Connect with us

შთამაგონებელი ისტორიები

დეიდა,რომელიც ღარიბი იყო,მაგრამ შობის ღამეს სამუდამოდ გაათბო გლეხი გოგონას გული

შობის ღამეა.სახლში მარტო ვარ. ერთ პატარა ხის სახლში ვცხოვრობ.ყოველ დილით ტყეში გავდივარ და შეშას ვჩეხავ.  შეშას ტომარაში ვაწყობ, მხარზე ვიდებ და  შინ ვბრუნდები. მამამ მასწავლა ბუხრის დანთება.  ჩემი გულის ამბებთან ერთად  შევუკეთებ შეშას  ბუხარში და ძალიან მაგარ ცეცხლს ვანთებ, რომელსაც შეუძლია გაათბოს იმ  ადამიანების გული, რომლებიც  ფიქრობენ რომ მარტოსულები არიან. მაგრამ დღეს შობის ღამეა და ადამიანებმა ეს  ჯადოსნურ წუთები აუცილებლად ოჯახის წევრების გარემოცვაში უნდა გაატარონ, რადგან  მიუხედავად იმისა ღმერთი ყველგან არის,  მას აუცილებლად, საკუთარ სახლში უნდა შეხვდე. აუცილებლად უნდა დადგე ფანჯარასთან, ანთებული სანთელი დაიკავო ხელში და იმედის თვალით შეხედო ცას. რადგან უამრავი  ვარსკვლავებით მოჭედილი ციდან,  ერთი ვარსკვლავი  შენთვის შექმნა ღმერთმა. ეს ერთი ვარსკვლავი  აუცილებლად ჩამოცურდება ციდან და ჩაგივარდება უბეში. სწორედ ამ გზით    დაიბადება მაცხოვარი  შენს გულში და არასოდეს დაგტოვებს მარტო.

ახლა ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან   და   ჩემს სახლს ათბობენ ბუხარში მოგიზგიზე ნაკვერჩხლები. ბავშობიდან მინდოდა დამეწერა დეიდასთვის სამადლობელი წერილი, რადგან პირველად სწორედ მაშინ აღმოვაჩინე სამყაროში კეთილი ადამიანები, როდესაც  დეიდა  სოფელ ფოცხოდან ჩამოვიდა ჩვენთან სტუმრად.  სოფელი ფოცხო იყო ყველაზე   მიუვალი და სევდიანი სოფელი ქვეყნად. მხოლოდ რამდენიმე ოჯახი იყო  ამ მხარეში დასახლებული და ალბათ ამიტომ იყვნენ აქაური ადამიანები ძალიან სევდიანები. დეიდაზეც იგივეს ამბობდნენ : მოწყენილი ქალიაო, მაგრამ  მე ვფიქრობდი, რომ  დეიდა იყო ყველაზე მაგარი ადამიანი  –  მთელს სამყაროში.

არაერთხელ დამიწერია, რომ ჩემს ოჯახს ეკონომიურად ძალიან უჭირდა და ამიტომ  მამაჩემის სვიტერს ვიცვამდი  სკოლაში. ამის გამო  კლასელები ხშირად  ჩურჩულებდნენ  ერთმანეთში  ჩემზე და არ მეგობრობდნენ ჩემთან. დიახ, ბავშვებმა  იციან ერთმანეთის გამორჩევა, გარეგნობის და ჩაცმულობის გამო. სამწუხაროდ,  არც მე  გამიმართლა და იმ ბავშვების სიაში აღმოვჩნდი,რომლებიც თავს მარტოსულად გრძნობენ სკოლაში.

      დეიდა სოფლიდან ჩვენთან რომ ჩამოვიდა   და თოკზე გადაფენილი  მამას ნაქონი ჩემი  სვიტერები  და პიჟაკები დაინახა, ჯერ თვალები აევსო  ცრემლით. სევდიანი ათვალიერებდა თოკზე გადაფენილ  არა მარტო ჩემს სამოსს, არამედ ჩემს ოცნებებს და იმედებს.  მაგრამ სახლში, რომ შემოვიდა   საოცარი სითბო დატრიალდა ჩვენს მოწყენილ ქოხში. დეიდამ მთელი სახლი დაასუფთავა და მე  და ჩემს ძმებს მოგვიმზადა  გემრიელი კერძები. მერე კი მე    გაკვეთილებს ვმეცადინეობდი. დეიდა კი  ქსოვდა.

  ჩავწვებოდი ლოგინში,მაგრამ  თავზე საბანს  არ ვიფარებდი, დეიდას ვუყურებდი და ისე ვიძინებდი. მთელი ღამე მესმოდა, როგორ ატრიალებდა საქსოვ ჩხირებს და მიუხედავად იმისა  არასდროს მენახა ჯადოსნური ზღაპარი, ვიცოდი  დეიდა ნამდვილ საშობაო ზღაპარს ქსოვდა ჩემთვის. გამეღვიძებოდა შუაღამისას. ბუხარში ისევ გიზგიზებდნენ ნაკვერჩხლები. გარეთ ბარდნიდა ალბათ, რადგან  ფანჯრიდან გამომკრთალი შუქი ანათებდა ოთახს.  სამი დღე და ღამე შეუჩერებლივ ქსოვდა დეიდა. ართავდა ფერად, აბრეშუმის და შალის ძაფებს ერთმანეთში და  მეგონა ფაფუკ თოვლსაც ურევდა თავის სამუშაოში. სწორედ მესამე დღეს, შობის დღესასწაულზე დაასრულა ქსოვა. თვალი, რომ გავახილე  სკამზე  დამხვდა  გადაფენილი ულამაზესი, თეთრი, ფაფუკი სვიტერი. ლურჯი შალის ძაფისგან ნაქსოვი ქვედა კაბა და ასევე ძალიან მუქი ლურჯი ჟილეტი.

ნამდვილი მწერალიც, რომ ვიყო ზუსტად ვერ ავღწერდი, როგორი ტანსაცმელი მოქსოვა დეიდამ ჩემთვის. რადგან შეუძლებელია ზუსტად  აღწერო პატარა, გლეხის გოგონასთვის მოქსოვილი ლამაზი ტანსაცმელი. ღმერთო, მე ამაზე მაგარი საოცრება მანამდე და მას შემდეგ არასდროს მინახავს არსად. მას შემდეგ არასდროს არაფერს გაუხარებია ასე ძალიან ჩემი ღარიბი გული. საწოლიდან წამოვხტი და ფეხშიშველა მივირბინე დეიდასთან. რამდენჯერმე მოვეხვიე. ჩავიცვი ჩემი ახალი ტანსაცმელი, თმები  მხრებზე ჩამოვიშალე და ეზოში გავიქეცი. ფიფქები ისე გამალებით ცვიოდნენ ციდან, თითქოს  ისინიც იზიარებდნენ ჩემს სიხარულს. საოცარი შობა მქონდა. იმ ღამით ქრისტე მართლაც ჩამოვიდა ჩემს გულში და მას შემდეგ არასდროს წასულა ჩემი პატარა  გულიდან არსად.

      ერთი სული მქონდა, როდის გათენდებოდა ორშაბათი დილა. ერთი სული მქონდა,როდის  წავიდოდი სკოლაში. მინდოდა ყველას ენახა ჩემი ახალი ტანსაცმელი. მინდოდა ბავშვები მიმხვდარიყვნენ, თუ  როგორ იზრუნა დეიდამ ჩემზე. იმედი მქონდა,რომ ისინი ახლა მაინც ჩამკიდებდნენ  ხელს და ჩემთან ერთად ითამაშებდნენ.

    გათენდა. სირბილით გავიქეცი სკოლისაკენ. ოთახში, რომ შევედი და პალტო გავიხადე, მართლაც მოირბინეს კლასელებმა ჩემთან. რამდენჯერმე გარს შემომირბინეს და ჟრიამული ატეხეს. მე რომ მეგონა იმაზე მეტად გაუხარდათ ჩემს მეგობრებს. მე რომ მეგონა იმაზე კარგები ყოფილან თურმე. თათიამ სვიტერის საყელო გამისწორა და ასე უკეთესიაო მითხრა. მახსოვს, როგორი ბედნიერი ვიყავი. როგორ დავიჯერე,რომ ტანსაცმელს ყველაფრის შეცვლა შუეძლია. ამიტომ იმ დღეს ჩემი სევდიანი გული სამუდამოდ გაათბო დეიდამ. მისმა სიკეთემ  მთელ სამყაროს ღარიბ ბავშვებს მისცა იმედი და რწმენა, რომ ოცნებები და ნატვრა ღარიბ ადამიანებს ყველაზე ტკბილად უსრულდებათ ხოლმე. მახსოვს, როგორ სათუთად ვრეცხავდი და ვეფერებოდი ჩემს ტანსაცმელს. დიდი, რომ გავიზარდე ლამაზად შევფუთე და ჩემს ღარიბ ნათესავებს გავუგზავნე.

მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ჩემი სკოლის მეგობრები არც ერთი არ გამყვნენ ცხოვრების ბოლომდე. ისინი სადღაც შორს დარჩნენ. ახლა როდესაც ქალაქში ჩავდივარ, ხშირად ვყიდულობ სხვადასხვა ბრენდის სამოსს და რედაქციაში მიმაქვს ჩემი მოთხრობები. წელს ვიყიდე ცნობილი ბრენდის  შავი პალტო, ამავე ფირმის  ფეხსაცმელი. ჩავიცვი თეთრი პერანგი და  რედაქციაში წავედი.  მოწიწებით შემხვდა  გამომცემლობის მთავარი  რედაქტორი. ხელი ჩამომართვა. მითხრა,რომ საოცრად გამოვიყურებოდი და მისთვის  სასიამოვნო იყო ჩემთან თანამშრომლობის დაწყება. მომინდა მაშინათვე  მეთქვა მისთვის, რომ  მე უბრალო გლეხის გოგო ვარ, რომ სამოსი ეს არის უბრალოდ ადამიანის სხეულის შესამოსელი. ადამიანს კი  სულიერი სამყარო ალამაზებს. დაბადების შემდეგ ღმერთი ყველას გვჩუქნის ისეთი სამოსს,  რომელიც  ყველაზე მეტად მოგვიხდება. ზოგს მდიდრული სამოსი აცვია,ზოგს პირიქით – უბრალო და მოკრძალებული, მაგრამ მთავარი  არის ის, რომ ადამიანს საკუთარი ხელით შეუძლია შექმნას სხვებისთვის  ნამდვილი  ბედნიერება. სწორედ ისე, როგორც  დეიდამ წლების წინ ეს  ჩემთვის გააკეთა.

გაზიარება:

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Loading Facebook Comments ...

Leave a Reply

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

სხვა სიახლეები ამავე კატეგორიიდან: შთამაგონებელი ისტორიები

წერილები

სიყვარული და ურთიერთობები

მამაკაცის წერილი ქალის შესახებ

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

ანტუან დე სანტ ეგზიუპერის წერილი დედას

ავტორი: მარტი 26, 2017

სიყვარული და ურთიერთობები

წერილი მამას

ავტორი: მარტი 5, 2017

ცხოვრება

ფრანც კაფკა და პატარა გოგონა

ავტორი: სექტემბერი 27, 2016

ამონარიდები

ამონარიდები ვან გოგის წერილებიდან

ავტორი: სექტემბერი 11, 2016
ზემოთ