„ერთადერთი სიბრძნე იმის ცოდნაშია, რომ გააცნობიერო რომ არაფერი არ იცი“

0

„მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი“ ან „ერთადერთი სიბრძნე იმის ცოდნაშია, რომ გააცნობიერო რომ არაფერი არ იცი“ – ალბათ ყველასთვის ცნობილია ძველი ბერძენი ფილოსოფოსის სოკრატეს გამონათქვამები. მაგრამ მაინც რაში მდგომარეობს კონკრეტულად მისი „განათლების თეორიის“ არსი ამას შემდგომი სტატიდაან შევიტყობთ.

ძირითად ინფორმაციას სოკრატეს შესახებ მისი მოწაფის – პლატონის დიალოგებიდან ვგებულობთ, რომელიც წარმოაჩენს სოკრატეს დიალოგურ მეთოდს, რაც მიზნად ისახავს ადამიანის შინაგანი არსების გამოღვიძებას, მისი თანამოსაუბრე მოქმედებს როგორც შინაგანი ხმის ეკვივალენტი, რომელსაც გონება ანვითარებს კრიტიკული აზროვნებისას. სანამ უშუალოდ გადავიდოდეთ იმის ახსნაზე, თუ როგორ იაზრებს სოკრატე ცოდნას, უნდა ვიცოდეთ, რომ ადამიანი მის ფილოსოფიაში (უფრო დაზუსტებით თუ ვიტყვით პლატონის მიერ წარმოჩენილ სოკრატეს ფილოსოფიაში) გაიგება, როგორც ღვთაებრივი არსება, როგორც შინაგანი-მე, რომელიც არ კვდება და მარადიულად განაგრძობს ცხოვრებას ღმერთებთან ერთად. სწორედ ამ თავისებურებიდან გამომდინარე ადამიანია ის არსება (განსხვავებით ცხოველისგან) რომელსაც შეუძლია შეიმეცნოს მორალური ღირებულებები, სახელდობრ გაიგოს და გაარჩიოს სათნოება და ბოროტება, ანუ იგი იმგვარადაა კონსტიტუირებული, რომ მას შეუძლია იცოდეს რა არის კარგი და მისდიოს მას. რაც შეეხება ადამიანურ გონებას, მისი პოტენცია უსასრულობისკენაა მიდრეკილი, მარად ახალი ცოდნისკენ მიილტვის.

სწორედ ამ ტიპის ცოდნის გაღვივებას ემსახურება სოკრატეს დიალოგები. იგი განასხვავებდა ორი ტიპის ცოდნას, ტრივიალურს – ყოველდღიურს (მაგალითად ხელოსნის ცოდნა) და არსებით ცოდნას, რომელიც ადამიანს თავის შინაგან არსს შეაცნობინებს, თავის სულში ჩაახედებს და დაანახებს წმინდა ეთიკურ ღირებულებებს, რომელიც სოკრატეს აზრით ცხოვრების თავისთავადი მიზანია;

„ერთადერთი სიკეთე ცოდნაა, ხოლო ერთადერთი ბოროტება უცოდინარობა“.

„ჩვენ არ შეგვიძლია ვიცხოვროთ უკეთ, გარდა იმის ძიებისა, რომ გავხდეთ უკეთესები“.

სოკრატე ძალიან კარგად ხვდება რომ ეს არ არის მარტივად შესამეცნებელი, შესაბამისად მისი დიალოგური მეთოდი მიზნად ისახავს, რომ თავის მოწაფეებს შეამეცნებინოს ან აღმოაჩინოს მთავარი არსი და დაბადოს მათში კრიტიკული აზროვნება, რაც თავისთავად გამორიცხავს რაიმე ტიპის ცოდნის – ან თეორიის მზა-მზარეულად გადაცემას. სწორედ ამას გულისხმობს მისი გამოთქმები :

„მე არავის შემიძლია ვასწავლო რაიმე, მე მხოლოდ შემიძლია რომ ვუბიძგო მათ აზროვნებისკენ“

„განათლება ცეცხლის გახურებას ჰგავს და არა ჭურჭლის ავსებას“

მაშასადამე სოკრატეს სწავლების ძირითადი მოტივი ინდივიდის მიერ საკუთარი თავის შემეცნებაა. სოკრატეს სწამს, რომ სიკეთე, ჭეშმარიტება და წმინდა მორალური პრინციპები ადამიანის სულშია მოთავსებული, და მათ მხოლოდ გაცნობიერება სჭირდება. კაცობრიობის მიზანია, რომ ეძებოს ისეთი სათნოებები, როგორიცაა სიმამაცე, თვით-კონტროლი, ამბიციებზე და ემოციებზე ბატონობა, რომლებიც ჭეშმარიტების ძიებას ფარავენ. უცოდინრობისს ცნება ამ გზის დაბრკოლებაა და მას შემდეგ რაც ადამიანი გააცნობიერებს ამ უცოდინარობას,ჭეშმარიტებისკენ ერთი ნაბიჯი გადადგმული იქნება. დავასრულებ სოკრატეს გამონათქვამით: „შეიცან თავი შენი.“

გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply