რამდენჯერმე გაიმეორა ეს სიტყვები:” მეტი პოზიტივი, ადამიანებო. მეტი პოზიტივი, ერო.” ამ სიტყვებს ხშირად ვამბობდით ყოველდღიურ საუბრებში. შემდეგ მე უფრო გავუხშირე, იუმორშიც გადავიტანე: – კბილების გახეხვისას მაინც გაიღიმეთ, ხალხო! ვწერდი ხოლმე შესაბამის სტატუსებს და ვხედავდი, აშკარად იზრდებოდა მათ მიმართ ხალხის ინტერესი. თავად გვერდის შექმნის იდეა უკვე მე მომივიდა. მივდიოდი ხოლმე და ვეხვეწებოდი ჩემ მეგობრებს, რომ ვიდეო გადაგვეღო ამ თემატიკაზე. შემდეგ დავიწყე ვიდეოების დამოუკიდებლად გადაღება, ზოგჯერ ორ დღეს ვანდომებდი ხოლმე მონტაჟს, ვიწვალებდი, არ ივარგებდა, აღარ ვუშვებდი, ისევ ხელახლა ვიწყებდი მუშაობას სხვა ვიდეოზე. ესაა ტიპიური სოციალური პრობლემების მსუბუქი, იუმორისტული წარმოჩენა, რაც მაყურებლის მზარდ ინტერესს იწვევს.

ზოგჯერ უბრალო ტელეფონით გადაღებული დაუმონტაჟებელი უფრო მოსწონებიათ, ვიდრე რამდენიმე დღის ნაწვალები. ვიდეობის გადაღებისას ვარ პასუხისმგებელი ყოველ ჩემს სიტყვაზე, დიდი სიფრთხილეა საჭირო ასეთ კონტენტთან მუშაობისას, რადგან ყოველივე ეს საზოგადოების ხასიათზე, აზროვნებაზე, შეხედულებებზე ასე თუ ისე აისახება, ეს კი დიდი პასუხისმგებლობაა. ყოველდღიურად მხვდება უამრავი მესიჯი, დაახლოებით, ასეთი შინაარსით: – ცუდ ხასიათზე ვიყავი, ვუყურე თქვენს ვიდეოს და ძალიან კარგ ხასიათზე დავდექი. ვფიქრობ, რომ ადამიანი 24 საათის მანძილზე კარგ ხასიათზე ვერ იქნება, მაგრამ თუკი ვიღაცას განწყობას 6 საათის მანძილზე მაინც შევუქმნით, ამას რა ჯობია! ერთია, რომ ყოველივე ეს არ უნდა გადაგივიდეს ცანცარში, მდარე იუმორში, დაცინვაში – ამას დიდი სიფრთხილე სჭირდება!

რა შემოთავაზებები მოყვა ამ გვერდის შქემნის იდეას?

  • კი, მოყვა, არის ხოლმე შემოთავაზებები, რომ კერძო ორგანიზაციისთვის შევქმნა ვიდეო, ან ვითანამშრომლო ვინმესთან, საკმაოდ ბევრია. GDS-ზეც გადის, “ბინა 18”-ში ჩვენი ვიდეოები.

ჩემ გარშემო ვიცნობ ადამიანებს, ვისაც ძალიან უნდა მსგავსი პოპულარული (ვირუსული) იდეების მოფიქრება და განხორციელება, რას ურჩევდი ასეთ ხალხს?

  • პირველ რიგში უნდა გაიგონ, რა უნდათ. უნდა იცოდნენ, რომ 3-4 თვის შემდეგ ამ საქმეს არ მიატოვებენ მობეზრების გამო. მე, მაგალითად “მეტი პოზიტივი ერო” გავაკეთე მეორედ, მას შემდეგ, რაც ტექნიკური პრობლემის გამო გვერდის პირველი ვერსია დამებლოკა. ავდექი და თავიდან გავაკეთე. თუ ნამდვილად უნდა ადამიანს, აუცილებლად გამოუვა, ხოლო როცა გამოუვა, იმხელა ადრენალინს მიიღებს, რომ ხელახლა შეივსება ძალებით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდე, რასაც ვაკეთებ და ვიყო ნამდვილი მე. ყოფილა სიტუაცია, როდესაც დამკვეთს შემოუთავაზებია ჩემთვის ისეთი თემატიკის მოფიქრება, რაც საერთოდ არ იყო “ჩემი”. უბრალოდ, ვუთხარი უარი. არ მინდა ვქმნიდე ისეთ ვიდეოს, რომელიც ჩემი ბუნებრიობიდან არ გამომდინარეობს, ძალად იუმორს არ აქვს ფასი და ვერ ვხვდები რატომ უნდა ვქმნიდე ასეთს.

შენ სულ ეგეთი იყავი? :))

  • კი, სულ ეგეთი ვიყავი :))… (ისევ წინა კითხვაზე პასუხს აგრძელებს) თუ ადამიანს რაღაც გულით უნდა, ღმერთი აუცილებლად დაეხმარება…

წარმატებები გუჯას, “მეტი პოზიტივი ერო”-ს და შენც, ჩვენო მკითხველო, გისურვებ მოიკრიბო ძალები და იპოვო საკუთარი თავი საკუთარ თავში, რის შედეგადაც აუცილებლად აღმოაჩენ განსხვავებულ იდეას, ფასეულობას, რომლის მიღებასაც ელოდება საზოგადოება შენგან… მჯერა, რომ ყველაფერი გამოგივა!

სიყვარულით,

თაკო მეფარიშვილი

გაზიარება:

პერსონალური ანალიტიკოსი, ბიზნესკონსულტანტი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply