“დარაბებს მიღმა გაზაფხულია”

0

დილით თვალი რომ გავახილე, ნისლიანი ღრუბლები დაცურავდნენ ცაზე. გავიფიქრე, რომ ასეთ ამინდში კარგი იქნებოდა, თუ ძილს გავაგრძელებდი და ლამაზ სიზმარს ვნახავდი, მაგრამ ამასთანავე ძალიან მომინდა ჯაკობსის  ცხელი ყავა. წამოვდექი. მოულოდნელად კი  ეზოდან შემომესმა საოცარი ხმა. არ დამიჯერებთ და გული აფორიაქდა. ძარღვებში საოცარი სითბო ვიგრძენი. ეზოში,   ხეზე შემოსკუპებულიყო ზამთრის  პაწაწინა ჩიტი და ჭიკჭიკებდა. სიხარულით   მივირბინე ფანჯარასთან. თვალები დავხუჭე და რამდენიმე წუთი ვისმენდი ძალიან  ლამაზ, მაგრამ უკვე  დავიწყებულ ნოტებს.  მალე ხეებში ჩადგება წყალი და რამდენიმე კვირაში მოვა გაზაფხული.  შეიმოსება სამყარო სიცოცხლის ფერებით. გამობრწყინდება  ცაზე მზე, მწვანედ შეიფოთლება ბუნება და სიცოცხლის ხალისი დაუბრუნდება ირგვლივ ყველაფერს. მთელ ქვეყანას მოედება ვარდისფერი ყოჩივარდები და ლურჯთვალა იების სურნელში ჩაიძირება ყველაფერი.  ქალაქში  მოიმატებს  დღე და ნაზამთრალ სულს გაათბობს გაზაფხული.

     ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ  ისინი მხოლოდ გაზაფხულზე იწყებენ ნამდვილ ცხოვრებას,   მხოლოდ მზიან ამინდში არიან ბედნიერები. მაგრამ  მე ვფიქრობ, რომ  გაზაფხული ყოველთვის გულით უნდა ვატაროთ. უნდა გვჯეროდეს, როცა მოგვწყინდება  ზამთრის ნაცრისფერი  დღეები, აუცილებლად გამოიდარებს. იმედიანად უნდა ვიყოთ, უნდა გვახსოვდეს, რომ დარაბებს მიღმა ყოველთვის გაზაფხულია. მე მგონია, არ შეიძლება გაზაფხული, მხოლოდ მერცხლებმა მოიყვანონ. ადამიანებმა უნდა  ვაჩუქოთ ერთმანეთს გაზაფხული. ალბათ ყველას გვყავს ისეთი ახლობელი,რომლის სტუმრობაც ჩვენს სახლში  გაზაფხულის მოსვლას გავს. ამიტომ ყველამ ასეთი  ადამიანის მსგავსად ჯიბით უნდა ვატაროთ გაზაფხული და სადაც მივალთ იქ მივიტანოთ სითბო და სიყვარული. ყველამ  ჯიბით უნდა ვატაროთ იების კონა და გავაბედნიეროთ ერთმანეთი. არ არის ეს  გადაჭარბებული რომანტიკა, ასე ხომ  ძალიან კარგი იქნება. შეგხვდება ნაცნობი, ამოაძვრენ გულიდან ყვავილების ულამაზეს თაიგულს და გაახარებ გარშემო სხვებს. სწორედ ისე, როგორც ამას უფალი აკეთებს  ყოველ წელს ჩვენთვის. ყოველ წელს ხომ  გარშემო, ისე  საოცრად მოდის გაზაფხული, თითქოს ეს პირველად ხდება. თითქოს პირველად ყვავიან ყვავილები მინდორში, თითქოს პირველად ეშვება მდინარე მთიდან. ხარობს ადამიანის გული და სწორედ ამაშია საოცრება. ღმერთი ყოველ წელს თავიდან ხატავს მთებს და ტყეებს, ყვავილებს და ჩიტებს, რადგან ცდილობს, სილამაზე არ მოაკლოს ადამიანებს.

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

მიყვარს წერა. ვოცნებობ გავხდე მწერალი.

Leave A Reply