დედას

0
დილის 8 საათი თუ იქნებოდა, დედას სამსახურში ეჩქარებოდა… წუხელ მობილური ჩემს ოთახში დარჩა და ახლა მის წასაღებად ფეხაკრეფით შემოიპარა, ნახევრადგახელილი თვალებით, დედა რომ დავლანდე, ღიმილმა თავისით გამიპო ტუჩები. ლოგინი, თბილი საბანი, დედა და ცხოვრება ერთნაირად მესიამოვნა…
– დე – დედა (როგორც (თითქმის) ყოველთვის) გაბრწყინებული სახით მოტრიალდა ჩემსკენ. მართალია ფეხაკრეფით შემოიპარა, მაგრამ კარგად იცოდა ფურცლის შრიალსაც კი შეეძლო ჩემი გაღვიძება.
– მოდი ჩემთან – ბაგეღიმილგაპობილმა ვუთხარი და ნახევრადგხელილი თვალებით, მოსაფერებლად გამზადებული ფისოს გამომეტყველება მივიღე.
დედა მოვიდა, ღმერთო, რა სასიამოვნო იყო მისი გრილი ლოყები ჩემს, ძილისაგან აფუებულ, სახეზე. სურნელი, ხელები, მკლავები, მთელი ბავშვობა და მთელი ჩემი დარჩენილი ცხოვრება ყველანაირი ტკივილის წამლად რომ მქონდა და მექნება…
რამდენიმე წუთი დავყავით ასე, ერთმანეთში… მერე დედა ოთახიდან გავიდა, მე კი, პირზე ღიმილშერჩენილს ისევ ჩამეძინა.
გავიღვიძე თუ არა, ისევ დედას ღიმილი დამიდგა თვალწინ – ჩემი თავშესაფარი… ღმერთო, როგორ მიყვარს… თვალები დახუჭული მქონდა, გულიდან კი იღვრებოდა და იღვრებოდა რაღაც, ბლანტი – თაფლივით და ასე მეგონდა ჩემგან გადმოსული მთელ სამყაროს დაატკბობდა. ღმერთო, როგორ მიყვარს… როგორ? როგორ! განა მოვძებნიდი, განა ვიპოვიდი, შესაფერის სიტყვას? მერე გამახსენდა, რომ სიყვარულს არანაირი ზედსართავი სახელი და არანაირი განსაზღვრება არ სჭირდება, ეს სიტყვები მეცხრე კლასში, ჩემი ქართულის მასწავლებელმა მითხრა და იმის მერე არც წამიკითხავს და არც გამიგია – ჭეშმარიტება ამაზე დიდი და ამაზე აღმატებული. გამახსენდა,რომ სიტყვა „სიყვარული“ გალაქტიკებს იტევს, რომ სიტყვა „სიყვარული“ სამყაროს წალეკავს, რომ ამ სიტყვით მაქვს სავსე ალვეოლები და რომ ეს ერთადერთი სიტყვაა, ადამიანთა მოდგმის ერთადერთი პატრონი, რომელმაც სამყარო შექმნა და რომელიც თავის თავში იტევს ყველაფერს.
იღვრებოდა და იღვრებოდა გულიდან თაფლი და ასე მეგონა ჯერ ქვევით ჩავიდა მეზობელთან, მერე გვერდითა მეზობელს მიუკაკუნა კარზე, შემდეგ კი ზევით ავიდა ნანა დეიდასთან… ასე მეგონა სამყაროს უყვარდა იმ წუთას დედაჩემიცა და დედამისიც…
იღვრებოდა და იღვრებოდა თაფლი…
ფისოსავით ნებიერად გავშალე ფეხი საწოლში და პირდაპირ, კედელზე ჩამოკიდულ საათის ხმას ავაყოლე ფიქრი, მხოლოდ ახლა შევიგრძენი მთელი არსებით თუ რატომ უნდა ვახსენო წუთში სამოცჯერ ღმერთი…
გამომგზავნი/ავტორი: მარიამ მელიქიშვილი

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply