“ეს კაცი მინდა, გაგაცნოთ – ის ამ სტატუსს ვერ ნახავს, არც არაფერში სჭირდება…”

0

ნათია როსტიაშვილი “ფეისბუქზე” ჰყვება თბილისი-ჰერეთის სამარშრუტო ტაქსის მძღოლის – თამაზის შესახებ, რომელსაც, მისი თქმით, მგზავრები უყვარს და თავის საქმეს დიდი სიხარულითა და მონდომებით აკეთებს, ამასთან, მისთვის არც ადამიანური ურთიერთობებია უცხო.

“ეს კაცი მინდა გაგაცნოთ. აქვე ვიტყვი, რომ არც ჩემი ნათესავია, არც ახლობელი. ერთი, გამორჩეულად ნათელგულიანი ადამიანია. ცოტა რომ შემოგვრჩა – ისეთი.

ჩემი ნოველის სათაურია ,,თბილისი-ჰერეთი”. მაგ რეისზე დაჰყავს მგზავრები თამაზს. კახში (საინგილოში) მიჰყავს და მოჰყავს.

ჩვენი, აგვისტოს ომი რომ დაიწყო, იმ პერიოდს დაემთხვა მგზავრობის გაძვირება. ყველა სხვა მძღოლს რომ 12 ლარს უხდიდა მგზავრი, ამ კაცს, თამაზს, ათად დაჰყავდა ყველა. სანამ ომია, ასე იქნება, იმ ორ-ორ ლარს არავის გადავახდევინებო. სხვა რა შემიძლია, ვის როგორც შეგვიძლია ერთმანეთის თანადგომა, ისე უნდა გამოვხატოთო…

ახლაც მისი ,,მარშრუტკით” წავედ-წამოვედით. წლების ტრადიაციას არც ახლა უღალატა. ორივე გზაზე, ცხელ-ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა. ბეევრი წელია, ტრადიციად აქვს მგზავრების გამასპინძლება. ყავაც კი გვიყიდა ე.წ. ,,წყაროსთან,” სადაც შესასვენებლად და მუხლის გასამართათ ვჩერდებით ხოლმე. არავინ არ აკეთებს ამას…

ამ ადამიანს თავის საქმე უყვარს. თავის მგზავრები უყვარს. ასეთი ადამიანები რომ გვყავდეს ყველა სფეროში, როგორი ძლიერები ვიქნებოდით!
ტელევიზორიდან და გაზეთებიდან რომ ვიგებთ – ამა და ამ დეპუტატმა გზაზე წაქცეული მოხუცი დაინახა, გადმოვიდა ჯიპიდან და წამოდგომაში დაეხმარაო – კარგია, მაგრამ მე მაინც მგონია, რომ ასეთი, თამაზისნაირი უჯიპო, ტელევიზიით გაუშუქებელი ადამიანის მხრებზე დგას კაიკაცობა. ცხოვრების წესად რომ აქვთ ადამიანების სიყვარული და გვერდში დგომა და სულ არად დაგიდევენ, რომ წლები ისე გადის, მათ შესახებ საქვეყნოდ არსად საუბრობენ, რომ ადამიანებზე ზრუნვა ,,ძვირი ჯდება…” ადამიანებზე, რომლებსაც საკუთარ ჯიბეში მეტ ფულს, მეტი ღიმილი ურჩევნიათ – სხვების სახეებზე… <3

ამ სტატუსს თამაზი ვერ ნახავს, არც არაფერში სჭირდება. მე მჭირდებოდა, თქვენთვის მეთქვა, თქვენთვის გამეცნო. იცნობდეთ…” – წერს ნათია როსტიაშვილი.

წყარო

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply