ექსპერიმენტი ვაშინგტონის მეტროში

0

ვაშინგტონში მეტროს სადგურზე კაცი ჩამოჯდა და ვიოლინოს დაკვრა დაიწყო. იანვრის ცივი დილა იდგა. 45 წუთის განმავლობაში მან ბახის ექვსი პიესა შეასრულა. პიკის საათი იყო და,გამოთვლების მიხედვით, ამ ხნის განმავლობაში მას ათასობით ადამიანმა ჩაუარა. მათგან უმრავლესობა სამსახურში მიიჩქაროდა.

სამი წუთის შემდეგ შაუხნის მამაკაცმა ყურადღება მიაქცია მუსიკოსს. მან ნაბიჯი შეანელა, რამდენიმე წამით შეჩერდა კიდევაც; შემდეგ კვლავ თავის საქმეებზე გაეჩქარა.

კიდევ ერთი წუთის შემდეგ მევიოლინემ პირველი დოლარი დაიმსახურა: ჩამვლელმა ქალმა ფული ჩაუგდო და არ შეჩერებულა, ისე განაგრძო გზა.

რამდენიმე წუთის შემდეგ ვიღაც კაცი კედელს მიეყრდნო და ყური მიუგდო დაკვრას; მაგრამ შემდეგ საათზე დაიხედა და წავიდა. ცხადია, სამსახურში აგვიანდებოდა.

ყველაზე მეტი ყურადღება მუსიკოსს სამი წლის ბიჭუნამ მიაქცია. მას დედა ხელჩაკიდებულს მიარბენინებდა, მაგრამ ბავშვი შეჩერდა, მუსიკოსისთვის რომ შეეხედა. ბოლოს და ბოლოს დედამ ძლიერად გაქაჩა ბავშვი და თან გაიყოლა. ბიჭუნა წავიდა, მაგრამ წამდაუწუმ თავს ატრიალებდა, სანამ მევიოლინის დანახვა შეეძლო. ასევე მოიქცა რამდენიმე სხვა ბავშვიც. უკლებლივ ყველა მშობელი აიძულებდა შვილს, გზა განეგრძო.

45 წუთის განმავლობაში, სანამ მუსიკოსი უკრავდა, მხოლოდ ექვსი ადამიანი შეჩერდა და დაყოვნდა რაღაც ხნით. ოციოდე ადამიანმა მას ფული მისცა, მაგრამ ნაბიჯი არ შეუნელებიათ. სულ 32 დოლარი შეგროვდა. როდესაც მან დაკვრა დაამთავრა და სიჩუმე ჩამოვარდა, არც ეს შეუმჩნევია ვინმეს. ტაში არავის დაუკრავს, არც სხვა გზით გამოუხატავთ აღტაცება.

არავინ იცოდა, რომ ეს მევიოლინე იყო ჯოშუა ბელი, მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსი. მან 3,5 მილიონ დოლარად ღირებულ ვიოლინოზე შეასრულა ერთ-ერთი ყველაზე რთული ნაწარმოები, რაც კი ოდესმე დაწერილა.
მეტროს სადგურზე გამართულ კონცერტამდე ორი დღით ადრე ჯოშუა ბელი ბოსტონის თეატრში უკრავდა სავსე დარბაზში. მის კონცერტზე დასასწრები ბილეთის ფასი საშუალოდ 100 დოლარს შეადგენდა.

ეს ნამდვილი ამბავი გახლავთ. ჯოშუა ბელის ინკოგნიტო გამოსვლა „ვაშინგტონ პოსტის “ ორგანიზებული იყო და სოციალური ექსპერიმენტის ნაწილს შეადგენდა. მისი მიზანი ხალხის აღქმის, გემოვნების და პრიორიტეტების გამოვლენა იყო. კითხვა ამგვარად იდგა: ჩვეულ გარემოში და არახელსაყრელ დროს – გაგვაჩნია სილამაზის აღქმა?
შევჩერდებით, რათა დავტკბეთ მით? გამოვარჩევთ ტალანტს უჩვეულო ვითარებაში?

ამ გამოცდილების ერთ-ერთი დასკვნა შესაძლოა ასეთიც იყოს: თუკი ჩვენ წუთიც ვერ გამოგვინახავს, რათა შევჩერდეთ და ყური დავუგდოთ მსოფლიოს ერთ უდიდეს მუსიკოსს, რომელიც უკრავს ერთ-ერთ საუკეთესო მელოდიას, რაც კი ოდესმე შექმნილა – რამდენი სხვა რამ გვრჩება ყურადღების მიღმა?

ჯოშუა ბელ 4 წლის იყო  ვიოლინოზე დაკვრის სწავლა,რომ დაიწყო. თოთხმეტი წლის ასაკიდან სოლისტად გამოდის ფილადელფიის ორკესტრთან ერთად რიკარდო მუტის დირიჟორობით.

ქვემოთ მოცემული ვიდეოს საშუალებით შეგიძლიათ მოუსმინოთ მის მიერ შესრულებულ “Ave Maria”–ს.

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply