გოდერძი ჩოხელი: უმძრახის წყალი

2
– წინავ, შვილო, დიდ ხუთშაბათ დღეს, უმძრახის წყალი უნდა მოგვეტანა. ოჯახის რომელიმე წევრი დილით ადგებოდა, სახლში არავის ხმას არ გასცემდა, წყაროზე წავიდოდა და მანამ იქიდან სახლში წყალს არ მოიტანდა, არც გზაზე და არც წყაროზე, არავის დაელაპარაკებოდა. აეგე უმძრახად უქცევდნენ ერთმანეთს გვერდს სოფლიდან წყაროსკენ და წყაროდან სოფლისკენ მიმავალი ხალხი ერთურთს. მაშინ ჯეელი ვიყავ და ე ჩემი ბებერი მყანდა გულში ჩავარდნილი – ცეცხლისპირას ჩამომჯდარ ბებიაზე მანიშნა პაპამ და ულვაშებში ჩაიღიმინა.
– რაებს ასწავლი ე ბალღებს შენა, ჰა?! – შემოუტია ბებიაჩემმა პაპას.
– აეგრეა, ამის ხელში მთელი ცხოვრება უმძრახად ჩამოვაღამე, არაფერზე არ მალაპარაკებს. – შემომჩივლა პაპამ.
–ერთი იმ დიდ ხუთშაბათს არ ლაპარაკობდი და მეორე ეხლა, შენმა მზემ! – თავი იმართლა ბებიამ.
– ჰო, იმას გიყვებოდი, ავდექ იმ დილას და უმძრახი წავედი წყაროზე. ე ჩვენი ბებერი მეორე სოფელში ცხოვრობდა და ჩვენ და ამათ ერთი წყარო გვქონდა. შავიყარენით წყაროზე, ვუყურებთ ერთურთსა, არც ეს იღებს ხმას, არც მე, უმძრახები ვართ. რა ვიცი, ეტყობა ორივეს გვეშინია ჯალაფთი, რო გაგვიგონ, რო დავილაპარაკეთ და ისე მივიტანეთ წყალი სახლში, ერთ ამბავს გვიწევენ. თანაც ორივეს გვჯერა, რომ ამ წელიწადს უბედურება დაგვატყდება, უმძრახის წყალი რომ არ მივიტანოთ სახლში. გულს ბაგა–ბუგი გააქვს, ენას კი კბილს ვაჭერ, რომ უნებლიე სიტყვა არ ამოაფრინოსრა ჩემი პირიდან. ავავსეთ თუნგები. ვდგევართ და შევყურებთ ერთმანეთს. ჯერ ეს გაბრუნდა თავისი სოფლისაკენ და ცოტა ხნის მერე მე წამოვედი ჩვენი სოფლისაკენ. ცოტა გზა რომ გამოვიარე, გულმა აღარ მომითმინა, მივიხედ–მოვიხედე და რო დავრწმუნდი ახლომახლო არავინ იყო გავძახე:
– სალომე!
გავძახე და ე ჩემი ბებერიც შადგა. ხმა კი არ გამცა ისე შადგა.
– საღამოს სად შევხვდეთ, სალომე? – გავძახე.
– კაკალთან! – მომაძახა და ისე გაიქცა სოფლისაკენ, თითქოს ჩემი შეეშინდა, ემანდ ხმა არ ამომაღებინოსო.
– თორე, შენმა მზემ, არ ამომაღებინე! – წამოაყვედრა ბებიამ.
– რავი, მაშინ კი ისე გარბოდი რო! – ჩაიცინა პაპამ.
– მერე არ შეგეშინდა? – ვკითხე პაპას.
– რისა?
– სახლში უმძრახის წყალი არ მოიტანე, ამიტომ ხო შეიძლება უბედურებას გადაჰყროდი.
– აკი გადავეყარე! – თქვა პაპამ და სიცილით გადახედა ბებიას.
– ი! – აღმოხდა ბებიას და სამხრობამდე აღარც დალაპარაკებია პაპას.
გოდერძი ჩოხელი
გაზიარება:

სამოტივაციო ინტერნეტ ჟურნალი

Loading Facebook Comments ...