“თქვენც, ვერ ხედავთ მზეს”..?

0

წარმოიდგინეთ დილას იღვიძებთ და მზე არ გხვდებათ ცაზე. ხვდებით, რომ „დილას“ კი არ იღვიძებთ უბრალოდ შვიდსაათნახევრის შემდეგ გეღვიძებათ თითქოს იმავე დღეს … და რა ხდება?

აგრძელებთ ცხოვრებას მზის გარეშე…

დგებით 08:15 საათზე ანთებთ შუქს, რადგან სიბნელეა, წესრიგდებით, იცვამთ და გადიხართ სახლიდან. დილაა, მაგრამ ქუჩები ხელოვნურად არის განათებული, ყველა მანქანას მაშუქი ფარები აქვს ჩართული და იწყებ ახალ დღეს, რომელიც გუშინდელის დასასრული გგონია, უფრო სწორად კი გუშინდელი ღამის „არდასასრული“.

აგრძელებთ გზას … წუთში ერთხელ მაინც იხედებით აქეთ-იქით, იქნებ რაიმე შეიცვალოს, ან იქნებ ვინმეს ეჭვნარევი სახე დაინახოთ გუშინდელი დღის, ვისთვის ღამის „არდასრულებაში“.

ყველა ჩვეულებრივ მიიჩქარის, თითქოს უჩვეულო მათთვის არაფერია. მეც, “ვერნაპოვნ” სიმშვიდეს ვინარჩუნებ და ვაგრძელებ გზას სამსახურამდე, არც თუ ისე გრძელი მანძილია, სწრაფი ნაბიჯით მივდივარ, გული რა თქმა უნდა ჩვეულებრივზე სწრაფად მიცემს, პერიოდულად უკან მორიდებით და დიდი დისტანციით ვიხედები, ოთხი წუთიც რომ დამაკვირდეს ვინმე, შემამჩნევს როგორი დაბნეული, აღელვებული, გაუწონასწორებელი და შეშლილი ქცევები მაქვს. ისევ “ვერნაპოვნ” სიმშვიდეს ვინარჩუნებ და მგონია ვიღაც მიყურებს და დამცინის, ეს რა აკვიატებაა…

ცაზე ახედვის მეშინია …

არცერთხელ ამიხედავს გამოგიტყდებით. არც ვიცი რა ხდება და ეს უფრო მაშინებს. მაშინებს ხალხის ჩვეულებრივი ქცევა, „ნუთუ, ისინი ხედავენ მზეს?“

მივედი მთავარ კითხვამდე – „იქნებ, მხოლოდ მე ვერ ვხედავ მზეს?“

მაგრამ იქნებ მეც ვხედავ მას, უბრალოდ ცაზე უნდა ავიხედო და … მართლაც, რომ არ დამხვდეს “ის” იქ?!

– მაგრამ ვერც გავიგებ თუ არ ავიხედე. ვინმეს რომ ვკითხო? გიჟი ვეგონები თანაც სამართლიანად, როგორ ვკითხო – „უკაცრავად თქვენ ხედავთ დღეს მზეს, მზის ნათელს? მზის სხივს?“

– არა, უნდა ავიხედო მაღლა!

ცაზე შიშით ავიხედე და ნათელის პირველი ნიშნებიც გამოჩნდა. მეორე თვალიც გავახილე და მივხვდი უჩვეულო მართალაც არაფერი ყოფილა, შფოთის მიზეზიც არ მქონია.

– თვალი უნდა გავუსწოროთ რეალობას, იმისათვის რომ სიტუაცია გავაანალიზოთ, უნდა „შევხედოთ ცას“!

პრობლემებს კი არ უნდა გავექცეთ უნდა მოვაგვაროთ, წინააღმდეგ შემთვევაში, პრობლემა თუ არა შფოთი აუცილებლად გაიზრდება და სიმშვიდეს დაკარგავს სული! სულს დარდი და სევდანარევი ცრემლი მოერევა და დაამარცხებს კიდეც!

რატომ გავრბივართ? ვისთან გავრბივართ? ჩვენს თავს ხომ ვერ გავექცევით და შესაბამისად, ვერც ჩვენში დაბადებულ და ჩვენივე დაუდევრობით გაზრდილ პრობლემას? რატომ ვირჩევთ არასწორ გზას „ჰორიზონტზე მზეს ხომ ვერ მივაგნებდით“?

უმოკლესი, მარტივი და რეალური გზა ხომ ცის დანახვა იყო, მზე ხომ მაღლაა, მე კი პრობლემას ქუჩაში „ჰორიზონტალურ ხაზში“ გავექეცი და ამდენი შიშის, ნერვიულობის მერე მაინც მომიწია „ცისთვის თვალი გამესწორებინა“. ცაზე ერთი თვალით ახედვაც საკმარისი აღმოჩნდა და დავინახე „ის“ იქ. „ის“ იქ დამხვდა, სადაც თავიდანვე უნდა მომეძებნა და ეს მე ვიცოდი, იმედი გამიჩნდა და მეორე თვალითაც შევხედე ცას და უჩვეულო სიმშვიდე და საკუთარ თავზე გამარჯვების შეგრძნება დამეუფლა!

… მაგრამ ამავდროულად მივხვდი როგორი სუსტი ვიყავი დილით …

რა მარტივია ცხოვრება, როდესაც რეალობას არ უშინდები და შენი გამოგონილი იდეალები არ გახვევს თავ-ბრუს!

შეუმჩნევლად, უკვე მხოლოდ ხუთ წუთში ერთხელ ვიხედები აქეთ-იქით ბოლოს წინა იმედით, ვინმემ ხომ არ შემამჩნია სამი წუთის წინ როგორი შეშლილი და დაბნეული “მო-ქალაქე” ვიყავი, რომც დავენახე ალბათ არც არავინ გამომელაპარაკებოდა, მაგრამ მგონია მაინც ვერავინ შემამჩნია.

მოკლე ტექსტური შეტყობინება მაქვს – „ხომ ყველაფერი რიგზეა, ისე გამიარე ქუჩაში ვერც შემამჩნიე და შენი გაჩერებაც ვერ გავბედე. მე და ჩემი მეგობარი ვიყავით“. . .

არც ისე მარტო ვყოფილვარ წეღან…

გაზიარება:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის მაგისტრანტი. მომწონს იმპრესიონისტული პოეტიკა.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply