თქვენ რომელს აირჩევდით?

0

ყოველ ჩვენგანს აქვს არჩევანის უფლება. ვაკეთებთ რა არჩევანს, ამით ვქმნით ჩვენს მომავალს. აქ მოცემულია იგავი იმის შესახებ, თუ როგორ მოქმედებს ჩვენს მიერ გაკეთებული არჩევანი, ჩვენსავე მომავალზე და ვიდრე იგავს წაიკითხავთ, ჯერ პასუხი გაეცით კითხვაზე: არჩევანის წინაშე რომ იდგეთ, რომელს აირჩევთ სიმდიდრეს, იღბალს თუ სიყვარულს? იგავის წაკითხვის შემდეგ კი გაიგებთ, სწორი არჩევანი გააკეთეთ, თუ არა.

ქალი სახლიდან გამოვიდა და ქუჩაში, მისი ეზოს კართან, სამი მოხუცი დაინახა. სამივეს გრძელი თეთრი წვერი ჰქონდა. მან ისინი ვერ იცნო, მაგრამ მაინც უთხრა:

— მე თქვენ არ გიცნობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მშივრები იქნებით. გთხოვთ, მობრძანდით, სადილს მოგართმევთ.

— მეუღლე სახლშია? — იკითხეს მოხუცებმა.

— არა, არ არის, — უპასუხა ქალმა.

— მაშინ არ შემოვალთ, — კატეგორიული უარი განაცხადეს მათ.

საღამოს, როდესაც ქმარი დაბრუნდა, ცოლმა ყველაფერი მოუყვა.

— წადი და უთხარი შემოვიდნენ, ვახშამზე დაგვეწვივნ! — უთხრა ქმარმა.

ქალი გავიდა და მოხუცები შემოიპატიჟა.

— ყველა ერთად ვერ შემოვალთ, — უპასუხეს მათ.

— რატომ? — გაუკვირდა ქალს.

ერთმა მოხუცმა მას აუხსნა:

— მას სიმდიდრე ჰქვია, — თქვა და თავის ერთ-ერთ მეგობარზე მიუთითა, შემდეგ მეორესკე გაიშვირა ხელი და გააგრძელა — ეს იღბალი არის, მე კი სიყვარული ვარ. — ამის შემდეგ კი უთხრა — ახლა წადი და შენს ქმარს მოელაპარაკე, ვის ნახვას ისურვებდით თქვენს სახლში.

ქალი წავიდა და ქმარს გადასცა მოხუცების ნათქვამი. ქმარს ძალიან გაუხარდა.

— რა კარგია!, — თქვა მან, — თუ არჩევანი უნდა გავაკეთოთ, მოდი სიმდიდრე დავპატიჟოთ. მოვიდეს და სიმდიდრით აავსოს ჩვენი სახლი!

მაგრამ ცოლი შეეწინააღმდეგა:

— ძვირფასო, უკეთესი არ იქნება, თუ იღბალს მოვიპატიჟებთ?

მათი ქალიშვილი იქვე კუთხეში იჯდა და მშობლების კამათს უსმენდა. მან მათთან მიირბინა და უთხრა:
— იქნებ სიყვარული მოვიპატიჟოთ? მაშინ ჩვენი სახლი სიყვარულით აივსება!

— მოდი ჩვენს შვილს დავუჯეროთ, — უთხრა ქმარმა ცოლს. — წადი და სიყვარულს უთხარი, რომ ჩვენი სტუმარი იყოს.

ქალი გარეთ გავიდა და თქვა:

— სიყვარულს ვთხოვთ ჩვენი სტუმარი იყოს.

მოხუცი, სახელად სიყვარული კარისკე წავიდა. დანარჩენი ორი მოხუციც მას ფეხდაფეხ მიჰყვა. გაკვირვებულმა ქალმა ჰკითხა სიმდიდრეს და იღბალს:

— ცუდად ნუ გამიგებთ, მაგრამ მაინტერესებს, თქვენ ხომ მითხარით, რომ მხოლოდ ერთს შეეძლო სტუმრობა?
მოხუცებმა გაიღიმეს და უთხრეს:

— თქვენ რომ სიმდიდრე ან იღბალი მიგეწვიათ, დანარჩენი ორი გარეთ დარჩებოდა, მაგრამ რადგან სიყვარული აირჩიეთ, სადაც ის მიდის, ჩვენც იქ მივდივართ. იქ, სადაც სიყვარულია, ყოველთვის არის სიმდიდრე და იღბალი!

ლალი ადიკაშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply