გულშემატკივრის წერილი ალექსანდრეს

0

მე შენი სავარძელი ვარ. შენი ცხენი ვარ, შენი მანქანა – ხან წითელი, ხან ყვითელი, ხანაც ლურჯი ფერის. შენი ღრძილების მასაჟორი ვარ. მე შენი საუკეთესო მეგობარი ვარ, შენთან ერთად რომ უყურებს ChuchuTV-ის. ძალდატანებით კი არა – მართლა მოსწონს. ოღონდ არა სულელურად მოცეკვავე იხვები, არამედ შენი სახე მათი დანახვისას. მე შენით აღფრთოვანებული ადამიანი ვარ, ის ვარ, ვისაც უნდა, რომ ძალიან გგავდეს. ერთ საიდუმლოს გაგიმხელ – ერთ დროს სათვალებით გატაცებული, ვეღარ ვიტან მათ. არავის და არაფერს მივცემ უფლებას, ჩვენ შორის ჩადგეს.მე ხომ ზუსტად შენნაირი თვალ-წარბ-წამწამები მაქვს. მინდა, ეს მსგავსება ყველამ დაინახოს.

ის ვარ, ვინც გულმოდგინედ გაკვირდება, შენს ყველა ქცევას იმახსოვრებს, შემდეგ კი ნადვილ დაკითხვას უწყობს მშობლებს, რომ კიდევ ბევრი მსგავსება აღმოაჩინოს შენთან.

სანამ დაიბადებოდი, ვფიქრობდი, როგორ უნდა გამეზარდე. წიგნებს ვკითხულობდი, გადაცემებს ვუყურებდი.  შემდეგ, ჩემი გონება ერთმა ფრაზამ დაიპყრო – „როგორც არ უნდა გაზარდო შვილი, ის მაინც მშობლებს დაემგვანება. ამიტომ, სჯობს თქვენი თავი აღზარდოთ“. გამალებით შევუდექი საკუთარი თავის შეცვლა-გამოსწრებას და შენც დაიბადე. დაიბადე და ამოცანა სრულიად შეიცვალა. მივხდი, რომ არ აქვს მნიშნელობა, როგორი იქნები მომავალში, რადგან შენ ახლავე ხარ ისეთი კარგი, როგორიც მინდა, რომ მე ვიყო. ვეჭვობ, მაგ საქმეში კონკურენტიც მყავს. როდესაც ამ წერილს წაიკითხავ, ალბათ,დაინტერესდები, რა დაემართა ამ კაცსო?! ამის ახსნა შეუძლებელია. როგორ უნდა აღწერო ის, რაც შენზე დიდია, შენ ზემოთ დგას და გონების თვალი ვერ წვდება. მაგრამ მინდა დაგაიმედო, შენ აუცილებლად მიხვდები, რა განცდაა ეს, როგორც კი გეყოლება გვერდით პატარა ადამიანი – ის, ვისთვისაც მზად ხარ, ყველაფრად გარდაისახო.

გაზიარება:

"ოთხი მოტივი ჯგუფის" აღმასრულებელი დირექტორი.

Loading Facebook Comments ...

Leave A Reply