დევნილთა როლი კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენაში

0

“არ არსებობს გზა მშვიდობისკენ თავად მშვიდობაა გზა.” – მაჰათმა განდი

თემა, რომელზედაც ახლა უნდა ვწერო, ისტორიული თვალსაზრისით იმდენი ხსნისაა, რამდენისაც გახლავართ მე და ისეთივე სენსიტიური, როგორც ჩვენი ქვეყნის სხვა, გადაულახავი პრობლემები. ვგულისხმობ ქართულ-აფხაზურ და ქართულ-ოსურ კონფლიქტებს, ვინაიდან დევნილობა და კონფლიქტით გაყოფილი საზოგადოება უპირველესად ჩემში ამ ასოციაციას იწვევს.

გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ქვეყანაში განვითარებულმა დამანგრეველმა პროცესებმა ყველა მიმართულებით რომ იჩინა თავი, უარყოფითი ასახვა ტერტორიულ მთლიანობაზეც ჰპოვა.

აღნიშნული თემის მიზანი არ არის გავაანალიზო ის ღრმა ისტორიული კონტექსტი მთელი თავისი წინაპირობითურთ, რომელმაც ეს ორი ძირძველი ისტორიული მხარე მოსწყვიტა დედასამშობლოს. მიზანი არც ის გახლავთ სიღრმისეულად დაგანახოთ, თუ რა მტანჯველი იყო დევნილთათვის საკუთარი სახლ-კარის დაკარგვა, თუმცა დაკარგვით ხომ უფრო ფასეული რამ დაიკარგა ვიდრე ტერიტორიაა.

დაიკარგა ადამიანთა ურთიერთობა, დაიკარგა ნდობა, დაიკარგა ურთიერთგაგება, ძმობა, მეგობრობა, ურთიერთპატივისცემა, სიყვარული, მაგრამ ხაზს ვუსვამ დაიკარგა და არ გამქრალა, ამ ყოველივეს აღდგენის განცდები და ტკივილით სავსე ფიქრებია დღენიადაგ რომ მსჭვალავს ჩვენს ყოველდღიურ ყოფას. დევნილები კი არიან ადამიანები, რომლებიც განსაკუთრებულად განიცდიან ამ ხვედრის სავალალო შედეგებს, მათი ტკივილი გაცილებით მძაფრი და მძიმეა, ვიდრე დანარჩენი ქართველობისა.

წლები გადის, იცვლება სამყარო, მასთან ერთად იცვლება ადამიანთა შორის დამოკიდებულებები, ბევრი რამ გადაფასდა, ახლებურად წარმოჩინდა, შეიცვალა გეოპოლიტიკური ვითარება, მაგრამ ეს ყველაფერი ფუნდამენტალური თვალსაზრისით არ შეხებია კონკრეტულად ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ტრანსფორმაციას.

ცვლილებები რომ ამ მიმართულებით სასიკეთო და შედეგის მომტანი იყოს, პირველ რიგში მთავარი მხარეებიდან წამოსული ნების არსებობა და მისდამი მზაობაა, ამის საფუძველზე კი გარკვეული იდეების შემუშავება, მისი პროექტირება და პრაქტიკაში გატარებაა საჭირო. ნდობის აღდგენის განმაპირობებელი მრავალი ფაქტორიდან დევნილთა ჩართულობა არსებითად ერთ-ერთი მნიშნველოვანი საკითხია, რომლისთვისაც გარკვეული წინაპირობების ქონაა აუცილებელი, მაგალითად: დაძაბულობის ცენტრის გადატანა, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობა, კომუნიკაციის აღდგენა, ეკონომიკური თანამშრომლობა, კულტურულ-სოციალური სფეროს გაღრმავება, განათლების პოლიტიკა და ასევე ჯანდაცვის კუთხით თანამშრომლობა. ყოველივე ზემოაღნიშნული მექანიზმების ერთობლივად ამუშავება, ვფიქრობ ხელს შეუწყობს ინტეგრაციის პროცესს მხარეებს შორის და გამოკვეთს ახალი გეგმების აღნიშნული პრობლემების მოგვარების თვალსაზრისითაც.

ქართულმა მხარემ უნდა დაინახოს და ადეკვატურად შეაფასოს აფხაზური და ოსური საზოგადოებების პოზიტიური სიგნალები, აღიაროს მათი პროგრესულობა, ვინაიდან ისინი თავად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, ამ მიმართულებით ამავე პოზიციას აჟღერებს როინ აგრბა აფხაზი ჟურნალისტი. დე-ფაქტო მხარეებს უნდა ჰქონდეთ განცდა იმისა, რომ ქართული პოლიტიკა და მისი ინტერესები არარევანშისტულია, ჩვენ მათთან ერთად უნდა მოვახდინოთ მწარე ისტორიული გამოცდილების ანალიზი.

მიუხედავად მხარეების პოლიტიკური შეუთანხმებლობისა აღსანიშნავია საზოგადოებებს შორის ჯერ კიდევ არსებული ურთიერთობის გაღრმავების სურვილი და სწორედ დევნილები არიან ის ადამიანები, რომელთაც მრავალი ახლობელი ნათესავი დატოვეს საზღვრის იქით საქართველოში, ამიტომ მათი ჩართულობა გარკვეულ აქტივობებში ხელშემწყობი იქნება მხარეთა პოლიტიკური კონსესუსის მიღწევის სფეროშიც, ხოლო რაც შეეხება კონკრეტულ პროგრამებს, თუ რა სახის აქტივობები უნდა იქნას განხორციელებული დევნილთა მიერ ინტეგრაციული პროცესების დაძვრის თვალსაზრისით, ვფიქრობ უპრიანი იქნება თუ სახელმწიფოს ფინანსური და სხვა მატერიალური ხელშემწყობი პროგრამების მეშვეობით შეიქმნება ფოკუს ჯგუფები სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით, საშუალება მომეცა შევხვედროდი სახელმწიფო მინისტრს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, მინისტრმა საუბრისას ხაზი გაუსვა დენვილთა მნიშვნელოვან როლს აღნიშნული კონფლიქტების მოგვარების პროცესში.

მისი განმარტებით `დევნილებს ნათლად აქვთ გაცნობიერებული თუ რა არის აფხაზეთი და ოსეთი. შეხვედრისას მინისტრმა მწუხარება გამოთქვა იმის შესახებ, რომ გარკვეულ მიზეზთა გამო, ვერ ხერხდება ამ ადამიანების ჩართულობა და მათი როლის ეფექტურობის გაზრდა, რაც მრავალი ფაქტორითაა გამოწვეული, ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ითვლება განათლების პრობლემა და სამოქალაქო აქტივობების დაბალი დონე.

ჩემი აზრით კი ყველაზე ეფექტიანი და შედეგის მომცემი იქნება უპირველესად მხარეთა პოლიტიკური თანამშრომლობის საფუძველზე მიღწეული იქნას შეთანხმება დევნილთა დაბრუნების შესახებ, ამას ორმხრივი თანამშრომლობის გარდა სჭირდება ე.წ. მესამე მხარის ჩართულობა, ამ შემთხვევაში საერთაშორისო დასავლური ორგანიზაციების სახით. მათი ერთგვარი მედიატორობით და დიდი გამოცდილებით მსგავსი ტიპის კონფლიქტების მოგვარების კუთხით, იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეტაპობრივად მივიღებთ სასურველ შედეგს, თანაც იმგვარად, რომ მეორე მხარეც კმაყოფილი დარჩეს.

2008 წლის აგვისტოში განვითარებულმა მოვლენებმა სამწუხაროდ უკან დასწია შერიგებისა და ნდობის აღდგენისათვის გადადებული ნაბიჯები, შედეგად ჩვენ მივიღეთ კიდევ უფრო მეტი დევნილი, ქართული ტერიტორიის ნაწილის ოკუპაცია დაერთო თან.

ერთი რამ კი ცხადზე უცხადესია, რაც არ უნდა ეცადოს მავანი, ის თბილი და მეგობრული ურთიერთობები, რომელიც ჩვენს, აფხაზ და ოს ძმებთამ ისტორიულად გვაკავშირებს, ვერანაირი მავთულხლართით და ხელოვნურად შექმნილი ბარიკადით დაბრკოლდება, ამის წინააღმდეგ მებრძოლ ჩვენს ერს, რომელთა კავალერიას დევნილები წარმოადგენენ. გამარჯვების, დაბრუნების და ჩატეხილი ხიდის აღდგენის იმედით გვასაზრდოებს.

როცა ნდობაზე ვსაუბრობთ აუცილებელია არ აგვერიოს ერთი ნიშანდობლივი გარემოება, კერძოდ – პიროვნების ნდობა სხვაა, ხოლო პოლიტიკური სხვა. შესაბამისად აქცენტი უნდა გაკეთდეს კონკრეტულ პიროვნებებზე, ამ შემთხვევაში საუბარია იძულებით გადაადგილებულ პირებზე, რომელთაც გარკვეული ავტორიტეტი და შესაბამისად საჭირო დოზით ნდობა აქვთ გამოცხადებული, როგორც სოხუმის, ასევე ცხინვალის მხრიდან.

ზოგადად ტექსტში არ ვიყენებ აფხაზების და ოსების ისეთი ნაცვალსახელებით მოხსენიებას, როგორიცაა ოპონენტი ან დაპირისპირებული მხარე, ვფიქრობ ასეთი ტერმინებისგან მაქსიმალურად უნდა შევიკავოთ თავი, ვინაიდან რიტორიკა უნდა იყოს მაქსიმალურად რბილი.

კონფლიქტის სახალხო დიპლომატიის გზით გადაწყვეტა ორიენტირებულია ცალკეულ ინდივიდებზე და არა ინსტიტუციებზე.

მიუხედავად მხარეთა მხრიდან გარკვეული პოზიტიური სიგნალების, რაც გულისხმობს პირდაპირ დიალოგს, რომელიც იმართება ჟენევაში და ასევე ევროპის სხვა დიდ ქალაქებში, არ უნდა შევიქმნათ ილუზია იმის შესახებ, რომ კონფლიქტი სწრაფად და სასურველი შედეგით მოგვარდება, გულუბრყვილობის გამოვლენა მარტივად რომ ვთქვათ ეს იქნება.

და ბოლოს მე, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, რომელიც გულისყურით ადევნებს თვალს ზემოაღნიშნული პროცესების მიმდინარეობას, იმედს გამოვთქვამ, რომ მალე მოვა დრო, როდესაც ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ვიცხოვრებთ იმ სივრცეში რომელსაც: ერთიანი, ძლიერი დამოუკიდებელი საქართველო ერქმევა.

გიორგი გოგუა

2015 წ.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply