გულისამაჩუყებელი იგავი ადამიანზე, რომელსაც სულელს ეძახდნენ…

0

პატარა ქერა ბიჭუნა ხტუნვა-ხტუნვით მიჰყვებოდა ახალგაზრდა ქალს და ცდილობდა, მისთვის ხელი ჩაეკიდა. ის კი ხელს იქით სწევდა და თავისთვის ბუტბუტებდა:

– რატომ გაჩნდი ჩემს ცხოვრებაში? დაიბადე, რომ ცხოვრებაში ხელი შემიშალო.

– დედა, როდესაც დავბრუნდებით, წამიკითხავ ზღაპარს კალიაზე?

– საწყალი ბიჭი, – განიცდიდნენ ირგვლივმყოფები, – სულელია, არ იცის, რომ დედას ბავშვთა სახლში მიჰყავს.

როდესაც ბიჭი წამოიზარდა და დამოუკიდებლად შეეძლო დედის მონახულება, ის ცდილობდა, რაც შეიძლება დიდი დრო გაეტარებინა მასთან. ხშირად, სახლში მისული, დედას უგონოდ მთვრალს ნახულობდა და სასწრაფო დახმარებას იძახებდა და ვიდრე სასწრაფო მოვიდოდა, თვალცრემლიანი ნაზად ეფერებოდა დედის ხელს და ჭუჭყიან ლოყაზე კოცნიდა:

– ასე ნუ განიცდი ბიჭუნა? მოითმინე, ყველაფერი კარგად იქნება. – ამშვიდებდნენ ექიმები.

– არანორმალური ბავშვი არის, უბრალოდ სულელია. სიამაყის გრძნობა და საკუთარი თავის პატივისცემა არა აქვს. ამ ლოთმა მისთვის სიყვარული ვერ გაიმეტა, ეს კი აქეთ-იქით დარბის, რომ გადაარჩინოს, – გაკვირვებას ვერ მალავდნენ მეზობლები.

სასკოლო წლებმა სწრაფად გაირბინეს, მას სტუდენტური დროც მიჰყვა. ახალგაზრდა კაცმა წითელ დიპლომზე დაამთავრა უნივერსიტეტი და მას პერსპექტიულ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. მაგრამ, ყველას გასაკვირად, მუშაობა სკოლაში დაიწყო.

– წითელი დიპლომი კი აიღო, მაგრამ ჭკვა არ მომატებია. სულელი, საკუთარი კარიერა დაღუპა, სხვისი უსაქმურების აღსაზრდელად წავიდა, – აღშფოთდნენ ნაცნობები.

დედა გარდაეცვალა და მზრუნველმა შვილმა მის საფლავზე დაიწყო სიარული. მაგრამ, ახლა უკვე მეუღლესთან ერთად. ცოლად მეზობელი გოგონა მოიყვანა, გვერძე სადარბაზოდან.

– სულელი, – ვერ მშვიდდებოდნენ მეზობელი ქალები, – პირდაპირ მზეჭაბუკია. რამდენ ლამაზ გოგოს უნდოდა მასზე გათხოვება. მან კი ეს შეუხედავი ითხოვა და თანაც კოჭლი.

ისინი ვერ ხვდებოდნენ, რომ მთავარი თვალით უხილავი იყო. ახალგაზრდები კი ძალიან ბედნიერად ცხოვრობდნენ. მაგრამ, ის კი იყო, რომ შვილები არ ჰყავდათ. გავიდა დრო და მეზობლებმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარი პარკში ნახეს პატარა გოგონასთან და ბიჭთან ერთად. ვიღაცის მიერ მიტოვებული ბავშვები, ამ წყვილისთვის მშობლიურები გახდნენ.

– სულელი, – დაასკვნეს მეზობლებმა, – მას შვილის გაჩენა არ შეუძლია, ეს კი მის გარდა ვერავის ხედავს. ეხლა გაზარდოს სხვისი შვილები.
მაგრამ, ეს არ ანაღვლებდა მეგობრულ ოჯახს. წლები გადიოდა. ბავშვები გაიზარდნენ, კარგი განათლება მიიღეს, საკუთარი ოჯახები შექმნეს, და არ იყო დღე, რომ რომელიმე შვილი, მშობლების სანახავად არ მისულიყო.

image

ერთხელ, ზამთარში, ოჯახის უფროსი სანაპიროზე სეირნობდა. ის ხალხის ბრბოს მიუახლოვდა, რომელიც მდინარეში ჩამოტეხილ ყინულზე მყოფ ძაღლს უყურებდა. ცხოველი კანკალებდა და თან საცოდავად წკმუტუნებდა. ისეთი თვალებით იყურებოდა, აშკარად, შველას ითხოვდა. მაგრამ, ცნობისმოყვარეობის გარდა, ვერანაირი გრძნობა ვერ გააღვიძა, საწყალმა ცხოველმა, შეკრებილი საზოგადოების გონებაში და გულებში. და მხოლოდ მოხუცი მამაკაცი, ისე რომ არც დაფიქრებულა, გადაეშვა ცივ, ყინულოვან წყალში…

მეზობლებს ისევ მიეცათ ჭორაობის მიზეზი:

– სულელი! სულ ცოტა ხნის წინ, ინფარქტი გადაიტანა და ეს რა გააკეთა? ტვინი არც ადრე ჰქონდა და არც სიბერეში მოემატა.

– სულელად დაიბადა და სულელად მოკვდა.

ის კი საკუთარ რიგს ელოდებოდა სამოთხის კართან.

– რა გქვია?– ჰკითხა მას კართან მდგომმა ანგელოზმა.

– სიმართლე რომ გითხრა, დამავიწყდა რა მქვია, – უპასუხა მან, – მაგრამ, ყველა სულელს მეძახდა.

– შემოდი, შენ სიცოცხლის წიგნში ხარ ჩაწერილი. ამიერიდან შენი სახელი – სიყვარული იქნება.

ლალი ადიკაშვილი

გაზიარება:

დააფიქსირეთ თქვენი აზრი:

Loading Facebook Comments ...

კომენტარის დატოვება


სამოტივაციო,საგანმანათლებლო და ანალიტიკური ინტერნეტ ჟურნალი