ეპიკურეიზმი ანუ ბედნიერება ძველ ბერძნულად

2

ძველი ბერძენი ფილოსოფოსი, ეპიკურე დაიბადა ათენელი ახალმოშენეს ოჯახში. მისი მოძღვრების ამოსავალი მოტივი ჰედონიზმია, რომლის მიხედვითაც ცხოვრების ძირითად აზრად სიამოვნების მიღება გვევლინება. ერთი შეხედვით, ეს პრინციპი შეიძლება ძალიან თამამად მოგვეჩვენოს, თუმცა როგორია ეპიკურეს ხედვა სიამოვნებაზე ან რა მიაჩნია მას სიამოვნებად, რომელიც ცხოვრებას მშვენიერს ხდის და როგორ წარმოედგინა მას ბედნიერების მოპოვება, ამას სტატიიდან შევიტყობთ.

ეპიკურე თვლიდა, რომ საწყისი პუნქტი, რომელიც ცხოვრებას ორიენტირს აძლევს არის სიბრძნე და გონიერება, რომლის მეშვეობითაც უნდა მოხდეს იმის განსაზღვრა თუ როგორია სასიამოვნო ცხოვრება. ხშირ შემთხვევაში, რაც ჩვენ გვინდა, არ არის ის, რაც გვჭირდება და გარდა ამისა დაუფიქრებელმა ნდომამ ან წამიერმა გატაცებებმა შესაძლოა უსიამოვნებებიც შეგვამთხვიოს; მხედველობაში უნდა მივიღოთ ის ფაქტიც, რომ არსებობს სასიამოვნო მომენტები, რომელსაც ბევრი პრობლემა შეიძლება მოჰყვეს თან, რაც თავის მხრივ არ გვაძლევს მუდმივად ბედნიერებისა და სასიამოვნო ცხოვრების გარანტიას; ამ ლოგიკით ფული არ არის ის თავისთავადი ღირებულების მქონე ნივთი, რომელიც გვანიჭებს ბედნიერებას და სიამოვნებას; მისი დაკარგვა დანაღვლიანებას იწვევს, ან მუდმივად აქეზებს ადამიანს იმისკენ, რომ უფრო მეტი მოიპოვოს, რაც მის სულიერ სიმშვიდეს საფუძველს აცლის. ეპიკურე ნათლად ხედავდა, რომ იმ ადამიანებს რომლებსაც ჰქონდათ ფული, მაგრამ არ ჰყავდათ მეგობრები, არ ჰქონდათ თავისუფლება და სულიერი სიმშვიდე, არ შეიძლება ყოფილიყვნენ ბედნიერები.

მაშასადამე, რა მიაჩნია ეპიკურეს ბედნიერი ცხოვრებისთვის აუცილებელ პუნქტებად?

ზომიერება:
ეპიკურეს ბედნიერების მისაღწევად უმნიშვნელოვანესად წარმოუდგება ზომიერება და მცირედით დაკმაყოფილება, რადგან ამის გარეშე შეუძლებელია მოთხოვნილებებისთვის ზღვრის დადება, რაც თავის მხრივ შეუძლებელს ხდის სულიერ სიმშვიდეს;

„არაფერი არ კმარა იმისთვის, ვისაც საკმარისი ეცოტავება.“

მეგობრობა:
ეპიკურესთვის ცხოვრების ერთ-ერთი ფასეული ასპექტი სწორედ მეგობრობაა, რადგან მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა არა მხოლოდ ჩვენთვის , არამედ მათთვისაც.მეგობრობა ეპიკურესთან ფილოსოფიური კატეგორია ხდება. ეს არის ბრძენთა თანასწორუფლებიანი კავშირი, რომლებიც მსჯელობით ეძებენ ამქვეყიური ნეტარების გზებს.

გონიერება:
გონიერება საშუალებას გვაძლევს საშუალებას რაციონალურად განვსაჯოთ მოვლენები და საჭიროებები, გარდა ამისა, გვეხმარება იმ ცოდნის მიღებაში, რომელიც ჩვენი ჯანსაღი ბედნიერებისთვისაა საჭირო.

სიკვდილის შიშისგან განთავისუფლება:
მშვიდი და აუღელვებელი ცხოვრებისთვის აუცილებელია, რომ განთავისუფლებული ვიყოთ სიკვდილის შიშისგან. საინტერესოა ვახსენოთ, რომ ეპიკურეს აზრით სიკვდილი ჩვენ არასდროს გვეხება, რადგან სანამ ცოცხლები ვართ სიკვდილი ჩვენთვის პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო როდესაც გარდავიცვლებით სიცოცხლე კარგავს მნიშვნელობას.

პოლიტიკისგან განდგომა:
ბერძენი ფილოსოფოსი ფიქრობდა, რომ პოლიტიკისგან განდგომა ადამიანის სულიერი სიმშვიდის და ბედნიერების მოსაპოვებლად აუცილებელია. უნდა შეინიშნოს, რომ ეს პრინციპი ეჭვქვეშაა დასაყენებელი, რადგან სავარაუდოა, რომ ადამიანს ჰარმონიული სოციალური თანაცხოვრება და სამართლიანი პოლიტიკური გარემო უფრო ბედნიერს ხდის, ვიდრე მისგან განცალკევება, თუმცა შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ ეპიკურეს ფილოსოფიის პრინციპი საკუთარი თავის უკეთ შეცნობისკენ მოწოდებაა.

ნათქვამიდან გამომდინარე ნათელი ხდება, რომ ეპიკურეს მიერ გაგებული სასიამოვნო ცხოვრება ასოცირდება არა უაზრო ჭამა-სმასთან და სქესობრივ ცხოვრებასთან, არამედ რაციონალურად დაფუძნებულ ცხოვრების წესთან, რომლის მიზანი სულიერი სიმშვიდრე, ზნეობრიობა და სიბრძნით ტკბობაა. დავამთავრებ მისი გამონათქვამით:

„კეთილგონიერება მიგვითითებს, რომ არ შეიძლება სასიამოვნოდ ცხოვრება, თუ არ ცხოვრობ გონიერად, ზნეობრივად და სამართლიანად და პირუკუ, არ შეიძლება გონიერად, ზნეობრივად და სამართლიანად იცხოვრო, თუ არ ცხოვრობ სასიამოვნოდ.“

მოამზადა მარიამ ხაზარაძემ

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი