დაბადების დღის საჩუქარი

0
ბიჭი ძალიან მდიდარი ოჯახის შვილი იყო, თუმცა ერთი ჯერ კიდევ აუსრულებელი ოცნება ჰქონდა:
ერთ–ერთ ავტომობილების მაღაზიაში მისი ოცნების ავტომობილი იყიდებოდა და ბიჭს მისი შეძენის ძლიერი სურვილი წვავდა.
ერთადერთი რაც ჩვენი ისტორიის გმირს ამხნევებდა იყო ის, რომ მისმა მდიდარმა მამამ იცოდა ამ ოცნების შესახებ და იმედი ჰქონდა, რომ დაბადების დღეზე მამა მას ამ საჩუქარს გაუკეთებდა.
ეს დღეც მოვიდა. ქალაქგარეთ გადახდილი არაჩვეულებრივი დაბადების დღიდან დაბრუნებულ ბიჭს მამა სახლის კართან  შეეგება, გულში ჩაიკრა და სიყვარულისა და სიამაყის ცრემლებით სავსე თვალებით მიულოცა დაბადების დღე, შემდეგ კი საჩუქრის ყუთი გადასცა.
მოსალოდნელი სიურპრიზით აღფრთოვანებულმა ბიჭმა სწრაფად გახსნა იგი, თუმცა ძალიან იმედგაცრუებული დარჩა. ყუთში მისი საოცნებო მანქანის გასაღების ნაცვლად ბიბლია იდო.
იმედგაცრუებულმა ცივად დადო წიგნი მაგიდაზე და მამას უთხრა:
– ამდენი ფული გაქვს და დაბადების დღეზე მხოლოდ ბიბლიას მჩუქნი? უბრალოდ სასაცილოა  – ამ სიტყვების შემდეგ კი სახლის კარები გამოიხურა და უკან აღარასდროს დაბრუნებულა ..
მას შემდეგ უამრავი წელი გავიდა. ჩვენი ახალგაზრდა გმირი უკვე წარმატებული ბიზნესმენი იყო, ჰყავდა საყვარელი ოჯახი და არაფერი აკლდა ბედნიერებისათვის, თუმცა ბედნიერი მაინც არასოდეს ყოფილა. მუდამ გული სწყდებოდა თავის წარსულზე,  ნანობდა, რომ მიატოვა საყვარელი მშობლები და მშობლიური სახლი, თუმცა სიამაყე არ აძლევდა ნებას დაბრუნებულიყო მათთან და პატიება ეთხოვა.
ერთ დღესაც მან უკან დაბრუნება გადაწვიტა, თუმცა როდესაც უკვე მზად იყო წასასვლელად შეატყობინეს, რომ მამამისი გარდაიცვალა. ანდერძის მიხედვით კი იგი მისი ერთადერთი მემკვიდრე იყო და შესაბამისად მისი უზარმაზარი ქონების სრული  ბატონ–პატრონი.
ბიჭს რეაქცია არ ჰქონდა. ფული უკვე აღარ აინტერესებდა, ერთადერთი, რაც სურდა იყო ის, რომ სახლში დაბრუნებულიყო და საყვარელი მამის ცხედარი დაეტირებინა.
მშობლიურ სახლში შესული ბიჭი სევდიანმა მოგონებებმა შეიპყრო. დაიწყო ახალგაზრდობის ნივთების თვალიერება და თან მწარედ ეღიმებოდა.
მოულოდნელად იგი მამის მიერ ნაჩუქარ ბიბლიას წააწყდა. ხელის კანკალით გახსნა,  გადაშალა და მოულოდნელად წიგნის უკანა ყდაზე მიკრულ ავტომობილის გასაღებს და პატარა ფურცელს წააწყდა.
აღელვებულმა ბიჭმა, ფურცელი ამოატრიალა და კითხვა დაიწყო.
ფურცელზე იმ მაღაზიის სახელი ეწერა, სადაც ოდესღაც მისი საოცნებო ავტომობილი იყიდებოდა. ასევე გარკვევით ეწერა ავტომობილის დახასიათება, მისი მონაცემები და მომავალი მფლობელის ვინაობა. დოკუმენტს თან პატარა ჩეკი ახლდა სადაც ეწერა : სრულად გადახდილია…
აბა დავფიქრდეთ, რამდენჯერ დაგვიხუჭავს ღმერთის მიერ გაკეთებულ საჩუქარზე თვალი, მხოლოდ იმის გამო, რომ მას ისეთი ,,შეფუთვა” არ ჰქონდა, როგორსაც ჩვენ ველოდით?

კომენტარები

შეთავაზებები

    0 results

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Leave A Reply