დიმიტრი უზნაძე: “ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულება”

0

ჩვენს ასაგები გვაქვს რაღაც შენობა, რომლის აგება ჩვენს წინაპრებს დაუწყიათ და შემდეგ მისი დამთავრება ჩვენთვის გადმოუციათ. ამგვარად, დაბადებიდანვე დაყოლილი გვაქვს თან ის დანიშნულება, რომელსაც ჩვენი მთელი ძალ-ღონე უნდა მოვახმაროთ. მაგრამ რა არის ეს შენობა? მას კულტურული შემოქმედების სახელით ავღნიშნავთ.

ნივთიერ, არაორგანულ სამყაროს ღრმა პასიურობა ახასიათებს, მაშინ როდესაც შემოქმედება მოქმედებას, აქტიურ ძალას მოითხოვს. არსებობს მსოფლიოში აქტიური პრინციპი, რომელიც სულიერების სახელით არის ცნობილი. მხოლოდ მას შეუძლია მოქმედების პრინციპი იყოს.

სული ანუ აქტიური მომენტი მუდმივად უნდა ებრძოდეს ნივთიერებას (მატერიას), ანუ მსოფლიოს პასიურ მომენტს. ეს უკანასკნელი თანდათან გამჭირვალე უნდა გახდეს აქტიური მომენტისთვის, ასე ვთქვათ, განსულიერდეს. რა არის კულტულა, თუ არა პასიური მომენტების ამგვარი განსულიერება აქტიურის საშუალებით? აიღეთ მეცნიერება: უცნობი და შეუცნობელი ჩვენი გონებისთვის რაღაც პასიურ, უძრავსა და უსარგებლო სფეროს წარმოადგენს, მაგრამ როგორც კი შევიცნობთ მას, ის უკვე უცხო და უმოქმედო არაა ჩვენთვის, მისით ვსარგებლობთ და მას ვიმსახურებთ, ჩვენი მიზნების თანახმად.

აიღეთ ხელოვნება: ბუნების მკვდარი მასალა, შავი მარმარილო ან ფერადი, ხელოვანი შემოქმედის სულის შთაბერვით სულიერ არსებად იქცევა. რა არის ვენერა მილოსელი ან სხვა რომელი ქანდაკება, თუ არა სულიერი არსება?! აქ სხეული ნივთიერებაა (მარმარილო) და სული ხელოვანის იდეაა, რომელიც განხორციელებულია მკვდარ მასალაში. ამიტომაც ეს მასალა უკვე აღარაა პასიური, მკვდარი.

აიღეთ ჩვენი კულტურული ცხოვრების ყველა სხვა სფერო – ყველგან დაინახავთ მსოფლიოს განსულიერების ცდას, პასიური ნივთიერებების ძარღვებში სულის შეჭრას, მის სიცოცხლის მაჯისცემით ათამაშებას. ასეთია კულტურული ცხოვრების არსი და ასეთია ადამიანის ცხოვრების მიზანი.

დაბადების (ბიბლიის) წარმოდგენით, ღმერთმა იმით დაასრულა თავისი შემოქმედების პროცესი, რომ ადამიანის არსებაში საუკეთესოდ შეარიგა სული ხორცს, აქტიურობა – პასიურობას, სამაგიეროდ ნივთიერების მთელი დანარჩენი მსოფლიო განუსულიერებელი დატოვა და ამით თითქოს იმთავითვე განსაზღვრული დანიშნულება მისცა ადამიანის არსებობას.

ჩვენი დანიშნულება ღვთისგან დაწყებული მსოფლიო შემოქმედების განგრძობაა, ღვთისგან დაწყებული საქმის დასრულებაა. და თუ ასეა,მაშინ ცხადია,ჩვენს გამუდმებულ, დაუღალავ შრომას მნიშვნელობა ჰქონია, ჩვენს დროულ (დროში შეზღუდულ) ცხოვრებას – ღრმა აზრი.

კომენტარები

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply